სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

400


ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივი გავლენა ბავშვის კომუნიკაციის უნარზე


ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივი გავლენა ბავშვის კომუნიკაციის უნარზე

🔍 იმის გასარკვევად, ახდენს თუ არა ხანგრძლივ გავლენას ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის განვითარებაზე, იაპონელებმა შეისწავლეს 7097 ბავშვი და კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალში PAMA Pediatrics [2023;177(10):1039-1046. doi:10.1001/jamapediatrics.2023.3057]. 

🔍 საერთოდ, ეკრანთან გატარებულ დროდ ითვლება ის დრო, რასაც ბავშვი უთმობს ტელევიზორის ყურებას, ვიდეო-თამაშებს, ტელეფონს, პლანშეტს ან სხვა ელექტრონულ მოწობილობას. ბავშვების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (https://apps.who.int/iris/handle/10665/311664) და ამერიკის პედიატრიის აკადემიამ (Council on Communications and Media. Media and young minds. Pediatrics. 2016;138(5):e20162591. doi:10.1542/peds.2016-2591) შეიმუშავეს გაიდლაინები, რაც აწესებს ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვას 2-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის 1 საათამდე. კვლევებით დადგენდა, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, რაც უკავშირდება ეკრანიანი მოწყობილობების ფართოდ გავრცელებას. 

🔍 წინა რამდენიმე კვლევითაც უკვე ცნობილი იყო ბავშვის განვითარებაზე ეკრანთან გადატარებული დროის უარყოფითი გავლენა, თუმცა არ იყო დაზუსტებული, რამდენად დროში განგრძობადია ეს გავლენა. 

🔍 იაპონელებმა ეკრანთან გატარებული დრო დაყვეს 4 ვარიანტად: დღეში 1 საათამდე, 1-დან 2 საათამდე, 2-დან 4 საათამდე და 4 საათზე მეტი. ბავშვები შეაფასეთ ასაკისა და ეტაპების კითხვარის (Ages & Stages Questionnaires) იაპონური ვერსიით 2 და 4 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვარის ქართული ვერსიაც გვაქვს და გამოიყენება საქართველოში. 

🔍 7097 ბავშვიდან 51.8% ბიჭი იყო და 48.2% - გოგონა. ბავშვების თითქმის ნახევარი, 48.5% (3440 ბავშვი) დღეში 1 საათზე ნაკლებს ატარებდა ეკრანთან, დაახლოებით მესამედი, 29.5% (2095 ბავშვი) – 1-დან 2 საათამდე დღეში, მეხუთედზე ნაკლები, 17.9% (1272 ბავშვი) – 2-დან 4 საათამდე), ხოლო 4.1% (290 ბავშვი) – 4 საათზე მეტს. 

🔍 აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი იყო ეკრანთან გატარებული დრო, მით მეტად უარესდებოდა ბავშვის კომუნიკაციის უნარების განვითარება როგორც 2 წლის, ასევე, 4 წლის ასაკში. კომუნიკაციასთან ერთად უარყოფითი გავლენა რჩებოდა პრობლემის გადაჭრის უნარზეც. 

🔍 კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადრეულ ასაკში ეკრანთან გართობის მავნე გავლენა ბავშვის განვითარებაზე, რასაც ხანგრძლივი უარყოფითი ეფექტიც აღმოაჩნდა. 

📱 მიუხედავად იმისა, რამდენად გვიიოლდება ბავშვის გაზრდა, როცა გასართობად ტელეფონს ან პლანშეტს მივცემთ და ისიც მონუსხულივით ერთობა და აღარ გვაწუხებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით საფრთხეს ვუქმნით მის განვითარებას, რისი ანაზღაურებაც ვეღარ ხდება. ბავშვის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უშულო კონტაქტი, ერთად გართობა და ერთად აღმოჩენების გაკეთებაა. 

ბოლო ჩანაწერები