სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

11


ქცევითი თერაპევტის როლი სასკოლო ინკლუზიურ განათლებაში: საჭიროება თუ აუცილებლობა?


ქცევითი თერაპევტის როლი სასკოლო ინკლუზიურ განათლებაში: საჭიროება თუ აუცილებლობა?

წარმოიდგინეთ საკლასო ოთახი, სადაც ოცზე მეტი მოსწავლეა. გაკვეთილი მიმდინარეობს, თუმცა ერთ-ერთ მოსწავლეს უჭირს ყურადღების შენარჩუნება, ხშირად ტოვებს საკუთარ ადგილს, არ ერთვება აქტივობებში და თანატოლებთან ურთიერთობისას სირთულეებს აწყდება. მასწავლებელი ცდილობს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას, მაგრამ ამავდროულად კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაც უწევს. ასეთ სიტუაციაში ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – ვის შეუძლია დაეხმაროს როგორც ბავშვს, ისე მასწავლებელსა და ოჯახს, რათა მოსწავლე სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში?

სწორედ აქ იკვეთება ქცევითი თერაპევტის როლი, რომლის მნიშვნელობა ინკლუზიურ განათლებაში ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იზრდება. თანამედროვე განათლების სისტემა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაზე და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა ბავშვს ექნება განვითარების თანაბარი შესაძლებლობა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიხედვით, ინკლუზიური განათლება წარმოადგენს პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო გარემოში ყველა მოსწავლის ჩართულობას, მონაწილეობასა და წარმატებას მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა და სოციალური მდგომარეობისა (UNESCO, 2020).

ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში განხორციელება არაერთ გამოწვევას უკავშირდება. განსაკუთრებული სირთულე იქმნება მაშინ, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება ქცევითი, სოციალიზაციის ან ემოციური სირთულეები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც მის აკადემიურ მიღწევებზე, ასევე თანატოლებთან ურთიერთობასა და სასკოლო ადაპტაციაზე. ასეთ შემთხვევებში ქცევითი თერაპევტის პროფესიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რესურსი ხდება როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლისა და მშობლისთვის.

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, რამდენად აუცილებელია ქცევითი თერაპევტის ჩართულობა ინკლუზიურ განათლებაში და რა გავლენას ახდენს იგი მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ და ქცევით განვითარებაზე.

რა არის ინკლუზიური განათლების არსი და გამოწვევები? 

ინკლუზიური განათლება მრავალფეროვნებას განიხილავს როგორც საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვან რესურსს და არა როგორც დაბრკოლებას. მისი მთავარი მიზანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას.

ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სირთულეა ქცევითი და სოციალიზაციის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს აგრესიით, იმპულსურობით, ყურადღების დეფიციტით, შფოთვით, სოციალური კომუნიკაციის სირთულეებითა და სოციალური იზოლაციით. აღნიშნული სირთულეები გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული მოსწავლის განვითარებაზე, არამედ კლასის საერთო დინამიკაზეც.

ლევ ვიგოტსკის განვითარების თეორიის მიხედვით, სწავლა სოციალური პროცესია და ბავშვის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემოსა და სოციალურ ურთიერთობებზე (Vygotsky, 1978). შესაბამისად, როდესაც მოსწავლეს უჭირს სოციალური კომუნიკაცია ან ქცევის რეგულაცია, ეს პირდაპირ აისახება მის სასწავლო და სოციალურ ფუნქციონირებაზე.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე ინკლუზიური განათლება საჭიროებს მრავალპროფილური გუნდის ჩართულობას, რომელშიც ქცევითი თერაპევტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

რას ეფუძნება ქცევითი თერაპია?

ქცევითი თერაპია წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ქცევის შესწავლას, ფორმირებასა და გაუმჯობესებას. მისი თეორიული საფუძველი ბიჰევიორისტულ, ქცევის მეცნიერებას უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია სკინერი.

სკინერის ოპერანტული განპირობების თეორიის მიხედვით, ქცევა გარემოს გავლენით ყალიბდება და მისი ცვლილება შესაძლებელია განმტკიცების მექანიზმების გამოყენებით (Skinner, 1953). ამ პრინციპებზეა დაფუძნებული გამოყენებითი ქცევითი ანალიზი (Applied Behavior Analysis – ABA), რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო, ისე თერაპიულ პრაქტიკაში.

ქცევითი თერაპიის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება პოზიტიური განმტკიცება, ქცევის მოდელირება, სოციალური უნარების სწავლება, თვითრეგულაციის განვითარება და ფუნქციური ქცევითი შეფასება. აღნიშნული მიდგომები ხელს უწყობს მოსწავლის ადაპტაციას, დამოუკიდებლობის განვითარებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.

რა არის ქცევითი თერაპევტის როლი ინკლუზიურ განათლებაში?

ინკლუზიურ გარემოში ქცევითი თერაპევტი ასრულებს როგორც შემფასებლის, ისე მხარდამჭერის ფუნქციას. იგი სწავლობს და ააანალიზებს ქცევის გამომწვევ მიზეზებს, ადგენს ინდივიდუალურ ინტერვენციულ გეგმას და თანამშრომლობს მასწავლებლებთან, სპეციალურ მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებთან და მშობლებთან.

ქცევითი თერაპევტის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემური ქცევის შემცირებით. მისი მიზანია მოსწავლის სოციალური უნარების, თვითრეგულაციის, კომუნიკაციისა და დამოუკიდებლობის განვითარება, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მოსწავლის სრულფასოვან მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში.

გარდა ამისა, ქცევითი თერაპევტი ეხმარება მასწავლებლებს ეფექტური სტრატეგიების შერჩევაში, ქცევითი სირთულეების პრევენციასა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაში. შედეგად, იზრდება როგორც მოსწავლის, ისე მთლიანად კლასის წარმატების შესაძლებლობა.

არის თუ არა ქცევითი ინტერვენციები ეფექტური?

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ქცევითი ინტერვენციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინკლუზიურ გარემოში მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე.

Whitney და კოლეგები (Whitney, et, all, 2022) თავიანთ კვლევაში „Opportunities to Respond for Students With Emotional and Behavioral Disorders in Inclusive Classrooms“ მიუთითებენ, რომ მოსწავლეების აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი ქცევის გამოვლენის სიხშირეს. კვლევის შედეგების მიხედვით, ქცევითი სტრატეგიების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა აკადემიურ ჩართულობას, აუმჯობესებს სასწავლო შედეგებს და ხელს უწყობს პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბებას.

Robinson და კოლეგები (Robinson, et, all, 2022) კვლევაში „Prevention Is the Best Intervention: Proactive Strategies for Supporting Students Who Engage in Escalated Behaviors“ ხაზს უსვამენ პრევენციული მიდგომების მნიშვნელობას. ავტორების აზრით, ქცევითი სპეციალისტების ჩართულობა განსაკუთრებით ეფექტურია პრობლემური ქცევის თავიდან აცილების პროცესში. ფუნქციაზე დაფუძნებული ინტერვენციები და ქცევის ალტერნატიული ფორმების სწავლება ამცირებს ქცევითი კრიზისების სიხშირეს და ხელს უწყობს მოსწავლის უკეთეს ადაპტაციას სასკოლო გარემოში.

ასევე, McKenna-სა და კოლეგების (McKenna, et, all, 2021) კვლევაში „Inclusive Instruction for Students with Emotional Disturbance: An Investigation of Classroom Practice“ აღნიშნულია, რომ ქცევითი მხარდაჭერა, კლასის ეფექტური მართვის ტექნიკები და სხვადასხვა სპეციალისტის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ქცევითი მხარდაჭერის სისტემები ხელს უწყობს როგორც აკადემიური მიღწევების ზრდას, ასევე მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციას.

კვლევებით განმტკიცებული ფაქტები ცხადყოფს, რომ ქცევითი ინტერვენციები ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიზნების მისაღწევად და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას.

საჭიროა ქცევითი თერაპევტის თანამშრომლობა მშობლებთან?

ინკლუზიური განათლების წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სკოლისა და ოჯახის ურთიერთ-თანამშრომლობაზე. სწორედ ამიტომ, ქცევითი თერაპევტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მშობლებთან მუშაობაა.

ქცევითი თერაპევტი მშობლებს აწვდის ინფორმაციას ბავშვის ქცევის თავისებურებების შესახებ, ეხმარება ქცევის მართვის სტრატეგიების შერჩევაში და რეკომენდაციებს აძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენებისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია პოზიტიური განმტკიცების, ვიზუალური განრიგების, სტრუქტურირებული რუტინისა და მკაფიო წესების გამოყენება.

მშობელთა ჩართულობა ხელს უწყობს სკოლაში შეძენილი უნარების ყოველდღიურ გარემოში გადატანას. როდესაც ოჯახსა და სკოლას ერთიანი მიდგომა აქვს, მოსწავლე უფრო სწრაფად ითვისებს ახალ ქცევებს და უკეთ ახერხებს სხვადასხვა გარემოში ადაპტაციას.

საჭიროება თუ აუცილებლობა?

ქცევითი თერაპევტის როლის შეფასებისას ჩნდება კითხვა: არის თუ არა მისი ჩართულობა მხოლოდ სასურველი დამატებითი სერვისი, თუ იგი რეალურ აუცილებლობას წარმოადგენს?

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოსწავლეს არ სჭირდება ქცევითი თერაპევტის მუდმივი მხარდაჭერა. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება ქცევითი, სოციალური კომუნიკაციის ან ემოციური სირთულეები, ქცევითი თერაპევტის ჩართულობა ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვის ქცევის მართვით. იგი ერთდროულად მხარს უჭერს მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს, რაც ინკლუზიური განათლების ეფექტიან განხორციელებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ქცევითი თერაპევტი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც აუცილებელი პროფესიონალი და არა მხოლოდ დამატებითი რესურსი.

დასკვნა

ინკლუზიური განათლება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის მიზანია ყველა მოსწავლისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. თუმცა, ინკლუზიური გარემოს ეფექტიანად ფუნქციონირება მოითხოვს მრავალმხრივ პროფესიულ მხარდაჭერას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება ქცევითი, სოციალური კომუნიკაციის ან ემოციური სირთულეები.

თეორიული და ემპირიული კვლევების ანალიზი ადასტურებს, რომ ქცევითი თერაპევტის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ და ქცევით განვითარებაზე. ქცევითი ინტერვენციები ამცირებს პრობლემურ ქცევას, ზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობას, აუმჯობესებს სოციალურ ურთიერთობებს და ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებულ ინტეგრაციას სასკოლო გარემოში.

შესაბამისად, თანამედროვე ინკლუზიური განათლების პირობებში ქცევითი თერაპევტის როლი სცდება მხოლოდ დამატებითი მხარდაჭერის ფუნქციას და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან მონაწილეობასა და განვითარებას.

 

მასალა თქვენთვის მოამზადა დიანა ცინარიძემ, გამმას ბათუმის გუნდის ქცევის თერაპევტმა. 

გამოყენებული ლიტერატურა

Whitney, T., Ackerman, K. B., Cooper, J. T., & Scott, T. M. (2022). Opportunities to Respond for Students With Emotional and Behavioral Disorders in Inclusive Classrooms. Intervention in School and Clinic, 57(4), 243-250. https://doi.org/10.1177/10534512211024931  

Robinson, J., Duncan, K., London, D., et al. (2022). Prevention Is the Best Intervention: Proactive Strategies for Supporting Students Who Engage in Escalated Behaviors. Intervention in School and Clinic, 58(2), 89–97. https://doi.org/10.1177/10742956221110907

McKenna, J. W., Newton, X. A., Brigham, F. J., & Garwood, J. D. (2021). Inclusive Instruction for Students with Emotional Disturbance: An Investigation of Classroom Practice. Behavioral Disorders, 46(4), 245–258. https://doi.org/10.1177/1063426620982601

Skinner, B. F. (1953). Science and Human Behavior. New York: Macmillan.

Vygotsky, L. S. (1978). Mind in Society: The Development of Higher Psychological Processes. Cambridge, MA: Harvard University Press.

UNESCO. (2020). Inclusion and Education: All Means All. Paris: UNESCO Publishing.