რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა ...
სრულადრას ნიშნავს სოციალური საზღვრები და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მისი დაცვა?
სოციალური საზღვრები არის დადგენილი სოციალური წესები, რომლებიც საზოგადოების შეთანხმების საფუძველზე მიჩნეულია ნორმად. სოციალური და პიროვნული საზღვრები ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მოგვექცნენ, რა არის მისაღები და რა – არა. ეს მნიშვნელოვანია რომ თავი ვიგრძნოთ დაცულად, კომფორტულად და გვქონდეს განცდა, რომ პატივს გვცემენ. საზღვრების დაწესება საშუალებას გვაძლევს დავიცვათ საკუთარი თავი და რესურსი. თუ ჩვენ არ გვაქვს სოციალური საზღვრები, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს ჩვენით, რადგან მათ არ აქვთ რაიმე მკაფიო გამყოფი ხაზები, რომლებიც ასახავს იმას, თუ როგორ გვსურს ჩვენ მოგვეპყრონ.
მნიშვნელოვანია ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ საკუთარი თუ სხვა ადამიანების პირადი სივრცის პატივისცემა და აღიარება. საკუთარი საჭიროებების მისაღები ფორმით გამოხატვა ბავშვებს საშუალებას აძლევს გაიგონ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ასევე, აჩვენებს სხვა ადამიანებს, როგორ შეუძლიათ პატივი სცენ ბავშვის პირად სივრცეს. ფიზიკური მანძილის დაცვა არის სოციალური საზღვრის დაცვის ერთ-ერთი მაგალითი. განსხვავებული წარმოდგენები ფიზიკური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით ქმნის კონფლიქტურ გარემოს თანატოლებთან კომუნიკაციის და თამაშის დროს. ბავშვებისთვის სოციალური საზღვრების მნიშვნელობის გაცნობიერება და საკუთარი ჯანსაღი საზღვრების სწავლება აუცილებელია მათი უსაფრთხოებისა და ბედნიერების უზრუნველყოფისათვის.
• ასწავლეთ ბავშვებს „არა-ს“ გამოყენება
მაგალითად თუ ბავშვს არ სურს სხვა ბავშვებთან კონკრეტული თამაში, მას შეუძლია, უარი თქვას. ასევე, აუხსენით ბავშვს, რომ მნიშვნელოვანია პატივი სცეს სხვებს, სხვების პირად საზღვრებს და გაგებით მოეკიდოს სხვის მიერ ნათქვამ „არა“-ს. ყველას აქვს საკუთარი კომფორტის ზონა და დონე. ასაკის მიუხედავად, ყველას აქვს უფლება დაიცვას თავისი სხეული და პირადი სივრცე.
მაგალითად, თუ ბავშვს არ უნდა,რომ ჩაეხუტოს კონკრეტული ვინმე, მას უფლება აქვს თქვას „არა“ და მოლოდინი ჰქონდეს, რომ ეს სურვილი იქნება პატივცემული და შესრულებული.
• იყავით მაგალითი
საკუთარი ჯანსაღი საზღვრების დემონსტრირება ბავშვის სწავლების ბრწყინვალე გზაა, რადგან ბავშვები კარგად სწავლობენ მიბაძვისა და მოდელირების გზით. როდესაც ვინმე ითხოვს ისეთ რაიმეს, რისი მიცემაც არ შეგიძლიათ ან არ გინდათ, შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ დააწესოთ თავაზიანი, მაგრამ მყარი საზღვარი. ეს ბავშვს მისცემს რეალურ მაგალითს, რომ ისწავლოს საკუთარი საზღვრები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს მაგალითები ასაკის შესაბამისია.
• ერთად ივარჯიშეთ საზღვრების დაწესებაში
შეგიძლიათ განიხილოთ, რა საზღვრების დადგენა გსურთ და ივარჯიშოთ ამის გაკეთებაში ერთმანეთთან. მაგალითად, მე არ მსიამოვნებს როდესაც სხვა ნებართვის გარეშე მეხება, ამიტომ მე მას ვეუბნები, ნუ მეხები, მე ეს არ მსიამოვნებს. ასევე, როდესაც სხვა მეუბნება, რომ მას არ სიამოვნებს ჩემი შეხება, მე პატივი უნდა ვცე მის აზრსა და საზღვრებს. აუხსენით შვილს, თუ რატომ შეიძლება მის მეგობარს არ სურდეს შეხება ან თამაში, ამაზე იფიქროს თავად, იფიქროს რას გრძნობს მისი მეგობარი. „მნიშვნელოვანია ვინმესთან შეხებამდე იკითხო, რადგან ის შეიძლება თავს კარგად არ გრძნობდეს ან შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს და არ სურდეს თამაში“. ჰკითხეთ, რას იგრძნობდა თუ თავად მოექცეოდნენ ასე, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ შეეხებოდა მეგობარი ან აიძულებდა თამაშს.
• გამოიყენეთ ინტერაქტიური აქტივობები
იმის გამო, რომ საზღვრები თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური და განსხვავებულია, მნიშვნელოვანია ჰკითხოთ ბავშვს, რას გრძნობს თვითონ და წაახალისოთ ის, დამოუკიდებლად იფიქროს იმაზე, თუ რა აგრძნობინებს თავს კომფორტულად სხვადასხვა სიტუაციაში. ინტერაქტიური აქტივობები შესანიშნავი საშუალებაა, რათა ბავშვი დაფიქრდეს და შემდეგ განიხილოს და გაუზიაროს იდეები თანატოლებს.
• შექმენით სახლში სივრცე თითოეული ბავშვისთვის
დაეხმარეთ ბავშვებს, გააუმჯობესონ თითოეული ადამიანის საზღვრების გაგება სახლში კონკრეტული ადგილების მითითებით, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა. ეს შეიძლება იყოს მათი საძინებელი, საწოლი, სათამაშო სკივრი, კარადა და სხვა. მიეცით საშუალება, რომ ეს ადგილი იყოს მხოლოდ მათთვის და მათი ნივთებისთვის და სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს, რომ ითხოვონ ნებართვა მათზე წვდომამდე. მაგ.: თუ შედიხართ ბავშვის ოთახში ან იღებთ ბავშვის სათამაშოს, სთხოვეთ მას ნებართვა ამის შესახებ. ასევე მიეცით ბავშვს ინსტრუქცია რომ თვითონაც აიღოს ნებართვა, როდესაც სხვის ნივთებს ეხება. რაც უფრო მეტად შეძლებს ბავშვი საკუთარი პირადი სივრცის გაგებას და დაფასებას, მით უფრო გასაგები იქნება მისთვის სხვისი პირადი საზღვრების გაგება და გააზრება.
ასწავლეთ ბავშვებს, როგორ დაიცვან სხვა ადამიანების საზღვრები და გაითვალისწინონ სხვების კონფიდენციალურობის საჭიროებები. შეეცადეთ, რომ ისინი ყველას პატივისცემით მოეპყრონ, მათ შორის უფროსებს, თავიანთ თანატოლებს და მათზე უმცროსებს. საბოლოო ჯამში, ეს მათ დაეხმარებათ, შექმნან ჯანსაღი და წარმატებული ურთიერთობები მთელი ცხოვრების განმავლობაში.
• დააწესეთ ემოციური საზღვრები
მაგალითად, თქვენ შეიძლება უთხრათ თქვენს შვილს: „შენი ნათქვამი მეწყინა. მე ვცდილობ არ გაწყენინო და პატივს ვცემ შენს გრძნობებს. იმავეს მოველი შენგანაც. თუ მე გაწყენინებ, გთხოვ მითხარი“. მიეცით საშუალება თქვენს შვილს, რომ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ თუ ბავშვი ხმამაღლა აცხადებს საკუთარ აზრს, ის უპატივცემულოდ იქცევა, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მიეცით საშუალება, გამოხატოს საკუთარი თავი და ამ გზით გააძლიეროს საკუთარი საზღვრები.
• მიეცით ბავშვებს არჩევანის საშუალება
მიეცით ბავშვებს საშუალება, გამოხატონ თავიანთი წარმატებები, წარუმატებლობები, კითხვები, შფოთვები თუ წუხილი. ბავშვები, რომლებიც გრძნობენ, რომ აქვთ ამაზე საუბრის უფლება და არჩევანი, უფრო მეტად იცავენ წესებს და იცავენ პიროვნულ საზღვრებს.
აჩვენეთ თქვენს შვილებს, რომ მათი მოსაზრებები მნიშვნელოვანია, ყურადღებით გაითვალისწინეთ მათი პერსპექტივა და აუხსენით, თუ რატომ იღებთ გადაწყვეტილებას საზღვრებთან დაკავშირებით.
• შედეგების გათვალისწინება
დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა წინასწარ იცოდა იმ შედეგების შესახებ, რაც მოჰყვებოდა იმ შემთხვევას, როცა ის არ დაიცავდა სოციალურ საზღვრებს ან შეზღუდვებს. ქცევის შედეგის არჩევისას, მიეცით საშუალება თქვენს შვილს, გამოხატოს საკუთარი აზრი და ეცადეთ, შედეგი იყოს უშუალოდ დანაშაულის საპირწონე. ეს ასწავლის თქვენს შვილს, როგორ დააწესოს საკუთარი საზღვრები, ასევე იწინასწარმეტყველოს საკუთარი ქცევის შესაძლო ნეგატიური თუ პოზიტიური შედეგი (მაგალითად: „თუ შენ ბავშვს დაარტყამ, შენ მასთან ვერ ითამაშებ დღის განმავლობაში“). იყავით თანმიმდევრული თქვენს მოქმედებებში, თუ წესების გამოყენებას და სწავლებას დაიწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვები მუდმივად გადალახავენ საზღვრებს თქვენი მანიპულირების მიზნით.
• შეინარჩუნეთ ჯანსაღი ურთიერთობა
ესაუბრეთ თქვენს შვილებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი მეგობარი. დაე მათ გადაწყვიტონ რა არის მათი საზღვრები. დაეხმარეთ თქვენს ბავშვებს, აღიარონ კარგი, ჯანსაღი ქცევა და გამიჯნონ არაჯანსაღი, დესტრუქციული, მეგობრის ქმედებები. ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, აბუჩად იგდებენ, დასცინიან ან უპატივცემულოდ ექცევიან თქვენს შვილს, არ არიან კარგი მეგობრები. ისინი, ვინც იღებენ თქვენს შვილებს ისეთებს, როგორებიც არიან, ეპყრობიან მათ პატივისცემით და გულწრფელად ზრუნავენ მათზე, კარგი მეგობრები არიან.
• პერსონალური განსხვავებების გათვალისწინება
ასწავლეთ ბავშვებს, რომ ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება. ზოგს რაღაც მოსწონს, რაც სხვას არ მოსწონს. ასევეა კომფორტის დონეც, სხვადასხვა ადამიანს შეიძლება განსხვავებული ჰქონდეს. თუ ძმას ან მეგობარს სურს ფეხბურთის თამაში, ეს არ ნიშნავს, რომ მანაც იგივე უნდა გააკეთოს.
• ნება მიეცით ბავშვებს, თავად გადაჭრან პრობლემები
ნუ დაიკავებთ მხარეს ბავშვების ჩხუბში. ასწავლეთ მათ, როგორ მოაგვარონ პრობლემები დამოუკიდებლად. დაეხმარეთ ბავშვებს საზღვრების აღიარებაში. დაეხმარეთ, გაიგონ რომ მათი ქმედება მათი პასუხისმგებლობაა. ცუდია, როდესაც ვინმე მათ დაწესებულ საზღვრებს არღვევს. ასევეა, თუ თავად არღვევენ სხვის მიერ დაწესებულ საზღვრებს. შეგიძლიათ უთხრათ: „მას ახლა არ მოსწონს რომ ეხები, გახსოვს რას გრძნობ შენ, როცა ვინმე შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გეხება, ისიც მსგავსად გრძნობს თავს ახლა“.
გაითვალისწინეთ, რომ სოციალური წესების და ზოგადად, წესების დაცვას ბავშვი მშობლის მაგალითზე უფრო იოლად სწავლობს. შეეცადეთ იყოთ თქვენი შვილისთვის მისაბაძი როლური მოდელი. ისე მოიქეცით, როგორც გინდათ რომ თქვენი შვილი მოიქცეს.