სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

143


როგორ მოიქცეთ, თუ საზოგადოებრივ სივრცეში ხედავთ აუტიზმის მქონე, მარტო მყოფ ბავშვს?


როგორ მოიქცეთ, თუ საზოგადოებრივ სივრცეში ხედავთ აუტიზმის მქონე, მარტო მყოფ ბავშვს?

გვინდა გაგიზიაროთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოგცეთ რჩევები, თუ როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ უფრო ეფექტურად ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ქუჩაში ხედავთ მარტო მყოფ არავერბალ (არამეტყველ) ან ცალკეული სიტყვებით/მარტივი ფრაზებით მეტყველ (მცირედ მეტყველ) ბავშვს, რომელიც ჰგავს დაკარგულს ან გამოპარულს. 

ამ მნიშვნელოვან საკითხზე განმარტებას გვაძლევს ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგი ელენე ყურაშვილი.

აუტიზმის მქონე არავერბალი ან ცალკეული სიტყვებით/მარტივი ფრაზებით მეტყველი ადამიანების და მათი რესურსის შესახებ, საზოგადოების დიდ ნაწილს, ხშირად, რეალობასთან შეუსაბამო წარმოდგენა აქვთ. ეს კი ხელს უშლით, რომ კრიზისულ სიტუაციაში იყვენენ უფრო მეტად ეფექტურები და შექმნან უფრო მხარდამჭერი, ემპათიური და პასუხისმგებლიანი გარემო ჩვენი სოციუმის ყველა წევრისთვის. 

თუ ქუჩაში ხედავთ მარტო მყოფ არავერბალ ან ცალკეული სიტყვებით/მარტივი ფრაზებით მეტყველ ბავშვს, რომელიც ჰგავს დაკარგულს ან გამოპარულს, პირველ რიგში გაითვალისწინეთ:

  • ამ ბავშვის მშობლებს და მასთან მომუშავე სპეციალისტებს იმაზე მეტი აქვთ ნაფიქრი მისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უნარების სწავლებაზე, ვიდრე საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია წარმოიდგინოს. 
  • ამ ბავშვების უმეტესობას შეუძლია რაიმე ფორმით მოგაწოდოთ ინფორმაცია მათი საცხოვრებლის ან ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების შესახებ. 

შემდეგ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით ინსტრუქციას: 

  • პირველ რიგში, მყისიერად დარეკეთ საპატრულო პოლიციაში (112-ზე) და დააფიქსირეთ ზარი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ.
  • თუ ბავშვი განერვიულებულია და მის ჯანმრთელობას მყისიერი საფრთხე არ ემუქრება (მაგ. დგას საფეხმავლო ბილიკზე და არა გზის პირას, სადაც შესაძლოა მანქანების მოძრაობა უქმნიდეს საფრთხეს), ეცადეთ, ძალიან ახლოს არ მიხვიდეთ, დაიცვათ დისტანცია და მოშორებით მანძილიდან (დაახლოებით 0.5 - 1 მეტრიანი დისტანციიდან), მშვიდი ტონით მიმართოთ.
  • ესაუბრეთ მარტივი ენით და უთხარით: "მითხარი დედას ტელეფონის ნომერი", "მითხარი მამას ტელეფონის ნომერი". აღნიშნული გაუმეორეთ რამდენჯერმე, სანამ დარწმუნდებით, რომ ბავშვის ყურადღება თქვენკენაა მოპყრობილი. თუ ყურადღება თქვენკენაა მომართული, მაგრამ ბავშვი პასუხის გაცემას ვერ ახერხებს, მიჰყევით შემდეგ ეტაპებს:
  • მიაწოდეთ ტელეფონი ისე, რომ თავად შეეძლოს ნომრის აკრეფა და უთხარით: "დაურეკე დედას" ან "დაურეკე მამას". 
  • თუ ხედავთ, რომ ჩამოთვლილ კითხვებზე და ინსტრუქციებზე ბავშვი არ რეაგირებს, წინასწარ გააფრთხილეთ, რომ ახლა მიუახლოვდებით და შეეხებით მის ქურთუკს, ჩანთას ან ხელს. ნელი მოძრაობით, ფრთხილად შეამოწმეთ ქურთუკის შიდა ნაწილები, ჩანთის უკანა მხარე ან ხომ არ უკეთია ინფორმაციული სამაჯური. ქურთუკის ან ჩანთის შიდა ნაწილებშიშეიძლება იპოვოთ მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც შეძლებთ დაკავშირებას.
  • თუ ვერაფერს იპოვით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის მოსვლამდე, დარჩით ბავშვთან ერთად, იდექით 1 მეტრის რადიუსში, მხარდაჭერა გამოხატეთ ახლოს დგომით. თუ ბავშვი მოგიახლოვდებათ, ესაუბრეთ მშვიდი ტონით, გაუღიმეთ, გაუწოდეთ ხელი. საჭიროების შემთხვევაში, ეცადეთ უზრუნველყოთ მისი უსაფრთხოება (მაგ. თუ ცდილობს გზისკენ გაქცევას, ეცადეთ წინ გადაეღობოთ და ამგვარად შეუშალოთ ხელი; მოერიდეთ ხელით დაჭერას და გაკავებას, გარდა უკიდურესად კრიტიკული ვითარებისა).

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • თუ თქვენი შვილი მცირედ მეტყველი ან არავერბალია, ეცადეთ ასწავლოთ თქვენი ტელეფონის ნომერი (დაასახელოს სიტყვიერად ან/და აკრიფოს შესაბამის ველში).
  • თუ ზემოთაღნიშნული რთულად მისაღწევია, აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბავშვის სამოსის შიდა ნაწილში, ჩანთის საზურგეზე ან/და სპეციალურ სამაჯურზე (იხ. ფოტოები). 

ვეცადოთ ვიყოთ პასუხისმგებლიანები და ემპათიურები. ერთად შევქმნათ საზოგადოების ყველა წევრისთვის უსაფრთხო გარემო და გავაადვილოთ ერთმანეთის ყოველდღიურობა!

ბოლო ჩანაწერები