სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

59


დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი - კომპლექსური თერაპიული მიდგომა ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის


დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი - კომპლექსური თერაპიული მიდგომა ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის

დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი (ESDM) არის სამეცნიერო კვლევებით გამყარებული თერაპიული მიდგომა აუტიზმის, აუტიზმის რისკის ან აუტიზმის ნიშნების მქონე ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ამ მოდელის ჩარჩო აერთიანებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ტექნიკებსა და განვითარების ფსიქოლოგიის მიგნებებს. კვლევების მიხედვით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს თავის ტვინის განსხვავებული განვითარების გამო ჩვილობიდანვე აღენიშნებათ სოციალური ურთიერთობების დამყარების მოტივაციის ნაკლებობა და იმიტაციის (სხვათა მოქმედებების მიბაძვისა და გამეორების) უნარის დეფიციტი. შესაბამისად, მიდგომის მთავარი პრიორიტეტია ბავშვისთვის სოციალური ურთიერთობები იქცეს სასიამოვნო გამოცდილებად იმისთვის, რომ პატარებში აღვძრათ გარშემომყოფებსა და სამყაროზე დაკვირვებისა და მისი შემეცნების მოტივაცია.

 

რა არის დენვერის მოდელის (ESDM) ძირითადი უპირატესობები?

კვლევები აჩვენებს, რომ ESDM მეთოდით ინტენსიური თერაპიული ჩარევა:

● აუმჯობესებს სამეტყველო ენისა და ზოგადი კომუნიკაციის უნარებს;

● აუმჯობესებს შემეცნებითი და ადაპტაციური ქცევის უნარებს;

● ზრდის ბავშვის სოციალურ ჩართულობას და ამცირებს აუტიზმის მახასიათებელ ნიშნებს;

● ავლენს პოზიტიურ აქტივობაა ტვინის იმ უბნებში, რომელიც უკავშირდება სოციალურ, კომუნიკაციის და სწავლის უნარებს;

● უზრუნველყოფს გრძელვადიან სარგებელს - ბავშვის უნარების პროგრესი შენარჩუნებულია დროთა განმავლობაში.

 

რაში მდგომარეობს დენვერის მოდელის (ESDM-ის) განსაკუთრებულობა?

1. ურთიერთობაზე ორიენტირება: ESDM ქმნის სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებს თამაშის საშუალებით. აქცენტს აკეთებს ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც სწავლას უფრო ხალისიანს ხდის.

2. მონაცემებზე დაფუძნებული და მოქნილი: იყენებს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) ზუსტ სასწავლო ტექნიკებს. პროგრესი მუდმივად მოწმდება და ჩარევა მორგებულია თითოეული ბავშვის უნიკალურ საჭიროებებზე. თერაპევტი მიჰყვება დეტალურ სასწავლო გეგმას, რომელიც მოიცავს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს.

3. პრაქტიკულია ოჯახებისთვის და საზოგადოებისთვის: ESDM შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს ბავშვის ბუნებრივ გარემოში, როგორიცაა სახლი ან სააღმზრდელო დაწესებულება.

4. ბავშვის თავის ტვინის ადრეული ნეიროპლასტიურობის გამოყენება: ადრეულ ასაკში ჩარევა თავის ტვინის ნეიროპლასტიურობის ხარჯზე იქცევს მნიშვნელოვან და გრძელვადიან გაუმჯობესებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის შესახებ კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.esdm.co/research-articles

 

როდის არის რეკომენდებული მივმართოთ სპეციალისტს?

სპეციალისტს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვი არის 12 თვიდან 18 თვემდე ასაკის:

● არ გიღიმით ღიმილზე საპასუხოდ;

● თავს არიდებს და არ ამყარებს გარშემომყოფებთან თვალით კონტაქტს;

● არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე;

● არ ტიტინებს და არ წარმოთქვამს სიტყვებთან მიმსგავსებულ მარცვლებს;

● არ იყენებს ჟესტებს კომუნიკაციისთვის;

● არ მიუთითებს თითით მისთვის საინტერესო ნივთებზე;

● არ იწყებს სათამაშოებით ფუნქციურად თამაშს;

● არ იმეორებს მარტივ მოქმედებებს საგნებით ან სხეულით;

● არ ასრულებს მარტივ, ყოველდღიურ ინსტრუქციებს;

● არ აზიარებს ნივთებს ან ემოციებს;

● ახასიათებს ხშირი ტანტრუმები.

 

სპეციალისტთან კონსულტაციისა და თერაპიაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 558999985.

 

მასალა თქვენთვის მოამზადა განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრმა, დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის II დონის სერტიფიცირებულმა თერაპევტმა ნინო ნიკოლეიშვილმა.

ბოლო ჩანაწერები