რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადრთული ქცევის მართვა ოჯახურ გარემოში

ინტერვიუ პროფესიონალთან - პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე
ჩვენი სტუმარია თამარ (თამუნა) ხარაბაძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბათუმში ჩვენი ცენტრის ქცევის თერაპევტი და სუპერვიზორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქცევის ანალიტიკოსის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტი.
საუბრის თემაა რთული ქცევის მართვა ოჯახურ გარემოში.
📌 თამუნა, მოდი ჯერ იმით დავიწყოთ, თუ რა ითვლება რთულ ქცევად?
📖 რთულია ქცევა, რომელიც ადამიანს (ბავშვს ან მოზარდს) უქმნის სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ზიანს აყენებს მას, მის გარემოს ან სხვებს. ეს ქცევები შეიძლება იყოს ინტენსიური, განმეორებადი და კონტექსტზე (სიტუაციაზე) დამოკიდებული.
📌 რატომ არის საჭირო ყურადღების გამახვილება ოჯახურ გარემოში რთული ქცევის მართვაზე?
📖 ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვი ყველაზე მეტ დროს ატარებს და ამ გარემოში მართული ქცევა აყალიბებს არა მხოლოდ უკეთეს ქცევით ჩვევებს, არამედ ემოციურად ჯანმრთელ პიროვნებას.
ოჯახურ გარემოში რთულ ქცევად ითვლება ისეთი ქცევები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობას, ყოველდღიურ ყოფას და ურთიერთობებს. ის შეიძლება მოიცავდეს:
• ემოციურ სირთულეებს - ხშირი გაბრაზება, აფეთქებები, უკონტროლო ტირილი.
• აგრესიულობას - სხვებისადმი ხელით შეხება, ყვირილი, ნივთების დამტვრევა.
• დაუმორჩილებლობას - წესების ან მითითებების იგნორირება.
• ქცევის განმეორებადობას - ქცევა ხდება რეგულარული, რაც ოჯახის წევრებს უქმნის სირთულეებს.
• ძილის ან კვების სირთულეებს - ჭამის ან ძილის პროცესის მკვეთრი უარყოფა, რუტინის დარღვევა.
• და-ძმასთან და მშობლებთან კონფლიქტს - აგრესია ან ეჭვიანობა და მეტოქეობა და-ძმასთან, მშობლების ყურადღების მიპყრობის ,,გათამაშება“.
📌 თუ ბავშვი ოჯახში ასე იქცევა, რას ურჩევდით მშობლებს?
📖 მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვის რთული ქცევა შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვადასხვა ფაქტორს, რომელთა ამოცნობა დაეხმარებათ, რომ შედარებით იოლად მართონ ქცევა. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს:
• სტრესი და გადაღლილობა - როცა ბავშვი გადატვირთულია, მას უჭირს ემოციების მართვა.
• ფრუსტრაცია და იმედგაცრუება - როცა ბავშვს რაიმე არ გამოსდის ან მის სურვილებს არ ითვალისწინებენ.
• შიში და შფოთვა - როცა ბავშვი რამეზე ღელავს, მაგრამ სიტყვიერად ვერ გამოხატავს.
• შეუმჩნევლობის განცდა - როცა ბავშვი ცდილობს, მიიპყროს ყურადღება.
• ემოციების გამოხატვის სირთულე - როცა ბავშვი ვერ აცნობიერებს საკუთარ ემოციას და არ იცის როგორ უნდა გადმოსცეს.
• შეცვლილი ან არასტაბილური გარემო - როცა ხდება საცხოვრებელი ადგილის, ბაღის ან რუტინის ცვლილება, რაც მისთვის სტრესულია.
• ბავშვის მიმართ განსხვავებული მიდგომა ოჯახის სხვადასხვა წევრისგან - როცა ერთი მშობელი მკაცრ წესებს აწესებს, მეორე კი მუდმივად არღვევს მათ. ეს ბავშვს აბნევს.
• წესების და საზღვრების არარსებობა ან ზედმეტი კონტროლი - როცა ბავშვი ვერ გრძნობს სტაბილურ ჩარჩოებს, ან პირიქით, ზედმეტად შეზღუდულია, ეს შეიძლება პროტესტის ან იმპულსური ქცევის მიზეზი გახდეს.
• გარემოს გადაჭარბებული სტიმულაცია ან მონოტონურობა - როცა ბავშვი ზედმეტად ბევრ შთაბეჭდილებას იღებს (ხმაური, ეკრანები, აქტივობები), ან თუ მისი ყოველდღიურობა ზედმეტად ერთფეროვანია.
• ასაკობრივი თავისებურებები - ზოგიერთი ქცევა ბავშვის ბუნებრივი განვითარების ნაწილია, მაგალითად, 2-4 წლის ასაკში ,,არა’’-ს თქმა და დამოუკიდებლობის მოთხოვნა.
• ენისა და კომუნიკაციის სირთულეები - როცა ბავშვი ვერ ახერხებს სათანადოდ გადმოსცეს თავისი ფიქრები და საჭიროებები.
• გრძნობათა აღქმის (სენსორული) სირთულეები - როცა ბავშვი მგრძნობიარეა ხმაურის, შეხების, სინათლის ან სხვა გამღიზიანებლის მიმართ.
• ბავშვის ურთიერთობა თანატოლებთან ან უფროსებთან - როცა ბავშვის გარემო ბაღში ან ოჯახში კონფლიქტურია.
• გაურკვეველი მოლოდინები - როცა ბავშვმა არ იცის, რა შედეგი მოჰყვება მის ქცევას (რაზე დასჯიან, რაზე - არა).
მშობლები უნდა შეეცადონ, შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილონ ან გაითვალისწინონ ბავშვის რთული ქცევის ხელშემწყობი ფაქტორები.
ასევე, ყურადღება უნდა მიაქციონ:
1. ქცევის ხანგრძლივობას და ინტენსივობას:
• თუ რთული ქცევა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და არ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ცდილობს მის მართვას.
• თუ ქცევა ძალიან ინტენსიურია (მაგალითად, ბავშვი ხშირად არის აგრესიული, ვნებს თავს ან სხვებს).
2. გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე:
• თუ ბავშვის ქცევა შეიცვალა უარესობისკენ და ეს ზღუდავს მის ფუნქციონირებას (მაგალითად, აღარ უნდა ბაღში წასვლა, თამაშს თავს არიდებს, ვერ უმკლავდება ჩვეულებრივ ამოცანებს).
• თუ ბავშვს უჭირს ურთიერთობა თანატოლებთან ან ხშირად ხვდება კონფლიქტურ სიტუაციებში.
• თუ ქცევა ოჯახში დაძაბულობას იწვევს და მშობლები გრძნობენ, რომ ვერ ახერხებენ მის მართვას.
3. ემოციურ სიგნალებს
• თუ ბავშვი ხშირად გაღიზიანებულია, შფოთავს ან დეპრესიულად გამოიყურება.
• თუ ხშირად აქვს ემოციური აფეთქებები, რომლებიც ასაკთან შედარებით ზედმეტად მძაფრია.
• თუ მისი განვითარება უკანა საფეხურზე ბრუნდება (მაგალითად, იბრუნებს ძველ ჩვევებს, თითის წოვას, ენის ბორძიკს და ა. შ.).
4. ფიზიკურ სიგნალებს
• თუ ბავშვს ეწყება ძილის ან კვების პრობლემები, რაც ადრე არ ჰქონდა.
• თუ ხშირად უჩივის მუცლის ტკივილს, თავის ტკივილს ან სხვა ფიზიკურ დისკომფორტს, რომელსაც სამედიცინო საფუძველი არ აქვს.
• თვითდამაზიანებელი ქცევა.
• თუ უჭირს დამშვიდება მშობლის დახმარებითაც კი.
ამ ნიშნების არსებობა იმის მიმანიშნებელია, რომ ბავშვს მშობლის დახმარება სჭირდება.
📌 რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს ბავშვის ემოციური რეგულაციის გასაუმჯობესებლად და რთული ქცევის სამართავად?
📖 პირველ რიგში მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს ემოციების ამოცნობა და დასახელება, რისთვისაც საჭიროა, რომ:
• დაეხმაროს ბავშვს, დაასახელოს თავისი ემოცია: ,,მგონია, რომ ახლა გაბრაზებული ხარ, გინდა ვისაუბროთ?’’
• გამოიყენოს ემოციათა ბარათები ან სარკე, რომ ბავშვმა უკეთ შეამჩნიოს და აღიაროს თავისი ემოციები.
• ხშირად ესაუბროს საკუთარ ემოციებზე: ,,მე ახლა ცოტა ვღელავ, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქავ და მოვდუნდები.’’
• წაუკითხეთ ზღაპრები და ერთად განიხილეთ ზღაპრის გმირების ემოციები.
შეუძლია ბავშვს ასწავლოს სუნთქვისა და რელაქსაციის ისეთი ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა:
• ღრმა სუნთქვა (,,ჩაისუნთქე ცხვირით, ამოისუნთქე პირით, როგორც სანთლის ჩაქრობა’’)
• კუნთების მოდუნება - სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაჭიმვა და შემდგომ მოდუნება.
• მყუდრო კუთხე - სივრცე, სადაც ბავშვი დაჯდება და დამშვიდდება, როცა გადაღლილია ან გაბრაზებულია.
ასევე, შეუძლია ბავშვს ასწავლოს ალტერნატიული ქცევის გამოყენება ემოციებთან გასამკლავებლად:
• როცა გაბრაზებულია - ხატოს, დახუჭოს თვალები და დაითვალოს 10-მდე, ან ჩაეხუტოს რბილ სათამაშოს.
• როცა ნერვიულობს - მოუსმინოს დამამშვიდებელ მუსიკას ან შეასრულოს სუნთქვითი ვარჯიში.
• როცა მოწყენილია - დაკავდეს საყვარელი აქტივობით ან მოითხოვოს ჩახუტება.
• როცა უჭირს ემოციის რეგულირება - აქტიურად იმოძრაოს, ირბინოს, იხტუნოს ან იცეკვოს.
• როცა უჭირს მძაფრი ემოციების გადამუშავება - ითამაშოს პლასტილინით, მოზილოს ცომი ან ხატოს აკვარელით.
აუცილებელია რუტინის და სტრუქტურის დაცვა, რადგან ბავშვები უკეთ არეგულირებენ ემოციებს, როცა იციან, რა ელოდებათ. კარგი იქნება თუ გარდამავალი პერიოდისთვის (მაგალითად, თამაშიდან ძილის დრომდე) შეიმუშავებთ გამაფრთხილებელ სიგნალებს - ,,10 წუთში დავასრულებთ’’, ,,დროა სათამაშოებს დავემშვიდობოთ’’.
მნიშვნელოვანია მშობლის მოდელი, რადგან ის შვილისთვის მისაბაძი მაგალითია. თუ მშობელი მშვიდად რეაგირებს რთულ სიტუაციებში, ბავშვიც იმავეს გაითავისებს.
და ბოლოს, მშობლები არიან თავისი შვილების საუკეთესო ექსპერტები, ყველაზე კარგად იცნობენ მას და მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, თავიდან აირიდონ მათი შვილის რთული ქცევის ხელშემწყობი ფაქტორები.
📌 როდის არის საჭირო სპეციალისტის დახმარება?
📖 თუ მშობელი ხედავს, რომ ეს ქცევა ხშირი და მუდმივია, ძლიერდება ან ზღუდავს ბავშვის განვითარებას, სასურველია სპეციალისტის კონსულტაცია:
• ქცევის თერაპევტთან, თუ წამყვანი პრობლემა ქცევის მართვაა.
• ბავშვთა ფსიქოლოგთან, თუ ქცევა ემოციურ სირთულეებს უკავშირდება.
• ბავშვთა ფსიქიატრთან, ბავშვთა ნევროლოგთან ან ადრეული განვითარების სპეციალისტთან, თუ ვარაუდობენ, რომ განვითარება შეფერხებულია.
დამატებითი მხარდაჭერა არ ნიშნავს პრობლემას, არამედ ზრდის შესაძლებლობას, რომ ბავშვმა უკეთ ისწავლოს საკუთარი ემოციების და ქცევების რეგულირება.