რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადპანიკური აშლილობა: პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე

პანიკური აშლილობა: პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე
პანიკური აშლილობა როგორც წესი, მოზარდობის ან ადრეული ზრდასრულობის პერიოდში ვლინდება და მისი განვითარება დაკავშირებულია ცხოვრებაში მნიშვნელოვან და გარდამავალ პერიოდებთან, რომლებიც ადამიანისათვის სტრესულია, მაგ. სწავლის დასრულება, ქორწინება, პირველი შვილის გაჩენა და ა.შ.
ასევე, არსებობს გარკვეული მტკიცებულება გენეტიკური წინასწარგანწყობის შესახებ. თუ ოჯახის წევრს პანიკური აშლილობა აწუხებდა, თქვენც გაქვთ მისი განვითარების რისკი, განსაკუთრებით ცხოვრების სტრესულ პერიოდებში.
რა არის პანიკური შეტევა?
პანიკური შეტევა არის ძლიერი შფოთვის უეცარი განცდა, რომელიც მოულოდნელად, აშკარა მიზეზის გარეშე აღმოცენდება და პიკს აღწევს რადენიმე წუთის განმავლობაში. ის გაცილებით ინტენსიურია, ვიდრე „სტრესის“ განცდა, რომელსაც ადამიანების უმეტესობა განიცდის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პანიკური შეტევის სიმპტომებია:
• გულისცემის აჩქარება.
• ოფლიანობა და კანკალი.
• სუნთქვის გაძნელება, ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.
• თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება.
• დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში.
• ცხელების შეგრძნება ან უეცარი შემცივნება.
• დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება.
• დერეალიზაცი ან დეპერსონალიზაცია.
• კონტროლის დაკარგვის ან გაგიჟების შიში.
• სიკვდილის შიში.
ეს კლასიკური ბრძოლის ან გაქცევის რეაქციაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანში საფრთხის შემცველ სუტუაციაში აღმოცენდება. მაგრამ პანიკური შეტევის შემთხევაში ეს რეაქციები თითქოს წინაპირობის გარეშე, ერთი შეხედვით უვნებელ სიტუაციებში აღმოცენდება.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, პანიკური შეტევას ახასიათებს შემდეგი:
• ის მოულოდნელად ჩნდება, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და შეუძლებელია მისი შეჩერება.
• შიშის დონე არსებულ სიტუაციასთან შედარებით არაპროპორციულია; ხშირ შემთხევაში საერთოდ არ არის კავშირში მოცემულ სიტუაციასთან.
• ის რამდენიმე წუთში მთავრდება; ადამიანის სხეულს არ შეუძლია „ბრძოლის ან გაქცევის“ რეაქციის შენარჩუნება დიდი დროის განმავლობაში. თუმცა, განმეორებითი შეტევები შეიძლება საათობით გაგრძელდეს.
პანიკური შეტევა საშიში არ არის, მაგრამ შიშის მომგვრელია. ძირითადად იმის გამო, რომ ის „კონტროლის დაკარგვის“ ან „სიკვდილის პირას ყოფნის“ შეგრძნებას იწვევს. პანიკური აშლილობა საშიშია არა მხოლოდ პანიკური შეტევების გამო, ის ასევე ხშირად იწვევს სხვა გართულებებს, როგორიცაა ფობიები, დეპრესია, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, სამედიცინო გართულებები და სუიციდის მცდელობა. მისი შედეგები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი სოციალური ფუნქციონირების დარღვევიდან გარე სამყაროსთან ადაპტაციის უნარის სრულ დაკარგვამდე.
როგორ ამოვიცნოთ პანიკური აშლილობა?
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ზოგჯერ 10 ან მეტ ექიმს მიმართავენ სწორი დიაგნოზის დასმამდე. ასევე პანიკური აშლილობის მქონე ყოველი ოთხი ადამიანიდან მხოლოდ ერთი იღებს საჭირო მკურნალობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ სიმპტომები და დარწმუნდეთ, რომ სწორ დახმარებას მიიღებთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის ლიცენზირებულ სპეციალიტს შეუძლია. თუმცა, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა უკვე იცნობდეთ.
პანიკური აშლილობის უმთავრესი სიმპტომია პანიკური შეტევების მუდმივი მოლოდინი. იმ შემთხვევაში თუ გქონდათ ოთხი ან მეტი პანიკური შეტევის ეპიზოდი და გაქვთ მომავალში პანიკური შეტევის განვითარების მოუდმივი მოლოდინი, მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.
შეუძლიათ თუ არა პანიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება?
ამ კითხვაზე პასუხი ცალსახად დადებითია — დიახ თუ შესაბამის მკურნალობას მიიღებენ.
პანიკური აშლილობა ადვილად ექვემდებარება თერაპიულ მკურნალობას და მკურნალობა უკიდურესად ეფექტურია. ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მკურნალობა, შეიძლება ისევ აწუხებდეს შფოთვა ან ამრიდებლური ქცევა, ასეთ შემთხევაში მნიშვნელოვანია შემდგომი მკურნალობა.
რა გვერდითი მოვლენები ახლავს პანიკურ აშლილობას?
მკურნალობის გარეშე, პანიკურ აშლილობას შეიძლება სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს:
- პირველ რიგში პანიკური შეტევის შემდეგ, შეიძლება დაიწყოთ ისეთი სიტუაციებისგან განრიდება, რომელშიც შეტევის დროს იყავით. მაგალითად, შეიძლება შეტევა გქონდეთ მანქანის მართვის დროს და თავი აარიდოთ საჭესთან დაჯდომას.
- რიგ შემთხვევაში, პანიკური აშლილობის მქონე ადამიანებს უვითარდებათ აგორაფობია - გარეთ გასვლის შიში - რადგან ისინი თვლიან, რომ შენობაში დარჩენით, მათ შეუძლიათ თავიდან აირიდონ ყველა ის სიტუაცია, რამაც შეიძლება შეტევა გამოიწვიოს, ან თავი აარიდონ ისეთ სიტუაციებს სადაც ვერ შეძლებენ დახმარების მიღებას. შეტევის შიში იმდენად ძლიერია, რომ ისინი ამჯობინებენ ცხოვრება სახლში ჩაკეტილმა გაატარონ.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. პანიკური აშლილობის მქონე ადამიანები:
• უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური საშუალებების ბოროტად გამოყენებისკენ;
• მეტ დროს ატარებენ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში;
• ნაკლებად დროს უთმობენ ჰობის, სპორტისა და სხვა საყვარელი აქტივობების შესრულებას;
• უჩნდებათ ფინასური სირთუეები.
• თავს ემოციურად და ფიზიკურად ნაკლებად ჯანმრთელად გრძნობენ.
• ეშინიათ სახლიდან მოშორებით მანქანით მგზავრობის;
როგორ ვუმკურნალოთ პანიკურ აშლილობას?
პანიკური აშლილობის წარმატებით მკურნალობა შესაძლებელია და ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ სრულფასოვანი ცხოვრება.
სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ პანიკური აშლილობის ეფექტური მკურნალობის მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა. რიგ შემთხვევაში აუციელებლია მედიკამენტოზური ჩარევა, ან ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტების კომბინირებული ვარიანტი.
რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
მკურნალობის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თქვენს მზადყოფნაზე, გულდასმით დაიცვათ მკურნალობის გეგმა. შედეგები არ დგება ერთ დღეში, მაგრამ თუ მკურნალობის გეგმას მიჰყვებით შესამჩნევი გაუმჯობესება დაახლოებით 10 - 20 ყოველკვირეული სესიის შემდეგ უნდა იგრძნოთ. თუ გააგრძელებთ პროგრამის დაცვას, ერთი წლის განმავლობაში ნათლად იგრძნობთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
იმ შემთხევაში თუ პანიკური აშლილობა გაწუხებთ, დახმარების პოვნა თქვენს რეგიონში უნდა შეძლოთ. თქვენ უნდა იპოვოთ კლინიკა ან ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი, რომელიც სპეციალიზირებულია პანიკურ ან შფოთვით აშლილობებში.
გაითვალისწინეთ, რომ პანიკური აშლილობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფსიქიკური აშლილობა, არ არის ის მდგომარეობა რომლის დიაგნოზის დასმა ან მკურნალობა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია მიმართოთ გამოცდილ კლინიკურ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს რათა მიიღოთ კვალიფიციური დახმარება.
წყარო: https://www.apa.org/topics/anxiety/panic-disorder
მასალა თქვენთვის მოამზადა გამმას ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ჭიღვარიამ.