რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადრატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის საშაულებების გამოყენება?

ინტერვიუ პროფესიონალთან - პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე
ჩვენი სტუმრები არიან
ჩვენი ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრანტი, დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის სუპერვიზორი თამარ ჩოჩიშვილი
და
ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევის თერაპევტი, სუპერვიზორი ია ლომინაშვილი.
ჩვენ ვისაუბრებთ ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის როლსა და მნიშვნელობაზე ბავშვის კომუნიკაციისა და ენობრივი განვითარების პროცესში. ასევე, განვიხილავთ აღნიშნული თემის შესახებ გავრცელებულ მითებს.
პირველ რიგში, მოდით განვმარტოთ რა არის კომუნიკაცია და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ბავშვის განვითარებაში?
კომუნიკაცია არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ადამიანები აზრებს, გრძნობებსა და ინფორმაციას ცვლიან. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ვერბალური (სიტყვიერი), ასევე არავერბალური (ჟესტები, მიმიკა, რაიმე ტიპის სიმბოლოები) გზით. გარდა ამისა, კომუნიკაცია არის ენის განვითარების საფუძველი, რომელიც იწყება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან და სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ ფორმებს იღებს. ის ბავშვს საშუალებას აძლევს, აქტიურად ისწავლოს და გამოიყენოს ენა სოციალურ კონტექსტში.
როდის შეიძლება გახდეს საჭირო ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის (ააკ) საშუალებების გამოყენება და აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება ამაში?
ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის (ააკ) საშუალებები გულისხმობს კომუნიკაციის დამყარების არატრადიციულ ხერხებს, რაც შეიძლება იყოს ჟესტები, თითით ან მზერით მინიშნება, ვოკალიზაციების გამოყენება, სახის გამომეტყველება, საკომუნიკაციო სურათებიანი დაფები და/ან სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები. ეს არის მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანს კომუნიკაციაში. გარდა ამისა, აუგმენტური კომუნიკაცია გულისხმობს მეტყველების შემავსებელ ტექნიკებს, ხოლო ალტერნატიული კომუნიკაცია – მეტყველების ჩამნაცვლებელს და მათი გამოყენება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ან ზრდასრულს, გარკვეული მიზეზების გამო, არ შეუძლია მეტყველებით გამოხატოს თავისი სურვილები, ასეთ შემთხვევებში სპეციალისტები იყენებენ ალტერნატიულ და აუგმენტურ საშუალებებს.
რა მიზანი აქვს ალტერნატიული და აუგმენტური საშუალებების გამოყენებას?
ააკ ცდილობს შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში დააკომპენსიროს დროებითი ან მუდმივი სირთულეები იმ ადამიანებთან, ვისაც აქვთ ენისა და მეტყველების და/ან აღქმის/გაგების შეზღუდვა, როგორც წერის, ასევე ზეპირი კომუნიკაციის დროს და ხელი ეშლება აქტივობის განხორციელებასა და სოციალურ ჩართულობაში (Beukelman & Mirenda, 2007 p.3).
ააკ-ს გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც პიროვნებას აქვს ისეთი დარღვევები, რომელიც გავლენას ახდენს კომუნიკაციური და ენობრივი უნარების განვითარებაზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური, ნევროლოგიური, სენსორული, ფსიქოლოგიური ან კოგნიტიური პროცესებით და შეიძლება იყოს შეძენილი ან თანდაყოლილი (მაგ: განვითარების დარღვევები, გენეტიკური სინდრომები, აუტიზმის სპექტრი, ცერებრული დამბლა, აფაზია, მოტორული სირთულეები, ინტელექტუალური დარღვევები, მეტყველების დარღვევები, ენობრივი განვითარების სირთულეები და სხვ.)
რა ტიპის ალტერნატიული და აუგმენტური საშუალებები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?
ააკ სისტემების ორი ძირითადი ჯგუფი გამოიყენება:
არატექნოლოგიური (Unassisted/No-Tech) ააკ – ესენია კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც არ საჭიროებენ რაიმე ტექნოლოგიას ან მოწყობილობებს, მაგალითად:
- ჟესტები და სხეულის ენა
- სიმბოლოები (მაგალითად, PECS – სურათების კომუნიკაციის სისტემა)
- კომუნიკაციის დაფები, რომლებზეც გამოსახულია სურათები, სიტყვები ან სიმბოლოები
ტექნოლოგიური (Assisted/High-Tech) ააკ – ესენია მოწყობილობები და პროგრამები, რომლებიც კომუნიკაციის გასამარტივებლად გამოიყენება, მაგალითად:
- ხმოვანი გამომთქმელი მოწყობილობები (SGDs – Speech Generating Devices)
- ტაბლეტები და აპლიკაციები (როგორიცაა Proloquo2Go, CoughDrop, LAMP)
- კომპიუტერული ტექნოლოგიები, რომლებიც თვალის მოძრაობით ან ღილაკებით იმართება
მნიშვნელოვანია, რომ ააკ არ ანაცვლებს მეტყველებას – ის ეხმარება ბავშვს კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და, ხშირ შემთხვევაში, მეტყველების განვითარებასაც უწყობს ხელს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ააკ-ს გამოყენება და რაში ეხმარება ის ადამიანს?
ბავშვები, რომლებსაც აქვთ ენისა და მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები, უმეტეს შემთხვევაში ექცევიან სოციალურ იზოლაციაში, რადგან არ შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი სურვილები, საჭიროებები, ცოდნა და ემოციები, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე იმ სოციუმთან, რომელთანაც კომუნიკაცია უწევთ. ააკ-ს გამოყენება, გარდა ენის განვითარების ხელშეწყობისა, ასევე დადებითად აისახება:
- კომუნიკაციისას ფრუსტრაციისა და შფოთვის შემცირებაზე
- ენის განვითარებასა და თვითგამოხატვის უნარის გაუმჯობესებაზე
- საკუთარი საჭიროებების გამოხატვაზე
- მეგობრების შეძენასა და შენარჩუნებაზე
- ახალ გარემოსთან ადაპტაციის ხარისხზე
- ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხზე
დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, იზრდება ოჯახის წევრებისა და მზრუნველების ცხოვრების ხარისხიც (მეტი თავისუფალი დრო სხვადასხვა საქმიანობით დასაკავებლად)
რა ასაკში იწყება ააკ-ს გამოყენება?
ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენება, სასურველია დაიწყოს ადრეული ასაკიდან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის მეტყველების განვითარების შეფერხების არსებობა არ ნიშნავს, რომ ბავშვი არასდროს არ დაიწყებს ლაპარაკს, ადრეული განვითარების ეტაპზე ააკ-ს გამოყენება დაეხმარება მას ენობრივი უნარების უკეთ ათვისებაში და გაუმარტივებს მას სოციალურ ინტერაქციასაც.
ალტერნატიულ და აუგმენტური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულია სხვადასხვა მითები, რამდენად მართალია ისინი და როგორია რეალობა?
დიახ, ასაკთან დაკავშირებით ბევრი მცდარი აზრი არსებობს. მაგალითად:
- მითია ის, რომ ააკ არის ენისა და მეტყველების ინტერვენციაში ბოლო „გამოსავალი“. სინამდვილეში, ეს არ არის გათვლილი მხოლოდ მოზრდილი ბავშვებისთვის, რომლებსაც მეტყველების განვითარების შეფერხება აქვს, არამედ ააკ-ს გამოყენება მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარების ადრეული ეტაპიდან.
- ბავშვი კარგავს საუბრის მოტივაციას - ესეც მითია და სინამდვილეში, ბევრი ემპირიული კვლევა ადასტურებს მეტყველების უნარის გაუმჯობესებას ააკ-ს გამოყენების შემდეგ.
- აფერხებს ან აჩერებს მეტყველების განვითარებას - პირიქით, ის ეხმარება მეტყველების განვითარებაში.
- ასევე მითია, რომ ბავშვი უნდა ფლობდეს გარკვეულ უნარებს, რომ ისარგებლოს ააკ-თი, ან ააკ-ს გამოყენება საჭიროებს გარკვეულ კოგნიტიურ შესაძლებლობებს, სიმართლე კი ისაა, რომ ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია მასზე მორგებული ააკ-ს გამოყენება.
- ააკ-ს გამოყენება რომ დაიწყოს, ბავშვმა უნდა მიაღწიოს გარკვეულ ასაკს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ააკ-ს გამოყენება ადრეული ასაკიდანვეა რეკომენდებული.
და ბოლოს, ვინ ასწავლის ბავშვს ალტერნატიული და აუგმენტური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას?
ააკ-ს გამოყენების სწავლება შეუძლია როგორც ენისა და მეტყველების თერაპევტს, ასევე მისი სწავლება შეიძლება განხორციელდეს ქცევის თერაპიის ფარგლებშიც. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ სწავლება ეფექტურია, როდესაც პროცესში ჩართულები არიან ის ადამიანები, ვისთანაც ბავშვი ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. მაგალითად, მშობლები, მზრუნველი და ა.შ.