სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

4


რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ეკრანთან გატარებული დროისა და მეტყველების განვითარების შესახებ - მტკიცებულებები მშობლებისთვის


რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ეკრანთან გატარებული დროისა და მეტყველების განვითარების შესახებ - მტკიცებულებები მშობლებისთვის

ბევრი ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დიდ დროს ატარებს ეკრანთან (ტელევიზორთან ან მობილურ მოწყობილობასთან). ადრეული ასაკი კი, განსაკუთრებით ცხოვრების პირველი სამი წელი, სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბავშვის მეტყველებისა და ენობრივი უნარების განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს. 

ბავშვი, რომელიც მეტ დროს ატარებს ეკრანთან, ნაკლები შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ცოცხალ კომუნიკაციაში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ენობრივ განვითარებაზე.

არსებული რეკომენდაციებით:

  • 18 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან კონტაქტი რეკომენდებული საერთოდ არ არის. 
  • 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი ეკრანთან გატარებული დრო უნდა შემოიფარგლოს დღეში მაქსიმუმ 1 საათით. 

როგორ მოქმედებს ეკრანი განვითარებაზე?
კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანთან გატარებული დრო ამცირებს ბავშვის შესაძლებლობას, მოისმინოს უფროსების საუბარი. როდესაც ბავშვი ეკრანით არის დაკავებული, როგორც თავად, ისე მისი მშობელი ან მომვლელი, ისინი ნაკლებად საუბრობენ ერთმანეთთან. ამის შედეგად კი მცირდება ორმხრივი ინტერაქცია ბავშვსა და ზრდასრულს შორის. კვლევებით დადასტურებულია, რომ მეტყველების განვითარებას შეიძლება ხელი შეუშალოს ჩართული ტელევიზორის ფონურმა ხმამაც კი.

მეტყველებისა და ენობრივი უნარების განვითარებისთვის მდიდარი გარემო ხელს უწყობს არამხოლოდ ენობრივ განვითარებას, ასევე სასკოლო მზაობას და თავის ტვინის ჰარმონიულ განვითარებას. 

როგორ გამოვიყენოთ ეკრანი პროდუქტიულად?
თუ ბავშვი მაინც იყენებს ეკრანს, შესაძლებელია მისი გამოყენება ენისა და მეტყველების განვითარების მხარდასაჭერად:

  1. ერთობლივი ყურება — როცა ბავშვი ეკრანს უყურებს, მშობელიც გვერდზე უნდა მიუჯდეს და ერთად უყურონ ეკრანს. ეს ქმნის სიტყვიერი კონტაქტის შესაძლებლობას, რომ მშობელმა დაასახელოს საგნები, დასვას კითხვები და წაახალისოს ბავშვთან დიალოგი. ეკრანთან გაზიარებული დრო ხელს უწყობს დასწავლას, ლექსიკის გამდიდრებას და ენობრივ განვითარებას. ეკრანზე ნანახის შესახებ მშობელს მოგვიანებითაც შეეძლება საუბარი. ეკრანთან დროის ერთად გატარება იმითაც არის სასარგებლო, რომ მშობელს შეუძლია გააკონტროლოს, რამდენად ასაკის შესაბამისია ის, რასაც ბავშვი უყურებს. 
  2. შინაარსის შერჩევა — ასაკის შესაბამისი და საგანმანათლებლო შინაარსი ხელს უწყობს ენობრივ განვითარებას. მშობელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ისეთ პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ მიმართავს ბავშვს, სთხოვს პასუხს, ასწავლის სიტყვებს, ფერებსა და ემოციებს. მოერიდეთ ზედმეტად მკვეთრ ვიზუალსა და ხმაურს, ასევე, სწრაფად ცვლად სცენებს, რაც შესაძლოა ზედმეტი გადატვირთვა აღმოჩნდეს ბავშვისთვის. 
  3. დროის რეგულირება — ვინაიდან შეუძლებელია ეკრანის სრულად ამოღება, ეკრანთან გატარებული თუნდაც „ხარისხიანი“ დროც კი საჭიროებს შეზღუდვას. დააწესეთ მკაფიო წესები და განსაზღვრეთ „ეკრანისგან თავისუფალი“ სივრცეები და პერიოდები. ეკრანმა არ უნდა ჩაანაცვლოს თამაში, წიგნის კითხვა და ფიზიკური აქტივობა. 

შეჯამება
ეკრანთან გატარებული დროის მცირე მატებამაც კი, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის განვითარებაზე. სწორად გამოყენების შემთხვევაში კი, მშობლებს შეუძლიათ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი გახადონ ერთობლივი ყურებით, აქტიური კომუნიკაციითა და ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების შერჩევით.

სტატია თქვენთვის მოამზადა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა, ბავშვთა ადრეულის განვითარების პროგრამის სუპერვიზორმა: თამარ ჩოჩიშვილმა

დამატებითი ინფორმაცია იხ.: 

https://jamanetwork.com/journals/jamapediatrics/fullarticle/2848172  

https://www.healthychildren.org/English/family-life/Media/Pages/helping-kids-thrive-in-a-digital-world-AAP-policy-explained.aspx  

https://www.healthychildren.org/English/family-life/Media/Pages/why-co-viewing-is-important-tips-to-share-screen-time-with-your-kids.aspx  

https://www.firstthingsfirst.org/first-things/screen-time-and-young-kids/

ბოლო ჩანაწერები