რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადრას ნიშნავს ემოციური ინტელექტი ბავშვებში?

ინტერვიუ პროფესიონალთან - პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე
ჩვენი სტუმარია თათო ტურავა, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ჩვენი ცენტრის აკადემიური თერაპიის სუპერვიზორი.საუბრის თემაა ემოციური ინტელექტი.
📌 თათო, რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი ბავშვებში?
📖 ბავშვებსა თუ ზრდასრულებში, ემოციური ინტელექტი (EI) მსგავსად განისაზღვრება. ეს არის საკუთარი და სხვების ემოციების ამოცნობისა და მართვის უნარი. სხვა სიტყვებით, ემოციების გაგების და გამოყენების უნარი აზროვნების პროცესსა და ქმედებებში. ემოციური ინტელექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია:
- თვითცნობიერება - საკუთარი ემოციების ამოცნობისა და გაგების უნარი: რას ვგრძნობ ახლა და რა იწვევს ამ ემოციას ჩემში; როგორ შეუძლია ჩემს ქცევას/ქმედებებს გავლენა იქონიოს სხვებზე;
- თვით-რეგულაცია - საკუთარ ემოციებთან და იმპულსურ ქცევასთან გამკლავებისა და მართვის უნარი;
- თვით-მოტივაცია - მიზნისკენ სწრაფვის შენარჩუნება (გამოწვევებისა და მაღალი სტრესის პირობებშიც კი, ემოციები ხელს არ მიშლის მიზნის მიღწევაში);
- სოციალური უნარები - ჯანსაღი ურთიერთობის დაწყებისა და შენარჩუნების უნარი;
- ემპათია - სხვისი ემოციების გაგებისა და გათვალისწინების უნარი.
📌შესაძლებელია თუ არა ემოციური ინტელექტის დასწავლა და როგორ ვითარდება ის ბავშვებში?
📖 ემოციური ინტელექტი დასწავლადი უნარია და რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ვითარდება, თუმცა არ არსებობს სწორხაზოვანი მოდელი, რომელიც გვიკარნახებს, რა ასაკში როგორი ემოციური ინტელექტი უნდა ჰქონდეს ბავშვს. ემოციური ინტელექტის განვითარების მიახლოებითი საფეხურები ასეთია:
- ემოციური ცნობიერების განვითარება - ემოციების ამოცნობის განვითარების პროცესში ბავშვი პირველ რიგში სწავლობს, რომელ ემოციას როგორი სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, ხმის ტონი და ინტონაცია ახლავს და თანდათან ეს ყველაფერი ერთიანდება როგორც “სიხარული”, “ბრაზი”, “სევდა” ან სხვა.
- ემოციების დასახელება და აღწერა - ემოციების დასახელების სწავლასთან ერთად, ბავშვი სწავლობს “ემოციურ ლექსიკონსაც”. ახერხებს აღწეროს, თუ როგორ გრძნობს თავს კონკრეტული ემოციის დროს.
- ემპათია - სხვისი ემოციის გაგების და თანაგრძნობის უნარი, მაგ.: განიცდის, როცა მისი ახლობელი თავს კარგად არ გრძნობს.
- ემოციების მართვა - სწავლობს სიტუაციის შესაბამისად გამოხატოს ემოცია;
- ემოციების გამომწვევი მიზეზების დადგენა - აცნობიერებს, რამ შეიძლება გამოიწვიოს ესა თუ ის ემოცია, როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში;
- ემოციისა და ქცევის კავშირი - აცნობიერებს როგორ გამოიხატება ემოცია ქცევაში.
📌 რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზრუნოთ ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაზე?
📖 ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის სოციალური, აკადემიური თუ პიროვნული განვითარებისთვის. ის ეხმარება ბავშვებს, გაიგონ საკუთარი განცდები და უკეთ გაუგონ სხვებს, შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია, გაუმკლავდნენ არასასიამოვნო ემოციებს და კონფლიქტურ სიტუაციებს.
კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, აკადემიურ მიღწევებზე, ცხოვრებით კმაყოფილებასა და ემოციურ კეთილდღეობაზე.
ითვლება, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი (EQ) უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის ზოგადი წარმატების წინასწარმეტყველებისათვის, ვიდრე მაღალი ზოგადი ინტელექტი (IQ). ზოგადი ინტელექტი (IQ) უკავშირდება ანალიტიკურ აზროვნებას, ხოლო ემოციური ინტელექტი (EQ) - ემოციების ეფექტურ მართვას. შესაბამისად, მაღალი IQ ადამიანს ეხმარება აკადემიურ საქმიანობასა და ტექნიკურ პროფესიებში, ხოლო EQ - სოციალურ ურთიერთობებსა და ლიდერობაში.
📌როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში?
📖 მოგაწვდით რამდენიმე რჩევას მშობლებისთვის:
- პატარა ასაკიდანვე ისაუბრეთ ბავშვთან თქვენსა და მის ემოციებზე, წაახალისეთ ზოგადად ემოციებზე საუბარი, დაეხმარეთ მათ სახელდებაში და გამომწვევი მიზეზების ამოცნობაში. მნიშვნელოვანია ესაუბროთ როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ გამოცდილებებზე (როგორ იგრძენი თავი?).
- დაეხმარეთ, ამოიცნოს სხვისი (წიგნის ან ფილმის გმირის) ემოციები საბავშვო წიგნის ერთად კითხვისას ან ანიმაციური ფილმების ყურებისას. გაუმახვილეთ ყურადღება პერსონაჟების ემოციებზე, როგორ არის აღწერილი/ ნაჩვენები სხეულის ენა, სახის გამომეტყველება და სხვა. სთხოვეთ დაასახელოს, როგორ იგრძნობდა პერსონაჟი თავს?
- ასწავლეთ რეფლექსია - ისაუბრეთ სხვადასხვა სიტუაციაში როგორ გამოხატა ემოცია, მოიფიქრეთ სხვადასხვა სტრატეგია, რა შეუძლია გააკეთოს, როცა გამოწვევის წინაშე დგას ან გარკვეულ ემოციას ვერ უმკლავდება.
- შეუქმენით სწორი მოლოდინები - ასწავლეთ ბავშვს სოციალური ნორმები, ემოციის გამოხატვის რომელი ფორმა/ქცევაა მისაღები და რომელი - არა.
მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს მზრუნველი და დაცული გარემო, სადაც იგი კომფორტულად გრძნობს თავს, რომ გამოხატოს საკუთარი აზრები და ემოციები. მხარდამჭერ გარემოში ყოფნა ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების საწინდარია.