სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

9


ბულინგი და შევიწროვება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში - პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე


ბულინგი და შევიწროვება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში - პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე

ბულინგი იწვევს მნიშვნელოვან სირთულეებს, გავლენას ახდენს ბავშვის/მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იწვევს ქცევისა და დასწავლის სირთულეებს, აუარესებს  ცხოვრების ხარისხს და ხელს უშლის ბავშვის/მოზარდის ჰარმონიულ განვითარებას.

ბავშვობის ასაკში მსგავსი მოპყრობის ნეგატიური გავლენა ზრდასრულ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვობაში გადატანილი ბულინგი გოგონებს ისეთივე ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს, როგორსაც მძიმე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა. ბავშვობის ასაკში ბულინგის გამოცდილება ზრდასრულ ასაკში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დეპრესიისა და შფოთვის მაღალ დონეს. ასევე, ბულინგს ხანგრძლივი გავლენა აქვს სწავლის ხარისხზე, ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სხვადასხვა ტიპის ქცევითი სირთულეების გამოვლენას.

ტერმინის განსაზღვრება - რა არის ბულინგი?

სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი ბულინგი გამოიყენება სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად. იგულისხმება დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შევიწროება, რათა გამოიწვიოს სხვა ადამიანის დამორჩილება. ბულინგი არის აგრესიული ქცევა, რომელიც განმეორებადია. ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მათ შორისაა: ფიზიკური ბულინგი; დაცინვა ან შეურაცხყოფა; სოციალური გარიყვა; სექსუალური ხასიათის შევიწროვება; რასის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციისა და/ან გენდერული იდენტობის შესახებ ბულინგი. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჩამოყალიბდა ბულინგის ისეთი ფორმა, როგორიცაა კიბერბულინგი. ის ხდება ონლაინ, ტექსტური შეტყობინებების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და შეიძლება იყოს ჭორების გავრცელება სოციალური ქსელების საშუალებით, უხერხული სურათების ან ვიდეოების გაზიარება და/ან ყალბი პროფილების ან ვებსაიტების შექმნა.

რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი? 

  • ბულინგის მსხვერპლ ბავშვებსა და მოზარდებში ბულინგი ზიანს აყენებს მათ ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებას და ფსიქოემოციურ მდგომარეობას. იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, დეპრესიას, შფოთვას, სუიციდურ აზრებსა და სკოლის გაცდენების მაღალ მაჩვენებელს.
  • ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ბულინგს ახორციელებენ, თანატოლებთან შედარებით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ძალადობის მხარდამჭერი შეხედულებებისაკენ. ასევე უფრო მეტად განაწყობენ და უბიძგებენ თანატოლებს სხვების შევიწროვებისა და ჩაგვრისაკენ.
  • ბულინგის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მსგავსი ქცევის გამოვლენაზე გავლენას ახდენს პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებები, ოჯახური გარემო, თანატოლების გავლენა, სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემები.
  • ბულინგის განხორცილება ხშირად დაკავშირებულია სხვა პრობლემურ და არასასურველ ქცევებთან, მათ შორის ვანდალიზმთან, ჩხუბთან, ალკოჰოლის მიღებასთან, მოწევასთან, იარაღის ტარებასა და სწავლის შეწყვეტასთან.

როგორ ავირიდოთ ბულინგი?

მშობლებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ბულინგის პრევენციაში:

  • ბავშვის ინფორმირება - დაეხმარეთ ბავშვებს, ბულინგის არსის გაგებაში. ესაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ბულინგი და როგორ უნდა დაუპირისპირდნენ მას უსაფრთხოდ. ბავშვებს, რომლებმაც იციან რა არის ბულინგი, შეუძლიათ უკეთ ამოიცნონ ის. მათ შეუძლიათ ბულინგზე საუბარი, თუ ეს მათ ან სხვებს დაემართებათ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაუპირისპირდნენ უსაფრთხოდ ბულინგს და საჭიროების შემთხევაში როგორ მიმართონ დახმარებას. უთხრით ბავშვებს, რომ ბულინგი მიუღებელია. დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილებმა იციან, როგორ მიიღონ დახმარება საჭიროების შემთხევაში, აუხსენით, რომ ყოველთვის შეუძლიათ თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ. 
  • ნდობაზე დამყარებული კომუნიკაცია - დაამყარეთ და შეინარჩუნეთ შვილებთან ღია კომუნიკაცია. მოუსმინეთ მათ, გაიცანით მათი მეგობრები, ჰკითხეთ სკოლის შესახებ და გაარკვიეთ, თუ რა ემოციები აქვთ სკოლასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. იმუშავეთ იმაზე, რომ თქვენს შვილს გაუჩნდეს თქვენს მიმართ ნდობა, რაც დაეხმარება რომ შემდეგში თვითონ იყოს გულწრფელი. იყავით გულწრფელი და თქვენი გულწრფელობით მიეცით მას მაგალითი, გახდეს უფრო ღია თქვენთან ურთიერთობაში და შეძლოს შფოთვის გარეშე გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებები და წუხილი. წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ გესაუბროთ თუ ის ბულინგის მსხვერპია ან ხედავს რომ სხვები განიცდიან შევიწროვებას. მშობელს შეუძლია ემოციური მხარდაჭერა და ნუგეში მაშინაც კი, თუ პრობლემის გადაჭრას პირდაპირი გზით ვერ ახერხებს.
  • დაეხმარეთ გახდეს უფრო თავდაჯერებული - წაახალისეთ ბავშვები, აკეთონ ის, რაც უყვართ. საყვარელი აქტივობები, ინტერესები და ჰობი ზრდის ბავშვის/ მოზარდის თავდაჯერებულობას, ეხმარება მეგობრების შეძენაში და ამ გზით იცავს ბულინგისაგან. ესაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ბავშვებს, რომლებიც ბულინგს ახორციელებენ. მიეცით რჩევები, მაგალითად, შეუძლიათ იუმორის გამოყენება და პირდაპირ და თავდაჯერებულად „გაჩერდი“-ს თქმა. ესაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ, თუ ეს ქმედებები არ მუშაობს, მაგალითად, შეუძლიათ სიტუაციიდან წასვლა. ესაუბრეთ უსაფრთხოების შენარჩუნების სტრატეგიებზე, როგორიცაა უფროსებთან ან სხვა ბავშვების ჯგუფებთან ახლოს ყოფნა.
  • აჩვენეთ სწორი ქცევის მაგალითი - მიეცით მაგალითი შვილებს და აჩვენეთ თუ სიკეთითა და პატივისცემით როგორ უნდა მოეპყრონ სხვებს. გახსოვდეთ, ბავშვი სწავლობს მიბაძვისა და მოდელირების გზით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მას მივცეთ სასურველი ქცევის მოდელი და ასე მოქცევის შემთხვევაში წავახალისოთ. მოუწოდეთ მათ, დაეხმარონ ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს სიკეთის გამოვლენით ან დახმარებით.

როგორ ვმართოთ ფსიქოემოციური სირთულეები?

იმ შემთხევაში თუ ბულინგით გამოწვეული ფსიქოემოციური სირთულეები თვალსაჩინოა, მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ მსგავს შემთხევაში მხარდაჭერის და ფსიქოთერაპიის ეფექტური მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა. მნიშვნელოვანია მიმართოთ გამოცდილ კლინიკურ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, რათა მოხდეს სირთულის ხარისხის განსაზღვრა და კვალიფიციური დახმარების მიღება.

 

მასალა თქვენთვის მოამზადა გამმას ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ფსიქოთერაპევტმა, ბესო ჭიღვარიამ.

ბოლო ჩანაწერები