რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადრა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა?

– ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც შეიცავს ობსესიებს და კომპულსიებს.
– ობსესიები არის არასასურველი აზრები და ფიქრები, რომლებიც უსიამოვნო და შემაშფოთებელია, იწვევს წუხილს, დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობას.
– კომპულსიები ან რიტუალები არის განმეორებითი ქცევები, რომელსაც ბავშვი ასრულებს იმისათვის, რომ შეამციროს შემაშფოთებელი ფიქრები და წინათგრძნობები, თავიდან აიცილოს “მოსალოდნელი” ცუდი მოვლენები.
– იმისთვის რომ დაისვას ოკა-ს დიაგნოზი, ეს ქცევები უნდა იყოს იმდენად ხშირი, რომ ხელს უშლიდეს ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რა სახის კომპულსიები აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს?
ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ბევრი სხვადასხვა რიტუალი, მაგალითად:
– ხელების ხშირი დაბანა და/ან გასუფთავება;
– ხშირი მობოდიშება;
– „იღბლიანი“ სიტყვების და რიცხვების აკვიატება;
– გადაჭარბებულად ხშირი შემოწმება, შეხება, დათვლა, ლოცვა, მოწესრიგება;
– რაიმე მოქმედების გამეორება მანამდე, სანამ არ შეასრულებს ზედმიწევნით იდეალურად;
– დასრულებული საქმის რამდენჯერმე თავიდან დაწყება, მაგალითად, შეიძლება წაშალოს უკვე დასრულებული ნაშრომი და დაწეროს თავიდან;
– შეიძლება დასვას ერთიდაიგივე კითხვები მრავალჯერ.
რა სახის ობსესიები აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს?
ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ:
– მიკრობებით დაბინძურების, ავად გახდომის ან სიკვდილის შიში;
– ცუდი წინათგრძნობა;
– რაიმის არასწორად გაკეთების შიში;
– განცდა, რომ ყველაფერი იდეალურად ზუსტად უნდა გაკეთდეს;
– აკვიატებული აზრები სხვებისთვის ზიანის მიყენების შესახებ;
– არაადეკვატური წარმოდგენები სქესთან დაკავშირებით.
რითი განსხვავდება ოკა ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის დამახასიათებელი რუტინისგან?
– ნორმალური განვითარების ბევრი ბავშვი იცავს გარკვეული წესებს, აქვს რუტინული ქცევა კვების, ძილის ან დამშვიდობების დროს. ასეთი რიტუალები მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. ოკა-ის მქონე ბავშვს კი უგრძელდება მოგვიანებით ასაკშიც და პრობლემებს უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორია ოკა-ს გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში?
– დაახლოებით 200 ბავშვიდან ერთს აქვს ოკა-სთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.
– ოკას-ს ადრეული ნიშნები საკმაოდ ხშირია, ის აქვს ბავშვთა და მოზარდთა დაახლოებით 1%-3%-ს.
რით გამოირჩევა ბავშვთა ასაკის ოკა მოზრდილების ოკა-სგან?
– ბავშვების ზოგიერთი ობსესია და კომპულსია მოზრდილებისთვისაც დამახასითებელია და ოკა-ს მქონე მოზრდილების ერთ მესამედს გამოუვლინდება სიმპტომები ბავშვობაშივე.
– მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვები შეიძლება ყოველთვის ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათი წუხილი აზრს მოკლებულია ან რომ კომპულსიები გადაჭარბებულია, მაშინ როდესაც მოზრდილებს ახასიათებთ საკუთარი აზრებისა და განმეორებადი ქცევების მიმართ კრიტიკა და ასეთ ქცევებს თვითონვე შემაწუხებლად აღიქვამენ.
– ბავშვები ხშირად ოჯახის წევრებსაც რთავენ საკუთარ რიტუალებში. მაგალითად, დაჟინებით მოითხოვენ, რომ ოჯახის წევრებმა გარკვეული წესით დაიბანონ ხელები ან რომ მშობლებმა მრავალჯერ შეუმოწმონ საშინაო დავალება.
რა გავლენას ახდენს ოკა ბავშვსა და მოზარდზე?
– ოკა სტრესულს ხდის ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას. რიტუალებს ჩვეულებრივ დიდი დრო სჭირდება და ბავშვმა შეიძლება დაიგვიანოს სკოლაში და სხვადასხვა აქტივობაზე, რასაც მოყვება დაძაბულობა ან კამათი ოჯახში.
– ბავშვებს არ შეუძლიათ მიიღონ სიამოვნება მეგობრებთან გართობით ან მხიარულებით, რადგან ოკა ართმევს მათ მთელ თავისუფალ დროს.
– ისეთი ობსესიები და რიტუალები, როგორიცაა გადამოწმება, წაშლა და თავიდან გაკეთება, გავლენას ახდენს ყურადღებასა და კონცენტრირების უნარზე, დავალებების შესრულებასა და სკოლაში მოსწრებაზე.
– შედარებით მოზრდილ ბავშვებსა და მოზარდებს უჩნდებათ საკუთარ საქციელზე კრიტიკის განცდა. თავიანთ მდგომარეობას აღიქვამენ, როგორც „სიგიჟეს“, ამიტომაც ბევრს მუშაობენ, რომ დამალონ ოკა-ს სიმპტომები.
– ყოველი დღე ოკა-ს მქონე ბავშვებისთვის არის დამქანცველი, რადგან მათი ძილისთვის მომზადების რიტუალიც კი ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ხანგრძლივია. ისინი გვიან იძინებენ და დღის მანძილზეც დაღლილები არიან. მთელი ამ სტრესის გამო ისინი არიან მოწყენილები, გაბრაზებულები და ადვილად ფეთქებადები.

რა გავლენას ახდენს ოკა ოჯახზე?
– ბავშვის ოკა ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელ ოჯახზე, რადგან ბავშვის უცნაური ქცევების გამო მშობლები შეიძლება იყვნენ შეშფოთებულნი ან იმედგაცრუებულნი.
– ოკა-ს მქონე ბავშვები სხვადასხვა გზით აიძულებენ ოჯახის წევრებს რომ მიიღონ მონაწილეობა მის რიტუალებში. მაგალითად, გადამოწმების მიზნით განმეორებით უსვამენ მშობლებს ერთსა და იმავე შეკითხვებს და ყოველ ჯერზე ითხოვენ პასუხს. შეიძლება დასჭირდეთ მშობლების ან და-ძმის დახმარება რიტუალების შესრულებაში ან მათაც მოთხოვონ შესრულება. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ძალიან ბრაზდებიან. ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია მთელი ოჯახისთვის, რადგან იგრძნობა დაძაბულობა და ირღვევა მათი ცხოვრების ჩვეული წესი.
– იმისათვის რომ თავიდან აიცილონ ბავშის შფოთვა და გაბრაზება, მშობლებმა შეიძლება შეცვალონ ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების სტილი და დაემორჩილონ ბავშვის მოთხოვნებს.
– მშობლები შეიძლება გრძნობდნენ შიშს, ბრაზს, დანაშაულის გრძნობას და სევდას, ხშირად სწუხან იმაზე, გამოკეთდება თუ არა მათი შვილი და როგორი იქნება მისი მომავალი.
შეიძლება თუ არა ოკა-ს მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში?
– მიუხედავად იმისა, რომ ოკა-ს ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია, ოკა-ს სპეციფიკური წამალი არ არსებობს.
– ექსპერტების აზრით კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (კბთ) არის მკურნალობის საუკეთესო გზა.
– სიმპტომების მართვისათვის ყველაზე ეფექტურია კბთ-სა და მედიკამენტური მკურნალობის კომბინაცია.
– სასურველია, ჯერ დაიწყოს ფსიქოთერაპია (კბთ) და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა.
რა არის კბთ?
– კბთ არის მტკიცებულებებზე დაფუძვნებული ფსიქოთერაპიული მიდგომა. მისი ერთ-ერთი სტრატეგიის, ექსპოზიციისა და რეაქციის პრევენციის, გამოყენების დროს ოკა-ს მქონე ბავშვები სწავლობენ, რომ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები თავად არიან. ისინი იწყებენ საკუთარი საქციელის კონტროლს და აკეთებენ იმის საწინააღმდეგოს, რასაც კარნახობთ ოკა. შიშებთან ნაბიჯ-ნაბიჯ დაპირისპირების (ექსპოზიცია) და რიტუალებისადმი დაუმორჩილებლობის (რეაქციის პრევენცია) გზით სწავლობენ შიშთან გამკლავებას, მისი არარეალურობის გაცნობიერებას და ეჩვევიან შიშის განცდას ისევე, როგორც ეგუები ცივ წყალს აუზში.
რა მედიკამენტები გამოიყენება ოკა-ს სამკურნალოდ?
– ოკა-ს მკურნალობისთვის ბავშვთა ასაკში გამოიყენებენ ანტიდეპრესანტებს: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI). მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია, როცა ოკა-ს სიმპტომების გამოვლენა საშუალო ხარისხის ან მძიმეა.
– არ არსებობს უნივერსალური მედიკამენტი, ვინაიდან თითოეული მედიკამენტი განსხვავებულად მოქმედებს სხვადასხვა ბავშვზე. მკურნალობის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.
– მედიკამენტის მოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ სრული ეფექტის მისაღებად საჭიროა 10-12 კვირა.
– მედიკამენტს შეუძლია შეამციროს ოკა-ს სიმპტომები, თუმცა ისინი შეიძლება განახლდეს მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
როგორ მოვიქცე თუ ჩემს ბავშვს აქვს ოკა?
– ამ ტექსტის წაკითხვით თქვენ უკვე გადადგით ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თუ თქვენს ბავშვს მსგავსი პრობლემები აწუხებს და ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში (სკოლაში, მეგობრებთან და ა.შ.), დაელაპარაკეთ პედიატრს ან შეფასებისთვის მიმართეთ მენტალური ჯანმრთელობის კვალიფიცირებულ სპეციალისტს: ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს.
მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ გამოცდილ სპეციალისტს. ნებისმიერ შემთხვევაში დასვით კითხვები, რათა დარწმუნდეთ თერაპევტის ან ექიმის კომპეტენტურობაში.
მოამზადა სალომე ნადარაიამ