ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რისკები
სრულადბედნიერების გაკვეთილები ყველაზე ხანგრძლივი კვლევიდან – რა განაპირობებს ჩვენ ბედნიერებას?
გეცოდინებათ, რომ ზრდასრულ ასაკში ბედნიერების ხელისშემწყობი ფაქტორების შესახებ ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მაინც რა განაპირობებს ჩვენ ბედნიერებას? ამ კვლევამ ისეთი ფაქტები გამოავლინა, რაც ვფიქრობთ რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.
მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებს მთელი მათი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში. აღნიშნული კვლევა დაიწყო ბოსტონში და მოიცვა 3 თაობა: ბებია-ბაბუა, მშობლები და შვილები, რომლებიც ახლა მოიაზრებიან როგორც „ბეიბი ბუმერები“(დემოგრაფიული კოჰორტა, რომელიც მოიცავს აშშ-ში, 1946-1964 წლებში შობადობის მკვეთრი მატების პერიოდში დაბადებულთა თაობას).
გაანალიზებულია 2000-ზე მეტი ადამიანი 85 წლიანი ლონგიტუდური კვლევის განმავლობაში. ამ დიდი პოპულაციის 8 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დაკვირვების შედეგად, კვლევამ გამოავლინა კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან ყველაზე მეტად კორელირებადი ფაქტორები. სტატიაში შეჯამებულია ავტორთა ძირითადი იდეები და მიგნებები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები
85 წლიანი კვლევის ყველაზე ბედნიერ მონაწილეებს, 2 მთავარი ფაქტორი ქონდათ საერთო: საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვა ადამიანებთან მოსიყვარულე ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ნათელია, რომ კარგი ჯანმრთელობა არსებითად მნიშვნელოვანია კარგად ცხოვრებისთვის. თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყო ჯანმრთელობისა და ბედნირების ყველაზე მნიშვნელოვანი პრედიქტორი სიბერის დროს.
პროფესიული წარმატება არ არის საკმარისი
მხოლოდ პროფესიული წარმატება არ იძლევა ბედნიერების გარანტიას, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სიამოვნების მომგვრელი იყოს. კვლევამ გამოავლინა, რომ ისინი ვინც ყველაზე ბედნიერები იყვნენ, არ იყვნენ იზოლირებული სოციალურ კომუნიკაციებში. სინამდვილეში, ყველაზე ბედნიერი ადამიანები უფრთხილდებოდნენ და ხელს უწყობდნენ ჯანსაღი პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. დასაქმებულთა შორის არსებული განათლების და კულტურული ცნობიერების მაღალი დონე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებასა და ჯანდაცვაზე უკეთეს ხელმისაწვდომობას.
სოციალური უნარები
მარტოობა ქმნის სირთულეს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების დროს. უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ვიღაც, ვისთანაც შევძლებთ ჩვენი წუხილის გაზიარებასა და ემოციურ ვენტილაციას. აქედან გამომდინარე, ვოლდინგერი, რომელიც ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორია და წიგნიც გამოსცა ბედნიერი ცხოვრების შესახებ, გვირჩევს შევაფასოთ, განვავითაროთ, გავამყაროთ და გავაფართოვოთ ურთიერთობები. ის ამას სოციალური კავშირების შენარჩუნებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობები ისევე როგორც ფიზიკური მომზადება, საჭიროებს მუდმივ პრაქტიკას. მეგობრობასა და ურთიერთობებს ჭირდება მუდმივი ძალისხმევა, რათა ის არ მინელდეს და გამოიფიტოს. დახმარება შეიძლება გაგიწიოთ მარტივმა სატელეფონო ზარმაც. მნიშვნელოვანია, ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომლებიც ბედნიერების მომგვრელია და ხელს უწყობს ურთიერთობათა ქსელის გაფართოებას. ასეთია მაგალითად სპორტი, ჰობი ან მოხალისეობრივი საქმიანობები.