სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

85


სოციალური შფოთვითი აშლილობა - პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე


სოციალური შფოთვითი აშლილობა - პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე

სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომელსაც ასევე სოციალურ ფობიასაც უწოდებენ, სოციალური სიტუაციების მიმართ ქრონიკული და დაუძლეველი შიშია. სოციალური შფოთვითი აშლილობა, როგორც წესი, იწყება მოზარდობის ასაკიდან, თუმცა ზოგჯერ შეიძლება დაიწყოს უფრო ადრეული ბავშვობიდან ან ზრდასროლობაშიც.

 

ეს მდგომარეობა იწვევს ძლიერ სტრესს და მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ყოველდღიური ნერვიულობისგან განსხვავებით, სოციალური შფოთვითი აშლილობა მოიცავს შიშს, შფოთვას და სოციალური სიტუაციებისგან თავის არიდების ქცევებს - რაც ხელს უშლის ურთიერთობებს, ადამიანის ყოველდღიურ რუტინას, სამსახურს, სკოლას ან სხვა საქმიანობას. ასაკის მატებასთან ერთად მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის გარეშე სიმპტომები არ ქრება.

 

სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ყოველდღიური ურთიერთობები იწვევს მნიშვნელოვან შფოთვას, სირცხვილს და უხერხულობის განცდას. შფოთვა დაკავშირებულია სხვისი მხრიდან ნეგატიურად შეფასების შიშთან ისეთ სიტუაციებში, სადაც ადამიანი მისი შეფასებით შეიძლება სხვისი დაკვირვების ობიექტი აღმოჩნდეს.

 

სოციალური შფოთვითი აშლილობის სიმპტომები მოიცავს:

 

  • ისეთი სიტუაციების მიმართ შიშს,სადაც ადამიანს წინასწარ მოლოდინი აქვს რომ უარყოფითად შეაფასებენ.
  • სოციალურ სიტუაციაში ყველაზე უარესი შედეგების დადგომის მოლოდინს.
  • ისეთი სიტუაციებისგან თავის არიდებას,სადაც შეიძლება ყურადღების ცენტრში მოექცეს.
  • შერცხვენის ან დამცირების შიშს.
  • უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის ან საუბრის ძლიერ შიშს.
  • შიშს იმისა, რომ სხვები შეამჩნევენ შფოთვას ან ისეთი ფიზიკური სიმპტომების გამოვლენის შიშს, როგორიცაა:წამოწითლება, ოფლიანობა, სხეულის ან ხმის კანკალი.
  • სირცხვილის ემოციის გამო ადამიანებთან ურთიერთობისა ან საქმიანობის თავის არიდებას.
  • სოციალური სიტუაციის დასრულების შემდეგ საკუთარი მოქმედების ანალიზს, საკუთარ საუბარში ან მოქმედებაში „გამოვლენილ ხარვეზზე“კონცენტრირებას.

 

ბავშვებში სოციალური შფოთვა შეიძლება გამოვლინდეს ტირილით, ჭირვეულობით, მშობლებთან მოჭარბებული მიჯაჭვულობით ან სოციალურ სიტუაციებში საუბარზე უარის თქმით.

 

ფიზიოლოგიური სიმპტომები

 

სოციალურ შფოთვით აშლილობას შეიძლება ახლდეს ფიზიოლოგიური ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა: 

 

  • წამოწითლება სახეზე.
  • გულისცემის აჩქარება.
  • სუნთქვის გაძნელება.
  • კუნთების დაძაბულობა.
  • კანკალი.
  • ოფლიანობა.
  • დისკომფორტი მუცლის არეში ან გულისრევის შეგრძნება.
  • თავბრუსხვევა.

 

ამრიდებლური ქცევა

 

სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანები თავს არიდებენ შემდეგ სიტუაციებს:

 

  • უცნობ ადამიანებთან საუბარს ან უცნობებთან ურთიერთობას.
  • წვეულებებზე ან სოციალურ შეკრებებზე დასწრებას.
  • სამსახურში ან სკოლაში წასვლას.
  • საუბრის წამოწყებას.
  • თვალით კონტაქტის დამყარებას მოსაუბრესთან.
  • პაემანზე მისვლას.
  • ოთახში შესვლას, სადაც უკვე სხედან ადამიანები.
  • მაღაზიაში სასურველი ნივთის შეძენას.
  • სხვების წინაშე საკვების მირთმევას.
  • საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენებას.

 

როგორ ვუმკურნალოთ სოციალურ შფოთვით აშლილობას?

 

სოციალური შფოთვითი აშლილობის სიმპტომები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ისინი შეიძლება გამწვავდეს სტრესული ან გარდამავალი პერიოდების დროს. მიუხედავად იმისა, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაციების თავიდან არიდების გზით შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში თავი უკეთ იგრძნონ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შფოთვა გრძელდება.

 

სოციალური შფოთვითი აშლილობის წარმატებით მკურნალობა შესაძლებელია და ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ სრულფასოვანი ცხოვრება. სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობის ეფექტური მკურნალობის მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა (კბთ). რიგ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტური ჩარევა, ან ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტის კომბინირება.

 

რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?

 

მკურნალობის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პაციენტის მხრიდან მკურნალობის გეგმის ზედმიწევნით დაცვაზე. შედეგი არ დგება ერთ დღეში, მაგრამ მკურნალობის გეგმის მიყოლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხდება კბთ-ის 10 - 15 სესიის შემდეგ.

 

რეკომენდაცია

 

იმ შემთხევაში თუ სოციალური შფოთვითი აშლილობა გაწუხებთ, დახმარების პოვნა თქვენს რეგიონში უნდა შეძლოთ. თქვენ უნდა იპოვოთ კლინიკა ან ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი, რომელიც სპეციალიზირებულია შფოთვით აშლილობებში. 

 

გაითვალისწინეთ, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფსიქიკური აშლილობა, არ არის ის მდგომარეობა, რომლის დიაგნოზის დასმა ან მკურნალობა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია მიმართოთ გამოცდილ კლინიკურ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს რათა მიიღოთ კვალიფიციური დახმარება.

 

მასალა თქვენთვის მოამზადა გამმას ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ჭიღვარიამ.

ბოლო ჩანაწერები