სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

612


🔖როგორ დავეხმაროთ ბავშვს ადრეული მათემატიკური უნარების განვითარებაში – რეკომენდაციები მშობლებისთვის


🔖როგორ დავეხმაროთ ბავშვს ადრეული მათემატიკური უნარების განვითარებაში – რეკომენდაციები მშობლებისთვის
📍

მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ადრეული მათემატიკური უნარების განვითარება იწყება ჯერ კიდევ ერთი წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი თამაშით იწყებს საგნების ზომის, ფორმისა და რაოდენობის მიხედვით განსხვავების აღმოჩენას. დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის ასაკიდან კი ბავშვს უკვე ესმის შეკრების და გამოკლების ოპერაციების ცნება. ადრეული მათემატიკური უნარები მოიცავს:

 საგნების ზომის, ფორმისა და სხვა ნიშნის მიხედვით მიმდევრობის გაგებას.

 ზეპირად დათვლის უნარს (წინ- და უკუ-თვლას).

 რიცხვების ამოცნობას.

 მეტი და ნაკლები რაოდენობის ამოცნობას.

 რიცხვისა და რაოდენობის შესაბამისობის გაგებას.

📍

სკოლის ასაკში კი მათემატიკური უნარების განვითარება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან უნარებს როგორიცაა:

 რიცხვითი ცნებები – ეს არის ზუსტად დათვლის უნარი და რიცხვებს შორის ურთიერთობების დანახვის უნარი, როგორიცაა შეკრება და გამოკლება.

 გამოსახულება ანუ მათემატიკური იდეების „რეალურად“ ქცევა სიტყვების, სურათების, სიმბოლოების და საგნების გამოყენებით.

 სივრცითი მიმართებები – ფორმის, ზომის, სივრცის, პოზიციის, მიმართულების და მოძრაობის იდეის გაგება.

 გაზომვა – ობიექტის სიგრძის, სიმაღლისა და წონის დადგენა სხვადასხვა საშუალებით.

 შედარება ანუ ისეთი ცნებების გამოყენება როგორიცაა მეტი, ნაკლები, დიდი, პატარა.

 შაბლონები – საგნების, რიცხვების, ფორმების, სურათების განმეორება ლოგიკური გზით. შაბლონები ეხმარება ბავშვს ისწავლოს: პროგნოზის გაკეთება; იმის გაგება, თუ რა მოხდება შემდეგ; ლოგიკური კავშირების დამყარება და მსჯელობის უნარის გამოყენება.

 პრობლემის გადაჭრა – პრობლემაზე ფიქრი და ერთზე მეტი გზით ამოხსნის უნარი, რაც ნიშნავს წარსული ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების უნარების გამოყენებას პასუხის მოსაძებნად.

📍

ადრეული მათემატიკური უნარების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის როლი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვის მათემატიკური უნარების განვითარებაში:

 დათვალეთ და დაალაგეთ – შეაგროვეთ პატარა სათამაშოები, კენჭები ან ღილები ცალ-ცალკე კალათაში. დაითვალეთ ისინი თქვენს შვილთან ერთად. დაალაგეთ ისინი ზომის და ფერის მიხედვით (მაგალითად, ყველა მანქანა ერთ კალათაში, ყველა ცხოველი – მეორეში).

 გაისეირნეთ – გასეირნება ბავშვს ბევრ შესაძლებლობას აძლევს შეადაროს სხვადასხვა საგანი (რომელი ქვა უფრო დიდია?). შეგიძლიათ ისაუბროთ ზომაზე (დიდი და პატარა ნაბიჯების გადადგმით), შეაფასოთ მანძილი (პარკი ჩვენს სახლთან ახლოს არის თუ შორს?) და ივარჯიშოთ დათვლაზე (მოდი, დავთვალოთ რამდენი ნაბიჯია იმ სახლის კუთხემდე).

 ჩამოარიგეთ – სთხოვეთ თქვენს შვილს დახმარება, მაგიდაზე თეფშების, ჭიქების ან ხელსახოცების დაწყობისას. ამ დროს ხაზი გაუსვით რაოდენობის ცნებას: „ერთი – შენ, ერთი – მე, ერთი – მამას“.

 ააწყვეთ კუბები – მიეცით თქვენ შვილს საშუალება ითამაშოს ხის ან პლასტმასის კუბებით, ცარიელი ყუთებით, რძის კოლოფებით და ა.შ. სათამაშოების დაწყობა და მანიპულირება ეხმარება ბავშვს, გაეცნოს ფორმებს და მათ შორის ურთიერთობას (მაგალითად, ორი სამკუთხედი ქმნის კვადრატს).

 ერთად დაამზადეთ – მცირეწლოვან ბავშვსაც კი შეუძლია დაგეხმაროთ საოჯახო საქმიანობაში (მაგალითად, ნამცხვრის მომზადებაში). ამ დროს ის ბუნებრივად სწავლობს დათვლას, გაზომვას, დამატებას და შეფასებას.

წარმატებებს გისურვებთ!

📚

მასალა თქვენთვის მოამზადა სოფიკო კოზმანაშვილმა, გამმას აკადემიურმა თერაპევტმა.

📖

გამოყენებული ლიტერატურა:

 Bowman, B.T., Donovan, M.S., & Burns, M.S., (Eds.). (2001). Eager to learn: Educating our preschoolers. Washington, DC: National Academy of Sciences.

 Diezmann, C., & Yelland, N. J. (2000). Developing mathematical literacy in the early childhood years. In Yelland, N.J. (Ed.), Promoting meaningful learning: Innovations in educating early childhood professionals. (pp.47–58). Washington, DC: National Association for the Education of Young Children

ბოლო ჩანაწერები