სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

61


ბრაზი და აგრესია ბავშვებში - განვითარების ჩვეულებრივი ეტაპი თუ პრობლემა?


ბრაზი და აგრესია ბავშვებში - განვითარების ჩვეულებრივი ეტაპი თუ პრობლემა?

ინტერვიუ პროფესიონალთან - პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

ჩვენი სტუმარია ლანა აბაშიძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევითი თერაპევტი, სუპერვიზორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქცევის ანალიტიკოსის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტი.

ინტერვიუს თემაა: ბრაზი და აგრესია ბავშვებში - განვითარების ჩვეულებრივი ეტაპი თუ პრობლემა?

📌ლანა, მოდი პირველ რიგში ტერმინების დაზუსტებით დავიწყოთ. რა არის ბრაზი? 

📖 ბრაზი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს იმედგაცრუებით, უარყოფითი დამოკიდებულებით ან მტრული გარემოთი. ეს ჩვენი თავდაცვისა და გადარჩენის ინსტინქტის ნაწილია. ამიტომაც ყველას შეიძლება გაგვიჩნდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ გამოვხატავთ ამ ემოციას, რადგან მისი მართვა გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე და ზოგად, ჩვენ კეთილდღეობაზე.

📌 რა არის აგრესია? რით განსხვავდება ის ბრაზისგან?

 📖თუ ბრაზი ემოციაა, აგრესია მიზანმიმართული ქცევაა, რომელიც შეიძლება ბრაზისგან გამომდინარეობდეს. ის ხშირად დაკავშირებულია სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებასთან – ფიზიკურად, სიტყვიერად ან ემოციურად. ბრაზი მაშინ არის მავნე, თუ მას ვერ ვმართავთ და აგრესიაში გადაიზრდება.

📌 როგორ ვლინდება ბრაზი და აგრესია ბავშვებსა და მოზარდებში?

📖 ბავშვებსა და მოზარდებში ბრაზს აქვს თავისებურებები, რაც განპირობებულია მათი ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპით. ზოგჯერ ბრაზი ბავშვისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემოციების და ზოგადად, სასურველის სიტყვიერად გამოხატვა უჭირთ.

📌რა ფაქტორები იწვევს აგრესიულ ქცევას ბავშვებში?

📖შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:

  1. ემოციების რეგულაციის განვითარების ნაკლებობა – ბავშვებს უჭირთ თავიანთი ემოციების მართვა და იმპულსურად გამოხატავენ აგრესიას.
  2. ყურადღების მიქცევის და სიტუაციაზე კონტროლის სურვილი – ზოგჯერ ბავშვი აგრესიას იყენებს როგორც გზას, რომ მიიპყროს უფროსების ყურადღება ან დააწესოს საკუთარი წესები.
  3. გარემოს გავლენა – ოჯახი, სკოლა/ბაღი და თანატოლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აგრესიულ გარემოში ბავშვიც აგრესიულ ქცევას სწავლობს.
  4. მედიის გავლენა – ძალადობრივი შინაარსის მქონე მედია პროდუქტები ბავშვის ქცევაზეც მოქმედებს და ზრდის აგრესიის გამოვლენის ალბათობას.
  5. ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმი ან სხვა მდგომარეობა შესაძლოა იყოს აგრესიული ქცევების გამომწვევი.

📌შეგვიმჩნევია, რომ პატარა ბავშვები ზოგჯერ ერთმანეთს აზიანებენ, არტყამენ, თმებს ქაჩავენ ან უხეშად მიმართავენ. დასაშვებია ასეთი ქცევა?

📖გარკვეულ ასაკში, ეს განვითარების ბუნებრივი ეტაპია. პატარებმა უნდა ისწავლონ, როგორ გამოხატონ თავიანთი ემოციები და როგორ დაარეგულირონ საკუთარი ქცევა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა ასწავლონ მათ ემოციების გამოხატვის ჯანსაღი გზები. არსებობს ასაკობრივი თავისებურებები, რომელთა გათვალისწინებაც მშობლებს დაეხმარებათ. 

მაგალითად, 2 წლამდე ასაკში იმედგაცრუების ან გადამეტებული სტიმულირებისას ბავშვი შეიძლება იქცეოდეს აგრესიულად, კბენდეს ან ურტყამდეს. ასეთ დროს საჭიროა მშვიდი რეაგირება და ალტერნატიული ქცევის სწავლება.

2-დან 4 წლის ასაკამდე კი ხშირია ტანტრუმები და ფიზიკური კონფლიქტები. მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვს ემოციების სახელდება და გამოხატვის სიტყვიერი გზები.

4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი ხშირად იყენებს სიტყვიერ აგრესიას. ამ ეტაპზე კი საჭიროა კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ფოკუსირება.

6-12 წლის ასაკში აგრესია შეიძლება შემცირდეს, თუმცა სიტყვიერი კონფლიქტები შეიძლება დარჩეს. ამ ასაკშიც მშობლებმა უნდა შეუწყონ ხელი ემოციურ რეგულაციას.

უკვე მოზარდობის ასაკში ემოციური კონტროლი უკეთაა განვითარებული, თუმცა, შესაძლოა მაინც იყოს აგრესიული გამოვლინებები. მნიშვნელოვანია მოზარდის მხარდაჭერა და გახსნილი კომუნიკაციის ქონა. 

📌რას ურჩევთ მშობლებს, როგორ დაეხმარონ ბავშვს ბრაზის მართვაში?

📖პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვების ემოციების აღიარება და გაგება. მშობლებმა უნდა ასწავლონ მათ:

  • ბრაზის გამოხატვის ჯანსაღი გზები – ემოციების შესახებ საუბარი და შემოქმედებითი აქტივობები: ხატვა, ცეკვა,  სპორტი და ა.შ. 
  • ემოციების რეგულაციის ტექნიკები – ღრმა სუნთქვა, დამშვიდებისა და რელაქსაციის ტექნიკები.
  • საზღვრების დაწესება – ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვნია, მაგრამ აგრესიული ქცევა მიუღებელია. 

📌როგორ მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი აგრესიით ითხოვს სასურველს?

📖ამ შემთხვევაში მთავარია, მშობელმა არ უპასუხოს აგრესიას აგრესიით. ყვირილი ან მკაცრი ტონი სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. მშობელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, აუხსნას ბავშვს, რომ მისი ემოცია გასაგებია, მაგრამ სასურველის მიღება აგრესიით შეუძლებელია. თუ ბავშვი ძალიან გაღიზიანებულია, სჯობს მისცეს დრო და სივრცე დასამშვიდებლად. შემდეგ კი, როცა დამშვიდდება, დაეხმაროს ემოციების გადამუშავებაში.

📌 როგორ ვასწავლოთ ბავშვს ბრაზის მართვა?

📖ბრაზის მართვის სწავლა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. მშობლები უნდა იყვნენ მაგალითი მათთვის. მათ თვითონ უნდა შეეძლოთ საკუთარი ემოციების კონსტრუქციულად მართვა. პირველ რიგში აუცილებელია ბავშვის ემოციების აღიარება, შემდგომ მხარდაჭერა და პოზიტიური ალტერნატივების შეთავაზება. 

უნდა გვახსოვდეს, რომ  ბრაზი არ არის ცუდი, თუმცა მთავარია, როგორ გამოვიყენებთ მას.

📌როდის უნდა მიმართონ მშობელმა სპეციალისტს?

📖პროფესიონალის დახმარება აუცილებელია, თუ:

  • აგრესია ხშირად მეორდება და თანდათან უფრო მძიმდება;
  • ბავშვს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და მუდმივად კონფლიქტშია მათთან; 
  • ავლენს სისასტიკეს საკუთარი თავის, სხვების ან თუნდაც ცხოველების მიმართ;
  • არ გამოხატავს სინანულს თავისი ქცევის გამო. 

ბოლო ჩანაწერები