სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

395


კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ინსომნიის (ძილის დარღვევის) დროს


კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ინსომნიის (ძილის დარღვევის) დროს
????

ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს ინსომნია ეწოდება, რაც ვლინდება ჩაძინების გაძნელებაში, ღამის განმავლობაში ხშირ ან დროზე ადრე გაღვიძებაში. ადამიანს უძნელდება შეწყვეტილი ძილის პროცესის გაგრძელება და ა.შ.

????

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინსომნია მნიშვნელოვნად აუარესებს ფუნქციონირების ხარისხს, აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და დამატებით იწვევს სხვა ტიპის სირთულეებს ადამიანის ცხოვრებაში.

????

ინსომნიის დროს ხელმისაწვდომ და ეფექტურ მკურნალობის მეთოდად ითვლება კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია – ინსომნიისთვის (CBT-I). ეს არის სტრუქტურირებული და მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომა, რომელიც შედარებით ხანმოკლეა.

????

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (იგივე CBT) აუმჯობესებს და ეფექტურად ამცირებს უძილობის სიმპტომებს, ხელს უწყობს აზრების ცვლილებას რომლებიც იწვევენ ძილის სირთულეებს და პაციენტს ეხმარება ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც აუმჯობესებს ჯანსაღი ძილის პროცესის ორგანიზებას.

????

CBT ანუ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია მიმართულია აზროვნებას, ქცევასა და ძილს შორის არსებული კავშირის დეტალურ დადგენაზე. მკურნალობის დროს, თერაპევტი ეხმარება კლიენტს, გამოავლინოს ის აზრები, გრძნობები და ქცევები, რომლებიც ხელს უწყობენ უძილობის სიმპტომების არსებობას და შენარჩუნებას. თერაპევტის და კლიენტის მიერ ერთობლივად მოწმდება ფიქრები და გრძნობები ძილის შესახებ, ხდება მათი სიზუსტის გადამოწმება და იმ ქცევების გამოვლენა, რომლებიც ხელს უწყობს ან უშლის ძილის ჯანსაღ პროცესს. თერაპიის პროცესში ხდება მცდარი წარმოდგენების გამოვლენა და ცვლილება, ეს ხელს უწყობს მშვიდი და ჯანსაღი ძილის პროცესის ჯანსაღ ორგანიზებას.

????

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მეთოდები ინსომნიის მკურნალობის დროს მოიცავს კოგნიტურ, ქცევით და საგანმანათლებლო კომპონენტებს:

• კოგნიტური ინტერვენციები – კოგნიტური რესტრუქტურიზაციის გზით ხდება შეუსაბამო ან არასასურველი აზრების მოდიფიცირება ძილის შესახებ.

• ქცევითი ინტერვენციები – რელაქსაციის ვარჯიში, სტიმულის კონტროლი და ძილის შეზღუდვა ხელს უწყობს რელაქსაციას და ეხმარება ჯანსაღი ძილის ჩვევების ჩამოყალიბებას.

• ფსიქო-საგანმანათლებლო ინტერვენციები – კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება აზრებს, გრძნობებს, ქცევებსა და ძილს შორის კავშირის შესახებ.

• საწოლში გატარებული დროს შემცირება – ეს იწვევს ძილის ნაწილობრივ ნაკლებობას და დაღლილობას, ამ გზით იზრდება ძილის მოთხოვნილება.

• ძილის ჰიგიენა – თერაპიის ეს მეთოდი გულისხმობს ცხოვრების წესის ძირითადი ჩვევების ცვლილებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილზე, როგორიცაა მოწევა ან ჭარბი კოფეინის მიღება დღის ბოლოს.

• ძილის გარემოს გაუმჯობესება – კომფორტული ძილის გარემოს ორგანიზება, საძინებელში მშვიდი, ბნელი და გრილი გარემოს ორგანიზება.

• ბიო-უკუკავშირი – ეს მეთოდი საშუალებას აძლევს პაციენტს დააკვირდეს ფიზიოლოგიურ ნიშნებს, გულისცემას ან კუნთურ დაძაბულობას და ასწავლის მათ რეგულირებას.

????

თერაპიის პროცესში თითოეული კომპონენტის თანმიმდევრობა და რაოდენობა განსხვავებულია ადამიანის უნიკალური საჭიროებების მიხედვით. ხშირად მკურნალობა გრძელდება 6-8 სესია, თუმცა მისი ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პიროვნების საჭიროებიდან გამომდინარე.

????

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ტექნიკების გამოყენება უძილობის მქონე პაციენტების 70%-დან 80%- ში ეფექტურად აუმჯობესებს ძილის სირთულეებს. უმჯობესდება ჩაძინება – ნაკლები დრო ეთმობა ჩაძინების პროცესს. ხანგრძლივდება ჩაძინებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს და მცირდება ღამის განმავლობაში გაღვიძების სიხშირე.

????

ექიმთა ამერიკული კოლეჯის (The American College of Physicians-ის) მიერ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის გამოყენება აღიარებულია როგორც პირველი რიგის მიდგომა ძილის სირთულეების დროს. ეს მკურნალობა ასევე ეფექტურია იმ ჯგუფებში, რომლებსაც აქვთ უძილობის განსაკუთრებით მაღალი რისკი, როგორიცაა ორსული ადამიანები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანები (PTSD) და ადამიანები, რომლებიც განიცდიან უძილობას სიმსივნის მკურნალობის შემდეგ.

????

გამოყენებული ლიტერატურა:

• Newsom. R., Dimitriu, A., Cognitive Behavioral Therapy for Insomnia (CBT-I). sleep foundation A OneCare Media Company.

• Mayo Clinic: Insomnia treatment: Cognitive behavioral therapy instead of sleeping pills.

????

მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ფსიქოლოგმა – ნინო არაჩემიამ.

ბოლო ჩანაწერები