რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ხასიათდება ობსესიური (აკვიატებული) აზრებითა და კომპულსიური (იძულებითი და განმეორებადი) ქმედებებით. სიმპტომების პირველი გამოვლენა შეიძლება დაიწყოს 6 წლის ასაკიდან, მაგრამ უფრო ხშირად ის იწყება მოზარდობის ან ადრეული ზრდასრულობის პერიოდში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე მდგომარეობად ითვლება. სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მაღალი ხარისხის სიმძიმის გამოვლინებამდე. სიმპტომების გაუარესება და გამოვლენის სიხშირის ზრდა რიგ შემთხევაში დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების გარდამავალ და ცვლილებების პერიოდში სტრესის დონის მატებასთან. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები და სიმძიმე, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იცვლება. ასევე დროთა განმავლობაში იცვლება ობსესიებისა და კომპულსიების ტიპებიც.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები
ობსესიები - ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს ვლინდება განმეორებითი და არასასურველი აზრები, სურათ-ხატები ან იმპულსები. ეს აზრები ადამიანის მიერ აღიქმება როგორც თავსმოხვეული და არასასურველი. ადამიანი ცდილობს მათ იგნორირებას ან გონებიდან განდევნას. მიუხედევად ამისა, ეს აზრები მეორდება და იწვევს შფოთვას. შფოთვის შემცირების მიზნით ადამიანი მიმართავს გარკვეულ მოქმედებებს, რომლებსაც კომპულსიები ეწოდება. კომპულსია არის განმეორებადი ქცევა ან განმეორებითი აზრობრივი მოქმედება, რომლის გაკეთებაც, ადამიანის აზრით, საჭიროა ობსესიური აზრით გამოწვეული უსიამოვნო შფოთვის შესამსუბუქებლად.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმითა და შფოთვის შინაარსით. ობსესიური აზრები კი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმით:
- შფოთვის მომგვრელი აზრები საკუთარი ან სხვა ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ.
- მიკრობებით ან ჭუჭყით დაბინძურების შესახებ მუდმივი აზრები.
- რაიმეს დაკარგვის ან დავიწყების შიში.
- საკუთარ მეტყველებაზე ან ქმედებებზე კონტროლის დაკარგვის შიში.
- სექსუალური, რელიგიური ან ძალადობრივი ქმედებების ჩადენის განმეორებითი აზრები.
- სიმეტრიის ან ნივთების მოწესრიგების მუდმივი მოთხოვნილება.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიპმტომები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის ან ბავშვის დაბადების შემდეგ. ობსესიები შეიძლება მოიცავდეს ბავშვის დაზიანების ან ბავშვის კვებისთვის განკუთვნილი ბოთლის არასათანადოდ სტერილიზაციის შესახებ შიშს. კომპულსიები შეიძლება იყოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ბავშვის სუნთქვის მრავალჯერადი და განმეორებითი შემოწმება. ასევე მაგალითად, ადამიანს, რომელსაც აქვს ძარცვის შესახებ აკვიატებული აზრები, შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ სახლიდან გასვლამდე რამდენჯერმე განმეორებით შეამოწმოს, არის თუ არა ყველა ფანჯარა და კარი ჩაკეტილი.
კომპულსიები - ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს კომპულსიები ეწოდება განმეორებად ქცევებს, წესებს ან რიტუალებს, რომლებიც ამ სირთულის მქონე ადამიანის მოსაზრებით ეხმარება მას შფოთვის კონტროლში ან უსიამოვნო შედეგების თავიდან არიდებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპულსიური ქცევა ხანმოკლედ ამცირებს შფოთვას და იწვევს შვების განცდას, ის არ უზრუნვეყობს ამ შფოთვისგან განთავისეუფლებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ინარჩუნებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომების ჩაკეტილ წრეს.
კომპულსიები შეიძლება ვლინდებოდეს შემდეგი სახით:
- გადაჭარბებული დაბანა, მაგ. ხელების დაბანა კანის დაზიანებამდე.
- გარემოს მოწესრიგება და მუდმივი დალაგება.
- გამეორებითი შემოწმება, მაგ. ეს შეიძლება იყოს კარის განმეორებით შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ჩაკეტილია ან ღუმელის განმეორებით შემოწმება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის გამორთულია.
- დათვლა - განმეორებით, გარკვეული თანმიმდევრობით და წესით გარემოში არსებული საგნების დათვლა.
- სიტყვის ან ფრაზის ჩუმად რამდენჯერმე გარკვეული თანმიმდევრობით გამეორება.
- დამშვიდების მოთხოვნილება და შემაწუხებელი აზრის „კარგი“ ფიქრით ჩანაცვლების მცდელობა.
- გარემოში არსებული საგნების ან ნივთების ერთი და იგივე თანმიმდევრობით განლაგება.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გვერდითი მოვლენები
მკურნალობის გარეშე, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას შეიძლება სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით გამოწვეული გართულებები შეიძლება იყოს:
- განმეორებით ქცევებზე დახარჯული დიდი დრო.
- კანის დაზიანება, ხელების გახშირებული დაბანის გამო.
- სკოლაში ან სამსახურში სიარულის შეზღუდვა, ან სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის გაძნელება.
- პრობლემები ურთიერთობებში.
- დაქვეითებული ცხოვრების ხარისხი.
- სუიციდური ფიქრები ან სუიციდის მცდელობა.
როგორ ვუმკურნალოთ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას?
კვლევები აჩევენებს, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ეფექტური მკურნალობის მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა. რიგ შემთხვევაში აუცილელებლია მედიკამენტური ჩარევა, ან ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტის კომბინირება.
იმ შემთხევაში, თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ, უნდა იპოვოთ კლინიკა ან ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი, რომელიც სპეციალიზირებულია შფოთვით აშლილობებში.
გაითვალისწინეთ, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფსიქიკური აშლილობა, არ არის ის მდგომარეობა რომლის დიაგნოზის დასმა ან მკურნალობა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია, მიმართოთ გამოცდილ კლინიკურ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, რათა მიიღოთ კვალიფიციური დახმარება.
მასალა თქვენთვის მოამზადა გამმას ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ჭიღვარიამ.






