სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

189


არსებობს თუ არა კავშირი ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღებასა და აუტიზმს ან ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ADHD) შორის?


არსებობს თუ არა კავშირი ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღებასა და აუტიზმს ან ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ADHD) შორის?

დიდი რეზონანსი მოჰყვა ამასწინანდელ განცხადებას ორსულობის დროს დედის მიერ პარაცეტამოლის (აცეტამინოფენის) გამოყენების კავშირზე ამ ორსულობიდან დაბადებულ ბავშვებში აუტიზმისა და ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) განვითარებას შორის. ამას დაბრალდა ბოლო პერიოდში აუტიზმის შემთხევევბის მატებაც. 

 

რამდენიმე დღის წინ ჟურნალში Research (https://www.bmj.com/content/bmj/391/bmj-2025-088141.full.pdf) გამოქვეყნდა სისტემური მიმოხილვების მეტაანალიზი ამ საკითხზე მტკიცებულებების ხარისხის, მიკერძოებისა და ვალიდურობის შეფასებისთვის.

 

პარაცეტამოლი ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტია მთელ მსოფლიოში. მისი გამოყენება უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის დროს ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში. 

 

კვლევა ჩაატარეს დიდმა ბრიტანელმა, ესპანელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა. შესწავლილი იქნა რანდომიზებული,კოჰორტული, შემთხვევით-კონტროლის ან ჯვარედინი სექციური კვლევების სისტემატური მიმოხილვები, რომლებშიც აღწერილი იყო ორსულობის დროს დედის მიერ პარაცეტამოლის გამოყენება დაშთამომავლობაში აუტიზმის ან ADHD-ის დიაგნოზი. ასეთი აღმოჩნდა სულ 40 კვლევა - აუტიზმის 6 კვლევა,  ADHD-ის 17 კვლევა და  4 მიმოხილვა. 

 

არსებული კვლევების შედეგები არ წარმოადგენდა ნათელ დადასტურებას, რომ არსებობს კავშირი პრენატალურ პარაცეტამოლს (დედის მიერ ორსულობისას პარაცეტამოლის გამოყენებას)და აუტიზმს ან ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს შორის.

 

არ არსებობს კარგად დადგენილი მოლეკულური მექანიზმებიც, რომლებიც პარაცეტამოლის ზემოქმედებას აუტიზმთან ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომთან დააკავშირებდა. ვერც ცხოველებზე ჩატარებული კვლევების რაოდენობრივმა მიმოხილვამ ვერ აღმოაჩინა თანმიმდევრული მტკიცებულება იმისა, რომ პარაცეტამოლის თერაპიული ან არატოქსიკური დოზებით ზემოქმედება ნეიროგანვითარებას ზიანს აყენებს. მხოლოდ ჰიპოთეზა არსებობს, რომ პარაცეტამოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნაყოფის ტვინის განვითარებაზე ჟანგვითი სტრესის, მიტოქონდრიული ეფექტების, პროსტაგლანდინის, ენდოკანაბინოიდის ან ეპიგენეტიკური ცვლილებების გზით. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანებზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები, რომლებიც ამ სავარაუდო მექანიზმებს ადასტურებს, არ არსებობს. 

 

მიმოხილვებში აღნიშნულია კავშირი ორსულობის დროს დედის მიერ პარაცეტამოლის გამოყენებასა და შთამომავლობაში აუტიზმს ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს შორის, მაგრამ ამ კავშირის შესახებ მონაცემები დაბალი ხარისხისაა. ამჟამინდელი მტკიცებულებების ბაზა არასაკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ საბოლოოდ დააკავშიროს პარაცეტამოლის პრენატალური ზემოქმედება აუტიზმთან ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომთან.  

 

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ჩატარდეს მაღალი ხარისხის კვლევები, რომლებიც გააკონტროლებენ ოჯახურ და აქამდე გაუზომავ ფაქტორებს, რაც შეიძლება დაეხმაროს პარაცეტამოლის ზემოქმედების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე ბავშვის  ნეიროგანვითარების შესახებ მტკიცებულებების გაუმჯობესებას.

 

მოამზადა მაია გაბუნიამ, ბავშვთა ნევროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, გამმას დირექტორმა. 

ბოლო ჩანაწერები