რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადრა არის ჯგუფური ABA (ქცევის) თერაპია?

რუბრიკა: ინტერვიუ პროფესიონალთან - პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე
ჩვენი სტუმარია მაგდა გიორგაძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევითი თერაპევტი, სუპერვიზორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქცევის ანალიტიკოსის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტი.
მასთან ერთად განვიხილავთ ჯგუფური ABA (ქცევის) თერაპიის როლსა და მნიშვნელობას.
📌 კითხვა: მაგდა, რა არის ჯგუფური ABA თერაპია?
📖 მაგდა გიორგაძე: სანამ უშაუალოდ ჯგუფურ თერაპიაზე ვისაუბრებთ, გეტყვით თუ რა არის ABA (ქცევითი) თერაპია და როგორ ხორციელდება ის. ABA, იგივე ქცევითი თერაპია არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც იყენებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს და მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის დასწავლა მის წინაპირობასა და შედეგზე მანიპულირებით.
თერაპია ხორციელდება ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, შეფასებით და მონაცემების გაანალიზებით, რომლის საფუძველზეც ხდება განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენა და მისი განხორციელება.
ქცევითი თერაპია ტარდება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ერთი-ერთზე და მისი მთავარი მიზანია ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირების ხარისხის გაზრდა. ჯგუფური ABA თერაპია კი გულისხმობს რამდენიმე ბავშვისგან შემდგარ სტრუქტურირებულ სესიას, რომელსაც ხელმძღვანელობენ ABA თერაპევტები. მისი ძირითადი მიზანია სოციალური, კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
ამ სესიების დროს ბავშვები ჩართულნი არიან ისეთ აქტივობებში, როგორიცაა რიგის დაცვა, დიალოგის წამოწყება, ემოციების გაზიარება და კომუნიკაცია. თერაპიის პროცესში სტრუქტურირებული და გუნდური თამაშები ეხმარება ბავშვებს არა მხოლოდ უნარების განვითარებაში, არამედ მათ სოციალურ ინტერაქციაშიც.
📌 კითხვა: რა არის თერაპევტების როლი ჯგუფურ თერაპიაში?
📖 მაგდა გიორგაძე: თერაპევტები ჯგუფურ თერაპიაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ისინი აკონტროლებენ პროცესს, ხელს უწყობენ თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მყისიერ დახმარებას უწევენ.
ასევე, თერაპევტები აკვირდებიან ინდივიდუალურ პროგრესს და ინტერვენციებს ადგენენ თითოეული ბავშვის საჭიროებების მიხედვით. მათი მიზანია, სესიები იყოს მაქსიმალურად ინტერაქციული, საინტერესო და ეფექტური.
📌 კითხვა: რა არის ჯგუფური თერაპიის მთავარი უპირატესობები?
📖 მაგდა გიორგაძე: ჯგუფური ABA თერაპია ფოკუსირდება:
- თანატოლთა მოდელირებით სწავლებაზე:
მოგეხსენებათ, თანატოლთან ერთად სწავლა ბავშვებისთვის სახალისო და სასიამოვნო პროცესია. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ სხვები წარმატებით მონაწილეობენ სოციალურ სიტუაციებში, ეს მათთვის ქცევის მოდელი ხდება, ბაძავენ ჯგუფელებს და თავადაც ერთვებიან აქტივობაში. ასეთ გარემოს შეუძლია გაზარდოს მოტივაცია და თვითშეფასება, ხელი შეუწყოს ემოციურ კეთილდღეობას და პიროვნულ ზრდას.
პიროვნული ზრდა, საშუალებას აძლევს ბავშვებს თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, მიიღონ აღიარება თანატოლებისგან და განავითარონ ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა. ეს ემოციური კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ის ამცირებს იზოლაციის სურვილს და აძლიერებს თავდაჯერებულობას.
2. რეალური სიტუაციების სიმულაციაზე:
რეალური სიტუაციების სიმულაცია საშუალებას აძლევს ბავშვებს, გამოიყენონ თავიანთი სოციალური უნარები კონტროლირებად გარემოში და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ დროული დახმარება ან რჩევა თერაპევტისგან.
სტრუქტურირებული აქტივობის საშუალებით ბავშვები ერთვებიან ისეთ სცენარებში, რომელიც იმეორებს სოციალურ კონტექსტს. ეს კი საშუალებას აძლევს მათ, ისწავლონ ძირითადი მინიშნებების ამოცნობა, გადაჭრან სხვადსხვა ტიპის სირთულე დამოუკიდებლად და დაიცვან საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის ნორმები.
3. უნარების განზოგადებაზე:
ჯგუფური თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია უნარების განზოგადებისთვის, რადგან ის ქმნის რეალურ, სოციალური ინტერაქციებით მდიდარ გარემოს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაიმეორონ, გამოავლინონ და განავითარონ ის უნარები, რომელიც ინდივიდუალური თერაპიის დროს შეიძინეს.
4. სოციალიზაციაზე:
ჯგუფური თერაპია ხელს უწყობს სოციალიზაციას. ბავშვებს ეძლევათ თანატოლებთან ურთიერთობის გამყარებისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც გადამწყვეტია ბავშვის ემოციური განვითარებისთვის. მათ უწევთ ურთიერთობა სხვადასხვა ხასიათისა და უნარების მქონე ჯგუფის წევრებთან, რაც რეალურ სოციალურ გარემოს კიდევ უფრო ემსგავსება.
📌 კითხვა: შეგვიძლია ერთი, კონკრეტული მაგალითი მოგვიყვანოთ, რომ უფრო მეტად გასაგები იყოს?
📖 მაგდა გიორგაძე: რა თქმა უნდა. რამდენიმე მარტივ, მაგრამ ძალიან ეფექტურ აქტივობას გაგიზიარებთ:
თამაში: “შეცვალე და დაასრულე” - ერთი ბავშვი იწყებს წინადადებას (მაგალითად: “ერთხელ ტყეში…”), შემდეგი აგრძელებს, მაგრამ წინა ნაწერს ვერ ხედავს. საბოლოოდ მიიღება პატარა მოთხრობა, რომელიც ძალიან სახალისო და მოულოდნელია. თამაშის სარგებელი: ავითარებს კომუნიკაციის, კრეატიულობისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
თამაში: “საგანძური” - ბავშვები გუნდებად იყოფიან და ოთახში დამალულ “საგანძურს” ეძებენ მინიშნებების მიხედვით. თამაშის სარგებელი: ეს პროცესი ავითარებს კონცენტრაციას და კოორდინაციას.
თამაში: “ჯადოსნური ყუთი” - ყუთში მოთავსებული ნივთები ბავშვებმა შეხებით უნდა ამოიცნონ. თამაშის სარგებელი: ხელს უწყობს სენსორული უნარების განვითარებას და ფორმების თუ ტექსტურების გარჩევის სწავლას.
📌 კითხვა: როგორ შეაფასებდით ჯგუფური ABA თერაპიის ზოგად დანიშნულებას?
📖 მაგდა გიორგაძე: ეს არის გზა, რომელიც ეხმარება ბავშვებს სოციალური ბარიერების გადალახვაში, უნარების განზოგადებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
📌 ბოლო შეკითხვა: რა არის თქვენი გზავნილი მშობლებისთვის?
📖 მაგდა გიორგაძე: ჯგუფური ABA თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვების სოციალური უნარების განვითარებისთვის. მშობლებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენონ ჯგუფური აქტივობები, რადგან სწორედ ასეთი ინტეგრირებული მიდგომები ამზადებს ბავშვს რეალურ ცხოვრებისთვის.