სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

156


აუტიზმის სიხშირის ზრდაში წყალია დამნაშავე?


აუტიზმის სიხშირის ზრდაში წყალია დამნაშავე?

აუტიზმის სიხშირის ზრდის მიზეზების შესახებ უამრავი კვლევა ტარდება. მეცნიერთა ვარაუდით საზოგადოების ინფორმირების ამაღლება, სკრინინგული შეფასების გამოყენება და დიაგნოსტიკური კვლევების დახვეწა ერთ-ერთი დამაჯერებელი ახსნაა. ასევე, ცნობილია, რომ აუტიზმის რისკი გენეტიკურია, მაგრამ ნაპოვნია ასეთი 1000 გენი, რაც წინასწარ განსაზღვრის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე დადგენილია, რომ განსაკუთრებულ როლს თამაშობს გარემო ფაქტორებიც, კონკრეტულად გარემოს დაბინძურება.

გუშინ Medscape-ით გავრცელდა ახალი კვლევის შედეგებზე ექიმ პერი უილსონის კომენტარი, რაც ვფიქრობთ დაგაინტერესებთ. (Perry Wilson, MD, MSCE, associate professor of medicine and director of Yale’s Clinical and Translational Research Accelerator.)

იწვევს მიწისქვეშა წყლებში ლითიუმის შემცველობა აუტიზმს?

ამ თემაზეა სტატია, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Pediatrics-ში (Zeyan Liew-ს და კოლეგების მიერ).

მკვლევრებმა შეისწავლეს დანიაში 2000-2013 წწ დაბადებული 8842 ბავშვი, რომლებსაც ჰქონდათ აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი და შეადარეს იგივე ასაკისა და სქესის ბავშვებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ აუტიზმი. მათ მოიკვლიეს თუ სად ცხოვრობდა დედა ორსულობის პერიოდში და როგორია ლითიუმის შემცველობა იქ არსებულ მიწისქვეშა წყლებში.

შედეგებმა აჩვენა მყარი კავშირი ლითიუმის მაღალ შემცველობას და აუტიზმის სიხშირეს შორის (იხ. თანდართული ილუსტრაცია). თუმცა ეს დასკვნა საჭიროებს დაზუსტებას, რადგან წყალში ლითიუმის შემცველობა პროპორციულად არ აისახება ორსულის სისხლში ლითიუმის შემცველობაზე. ასევე, არსებობს ლითიუმის შემცველი სხვა პროდუქტებიც (მარცვლეული, კარტოფილი, პომიდორი და სხვა), რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვიღებთ.

ეს დასკვნა გარკვეულად სპეკულაციურია და ბევრ კითხვას ბადებს, წერს პერი უილსონი.

არსებობენ ორსულები, რომლებიც სამედიცინო დანიშნულებით იღებენ ლითიუმს. 9 კვლევის შედეგების ანალიზებით აღმოჩნდა, რომ პირველ ტრიმესტრში ლითიუმის მიღება იწვევს ბავშვის თანდაყოლილ მალფორმაციებს (გულის სპეციფიკურ მანკებს), მაგრამ არ იწვევს ნეიროგანვითარებით დარღვევას, მათ შორის არც ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვას.

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ლითიუმის შემცველობა განსხვავებულია, თუმცა დანიისა და აშშ-ს მონაცემები მსგავსია (0-60). არგენტინის ანდებში კი განსაკუთრებით მაღალია (1600 µg/L), მაგრამ იქ მცხოვრებ 194 ბავშვს ნეიროგანვითარებითი დარღვევა კვლევის შედეგად არ დაუდგინდა.

უკანასკნელ ხანს სულ უფრო მეტ ტექნიკაში იყენებენ ლითიუმის ბატარეებს და მისი ნარჩენებით გარემო უფრო და უფრო ბინძურდება, ამიტომაც ეს საკითხი, იწვევს თუ არა გარემოში ლითიუმის ჭარბი რაოდენობა აუტიზმის გახშირებას, საჭიროებს დაზუსტებას და ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას. უნდა ვიცოდეთ, ნამდვილად არის თუ არა რისკი და არ მოგვიწიოს უკვე გაფუჭებული საქმის გამოსწორება, რაც ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე თავიდან არიდება, წერს ექიმი უილსონი.

ერთი კვლევა, რაც არ უნდა ფართომასშტაბიანი იყოს, ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა, თუმცა მეცნიერებს ამ მიმართულებით კვლევების გაღრმავებისკენ მიანიშნებს.

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://www.medscape.com/viewarticle/989550…

ბოლო ჩანაწერები