რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა ...
სრულადყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) თუ თვითკონტროლის დარღვევები?
აქტუალობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ სტატიების ციკლი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესახებ. ვიწყებთ ბავშვთა ფსიქიატრის მედეა ზირაქაშვილის მიერ მოწოდებული მასალით ამ სინდრომთან დაკავშირებული თანამედროვე შეხედულებების შესახებ.
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) თუ თვითკონტროლის დარღვევები?
ბავშვთა ასაკის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ სიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მსოფლიოში მისი გავრცელებული სახელწოდებაა ინგლისური აბრევიატურა ADHD (Attention Deficit Hyperactivity Disorder).
ADHD ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც პრობლემას უქმნის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორც თავის მოვლის, ასევე სოციალურ-ემოციურ და აკადემიურ სფეროებში. მისი გავრცელება საშუალოდ 5 %-ს შეადგენს. აშშ-ში კი მისი გავრცელება 9%-ია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მიმართვიანობის ერთ- ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ამიტომ ნამდვილად არ გაგვკვირვებია, როდესაც 2019-22 წლებში ჩვენ მიერ ჩატარებულ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების ეპიდემიოლოგიურ კვლევაში ADHD ყველაზე ხშირი იყო.
ისეთი ტიპის დიაგნოზებს, სადაც პრობლემა ორგანულ და ფიზიკურ ჯანმრთელობას არ ეხება, ჩვენნაირ ქვეყნებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ხშირად ის აღიქმება როგორც პიროვნული მახასიათებელი ან ბავშვის სითამამის ან შედარებით ლოიალური აღზრდის შედეგი და ნაკლებად განიხილება, რომ საჭიროა სპეციალისტის დახმარება.
ცოტამ თუ იცის, რომ ADHD კრიმინალური ქცევის მნიშვნელოვანი რისკების შემცველი მდგომარეობაა. 2009 წელს ჟურნალში „Journal of Mental Health Policy and Economics“ გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს კავშირს დადასტურებულ ADHD დიაგნოზსა და დანაშაულის ჩადენის გაზრდილ ალბათობას შორის. მინიმუმ ეს მიზეზი საკმარისია,რომ მოსახლეობა დაუკვირდეს საკუთარი შვილის თვისებებს და პრობლემების პრევენციის მიზნით, მიმართოს სპეციალისტს.
დღემდე ყურადღებას იპყრობს ამ დიაგნოზის სახელწოდება, რადგან მკვლევრებს შორის კამათი არ ცხრება პრობლემის მთავარი კონტექსტის ირგვლივ. წამყვანი პრობლემაა თვითკონტროლის და თვითრეგულაციის სირთულეები და არა ის ნიშნები, რაც სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებშია მითითებული. ADHD-ის გამოჩენილი მკვლევარი რასელ ბარკლი გვთავაზობს ამ დიაგნოზს სახელი გადავარქვათ და „თვითრეგულაციის და თვითკონტროლის დარღვევები“ ვუწოდოთ.
რა იგულისხმება ამ ტერმინების უკან? თვითკონტროლი არის საკუთარი იმპულსების, ემოციების და ქცევების მართვის უნარი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. ეს ის უნარია, რაც განასხვავებს ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან. თვითკონტროლი არის დაგეგმვის, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელსაც არეგულირებს პრეფრონტალური ქერქი. თავის ტვინის ამ უბნის ნერვული კავშირების სიმდიდრე საშუალებას აძლევს ადამიანს დაგეგმოს, შეაფასოს ალტერნატიული ქმედებები, გადაავადოს, დააყოვნოს პასუხი, არ უპასუხოს დაუფიქრებლად და თავიდან აირიდოს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი მავნე შედეგები. სწორედაც რომ, ემოციების და ქცევის რეგულირების უნარი არის აღმასრულებელი ფუნქციის მთავარი ასპექტი. მეცნიერებს შორის დღემდე სადავოა, თუ რამდენად არის თვითკონტროლი თანდაყოლილი თუ დასწავლილი უნარი. ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ ეს თანდაყოლილი უნარია და მისი არქონა და განუვითარებლობა ქმნის მთავარ სირთულეს ADHD-ის დროს. ამიტომაა რთული ამ მდგომარეობის მართვა და სწორედ ეს განაპირობებს იმ სირთულეებს, რასაც სოციალური უნარების ჩამოუყალიბებლობა, მეგობრების არყოლა, აკადემიური მოსწრების და ემოციების რეგულირების პრობლემები ჰქვია.
განსხვავება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვსა და მხოლოდ ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის არის ის, რომ ჰიპერაქტიურობა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, შემაწუხებელი და მწვავედ გამოხატული. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ნიშნები აუცილებელია ვლინდებოდეს მინიმუმ ორ სხვადასხვა სოციალურ გარემოში (მაგ.: სახლში და სკოლაში). მხოლოდ ერთ სოციალურ გარემოში არსებული პრობლემის შემთხვევაში აღნიშნულ სინდრომზე არ ვსაუბრობთ. ნიშნების სიმწვავე იცვლება სხვადასხვა ასაკში. წინა სასკოლო ასაკში განსაკუთრებით წამყვანია ჰიპერაქტიურობა, მაშინ როდესაც სასკოლო ასაკში მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა. პრობლემა განსაკუთრებით თავს იჩენს სტრუქტურირებულ გარემოში. სწორედ ამიტომ ვხვდებით ამ დიაგნოზის სიმძაფრეს პირველად სკოლაში მისვლისას. აქვე ვხვდებით საშინაო დავალების ორგანიზების სირთულეებს. მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს ხშირად რჩება წიგნი, კარგავს საშლელს, ფანქარს, არ ჩაუნიშნავს საშინაო დავალება და ა.შ. მსგავსი პრობლემები შემდგომში ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. ADHD-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რამდენიმე საფეხურიან დავალებებში ბოლომდე გასვლა.
ADHD-ის მქონე ბავშვი:
• ადვილად გადართვადია ერთი საქმიდან ან აქტივობიდან მეორეზე;
• უჭირს ინსტრუქციის მიყოლა, არ შეუძლია მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების შესრულება, რადგან იწყებს მოქმედებას და ავიწყდება შემდეგი;
• უშვებს ბევრ შეცდომას მარტივი დავალებების შესრულებისას;
• არის გულმავიწყი ყოველდღიურ აქტივობებში და სჭირდება შეხსენება მარტივ, რუტინულ ყოველდღიური საქმიანობებში;
• კარგავს ნივთებს;
• უჭირს მშვიდად ჯდომა, მაგალითად: როცა ზის, ცქმუტავს და ერთ ადგილას ვერ ჩერდება;
• ცდილობს თანატოლის გამოწვევას;
• ვერ ელოდება თავის რიგს;
• შეკითხვის დასრულებამდე წამოისვრის პასუხს;
• მოქმედებდეს ისე, რომ არ ფიქრობს შედეგებზე;
• ძალიან ბევრს ლაპარაკობს;
• არის მუდმივ მოძრაობათა ქაოსში.
რაში უშლის ხელს ბავშვს ეს მდგომარეობა?
ამ მდგომარეობის გამო ერთმნიშვნელოვნად ექმნება პრობლემები აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. ემოციური დისრეგულაციის და იმპულსურობის გამო უჭირს ურთიერთობები თანატოლებთან. აქვს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევები. გარშემომყოფები ბევრ შენიშვნას აძლევენ და ამიტომაც აქვს დაბალი თვითშეფასება. უჭირს ორგანიზებული და მიზან-მიმართული მოქმედებების შესრულება, აქვს მომატებული შფოთვა. შესაბამისად, ათმაგი ძალისხმევა სჭირდება საქმეში წარმატებისთვის. კვლევებით დადასტურებულია, ADHD-ის მქონე პირები ზედმეტად რისკიანები არიან, რითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. არსებობს მონაცემები, რომ მეტად არიან მიდრეკილნი მავნე ჩვევებისა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებისადმი (რა თქმა უნდა, საუბარია მხოლოდ გაზრდილ რისკებზე).
გენეტიკურია თუ შეძენილი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი?
ამ კითხვაზე პასუხი კიდევ ერთხელ დაგვეხმარება იმაში, რომ დავარღვიოთ ნეიროგანვითარებით დარღვევებთან დაკავშირებული მითები. ძალიან დიდ პროცენტში ამ დიაგნოზს მემკვიდრული წინასწარგანწყობა უდევს საფუძვლად. მხოლოდ 3-7%-ის შემთხვევაში შეიძლება იყოს შეძენილი. უხშირესად მსგავსი ნიშნები ოჯახის სხვა წევრსაც აქვს. გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად აუცილებლად განიხილავენ რისკ-ფაქტორების არსებობასაც, მათ შორის: ორსულობისას დედის მიერ სიგარეტის მოწევას ან ალკოჰოლის მოხმარებას, ასევე ორსულობის და მშობიარობის გართულებებს: დღენაკლულობას და დაბადების მცირე წონას, დიდი რაოდენობის ტყვიის კონცენტრაციას გარემოში და სხვა.
თითქოს ბიჭებში უფრო ხშირია ეს პრობლემა, მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე კვლევა ამტკიცებს, რომ სქესთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არსებობს. უბრალოდ, გოგონების შემთხვევაში მეტად არის გამოხატული ყურადღების დეფიციტი, ვიდრე ჰიპერაქტიურობა და ამიტომაც არ ქმნის პრობლემას იმ სოციუმისთვის, რომელშიც ისინი არიან. სწორედ ამ მიზეზით ძალიან ბევრი გოგონას პრობლემა პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.
როგორ ვმართოთ ADHD?
არსებობს მართვის 3 ძირითადი გზა:
1. მედიკამენტური თერაპია, რაც გულისხმობს სტიმულანტების გამოყენებას, რომლის დახმარებითაც ბავშვებს შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება, სწავლა და მშვიდად ყოფნა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ გვერდითი ეფექტების განვითარების საფრთხე; ამასთან, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, სტიმულანტები საქართველოში რეგისტრირებული არ არის.
2. არამედიკამენტური თერაპია, რაც იყენებს ბიჰევიორულ (ქცევით) ტექნიკებს;
3. კომბინირებული მიდგომა: მედიკამენტური + ქცევითი თერაპია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სინდრომის მიზეზი მშობელი არ არის, მას შეუძლია თავისი სწორი მიდგომით და ამ სინდრომის არსის ცოდნით მნიშვნელოვნად შეცვალოს მდგომარეობის სიმძიმე და გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მშობელს, ასევე სკოლის მასწავლებელს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ – იცოდნენ, რომ ბავშვისთვის სტრუქტურირებული გარემოს შექმნით და სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებით მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად აირიდონ თავიდან დიაგნოზთან დაკავშირებული გართულებები და უკეთესობისკენ შეცვალონ ბავშვების ცხოვრება. ასევე, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი იყოს ჩართული მართვის პროცესში და ჰქონდეთ აქტიური თანამშრომლობა სკოლის მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში ჩართონ ბავშვი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების სერვისში.
გისურვებთ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას!