სერვისები

ხელოვნებითი თერაპია

ხელოვნებითი თერაპია

ხელოვნებითი თერაპია ფსიქოთერაპიის მიმდინარეობაა, რომელიც გამომსახველობითი ხელოვნებით ადამიანის ფსიქიკაზე გამაჯანსაღებლად ზემოქმედებს. ხელოვნების თერაპიულ ზეგავლენას უძველესი წარმოშობა აქვს:  ხატწერა, პოეზია, ზღაპარი, თეატრი, გალობა, მანდალა, ცეკვები და ა.შ. ოდითგანვე მოიცავდა სუბლიმაციურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, ესთეტიკურ  კომპონენტებს. 

 

ხელოვნებითი თერაპია ეფუძნება ადამიანის ერთიან, ჰოლისტურ აღქმას,  რაც გულისხმობს აზროვნების, გრძნობების და ქმედებების სინქრონიზაციას. გაუმჯობესება ან განკურნება არა სიმპტომის მოხსნით, არამედ მიზეზის აღმოჩენითა და ზოგიერთ შემთხვევაში, რეალობის მიღებით დგება. მკურნალობა პირველ რიგში მისი მოსმენით, სიყვარულით და გულწრფელი თანადგომით იწყება. ნატურალისტური სწავლების სტილი იძლევა მშვიდ,  უსაფრთხო, თავისუფალ  და განმავითარებელ  სივრცეს.

 

თერაპევტსა და კლიენტს შორის დგება ალიანსი, რომლის მიზანიც ადამიანის შინაგანი  გააქტიურება, „შინაგანი აქტის“ განხორციელებაა.  პროცესები, რომელსაც განიცდის პიროვნება ფერის, ფორმის, რითმის, დრამის, მუსიკის ზემოქმედებით, აკორექტირებს და ძერწავს მას, აღვიძებს დაფარულ პოტენციალს და ამ თვითტრანსფორმაციის „ჩართვის“ პროცესს შეუძლია იგი მიიყვანოს წონასწორობის სრულიად განსხვავებულ მდგომარეობამდე. 

 

ხელოვნებითი თერაპია იყენებს: ხატვას (ფერის შეგრძნებისთვის), ძერწვას (ფორმის შეგრძნებისთვის), ბიბლიოთერაპიას (ზღაპარი, მოთხრობა), მხატვრულ კითხვას (ლექსები), სპექტაკლს, როლურ თამაშებს, თავისუფალ თამაშებს, ქვიშით თერაპიას, სიმღერას, ყველანაირ ბუნებრივ მასალას (მატყლი, ქვიშა, თიხა, ფერადი ცომი, ლობიო, კაკალი და ა.შ.).

 

ხელოვნებით  თერაპია ხელს უწყობს:

  • თვითგამოხატვას, თვითდაკვირვებას
  • ემოციების ვენტილაციას, ემოციების რეგულაციას
  • პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას
  • ასაკობრივი კრიზისების გადალახვას
  • ინტერესთა სფეროს გაფართოვებას, მოტივაციის ამაღლებას
  • სოციალურ და ადაპტაციურ  უნართა განვითარებას
  • სენსორული დეზინტეგრაციის დროს მიმღებლობის გაზრდას
  • შინაგან და გარე სამყაროსთან პოზიტიური მიმართების დამყარებას
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას
  • ხატვის, ძერწვის და სხვა შემოქმედებით უნართა განვითარებას
  • ნატიფი მოტორიკის გაუმჯობესებას
  • ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის განვითარებას