რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა ...
სრულადყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვის თერაპიული დახმარება (12 წლამდე ასაკის ბავშვებში)
ვაგრძელებთ სტატიების ციკლს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესახებ. ამჯერად ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ მოგიმზადათ მასალა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ სინდრომის მართვის შესახებ.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვის თერაპიული დახმარება
ყურადღების დეფიციტისა და ჰიჰერაქტივობის სინდრომი არის ნეირობიოლოგიური საფუძვლის მქონე მდგომარეობა, რომელიც დაბადებიდან იწყება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. სხვადასხვა ასაკში ამ სინდრომს სხვადასხვა ტიპის სირთულეები ახასიათებს, რაც განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც ბავშვს, ასევე ოჯახს.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ადვილად ეფანტება და ვერ ახერხებს ერთ საქმიანობაზე საჭირო დროით ყურადღების მიმართვას. ბავშვს უჭირს იმპულსების შეკავება, მოქმედებს დაუფიქრებლად და შედეგების გათვალისწინების გარეშე, გამოირჩევა ჰიპერაქტიურობით, მოძრაობს ბევრს და გადაჭარბებულად. ეს სირთულეები ხანგრძლივია და უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. ბავშვს სირთულეები ექმნება აკადემიურ სფეროში, უფროსებთან თუ თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში. რთულდება ფუნქციური უნარ-ჩვევების ათვისება და გამოკვეთილია ქცევითი სირთულეები. ხშირად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს ერთვის ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა (ODD) ან ქცევითი აშლილობა (CD). ამ ტიპის სირთულეების გამო ბავშვი შეიძლება იზოლაციის, დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტი გახდეს – რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქოემოციური პრობლემები. ამ სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები სხვადასხვა ბავშვს შეიძლება განსხვავებული ინტენსივობით და სიმძიმით ჰქონდეს გამოხატული.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვების ფსიქოთერაპიული დახმარების ტიპი ასაკ-დამოკიდებულია. 12 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება მიმართულია მშობლებზე, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი განაპირობებს:
1. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მშობლებზე, დედმამიშვილებზე და მთლიანად ოჯახურ ცხოვრებაზე. ამ სინდრომის მქონე ბავშვის ბრაზის მართვის სირთულე, სწრაფი გაღიზიანებადობა, თვითკონტროლის შეუძლებლობა ბავშვს ხელს უშლის გარემოს მოთხოვნებთან გამკლავებაში და წესების დაცვაში. შესაბამისად, მაღალია მშობლების სტრესი, ჩვეულებრივზე უფრო ხშირია ამ ბავშვების კონფლიქტი მშობლებთან და დედმამიშვილებთან.
2. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლებს უჭირთ პოზიტიური მშობლობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება და ბავშვის აღზრდის პროცესში მათი გამოყენება. ეს გამოიხატება არათანმიმდევრულობაში, სიმკაცრეში, ბავშვის მიმართ იძულების გამოყენებაში და მშობლის მიერ წამოყენებული პოზიციის დაცვის სისუსტეში. ბავშვისა და მშობლის სირთულეების განვითარება ორმხრივია. მშობლები ბავშვის ქცევის მართვისათვის იყენებენ მკაცრ დასჯის მეთოდებს (ყვირილი, მუქარა, ფიზიკური დასჯა). თავის მხრივ ბავშვის იძულებითი მართვის შედეგად შეიძლება გაიზარდოს არასასურველი ქცევის გამოვლენის სიხშირე, რასაც მოჰყვება მშობლების მხრიდან სიმკაცრისა და დასჯის გახშირებული გამოყენება. მშობლების მიერ აღზრდის პროცესში გამოყენებულმა აღზრდის მსგავსმა სტილმა ბავშვის სირთულეების მოგვარების ნაცვლად შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიული და შფოთვითი სიმპტომატიკა.
3. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით გამოწვეული სირთულეები ბავშვების უმრავლესობაში გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად მშობლების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია მათი წარმატებული ფუნქციონირებისათვის ცხოვრების ბევრ სფეროში/ყველა ეტაპზე.
4. შვილების ადვოკატირებაში, მკურნალობასა და სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი გარემოს ორგანიზებაში მშობლები ასრულებენ გადამწყვეტ როლს, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკში. როდესაც მშობლებს გაცნობიერებული აქვთ მათი ეს როლი, უკეთ ხერხდება ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი და ოპტიმალური შედეგების მიღწევა. შესაბამისად მშობელზე მიმართული ინტერვენცია არა მხოლოდ მოკლევადიანი სირთულეების გადაჭრაზეა მიმართული, არამედ ის გრძელვადიან პერსპექტივაში ასწავლის ბავშვის ქცევის ეფექტურ მართვას და ეხმარება პოზიტიური მშობლობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
5. მშობელი დიაგნოზით გამოწვეული სირთულეების დაძლევასა და მართვაში ბავშვის ძირითადი საყრდენი და დამხმარეა. შესაბამისად 12 წლამდე ასაკის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის გაძლიერება და თერაპიულ სერვისში ჩართვა პირველი რიგის მნიშვნელობისაა.
მშობლის ფსიქოგანათლება, ბავშვის უფლებების დაცვისათვის მომზადება, ქცევის მართვის სტრატეგიების დაუფლება და ემოციური სტაბილურობა – ის ფაქტორებია, რომლებიც მშობელს დაეხმარება იყოს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვის ეფექტური მხარდამჭერი და ბავშვთან ერთად ეფექტურად გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეებს.
თუ თქვენი ბავშვს უკვე დაესვა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზი ან ეჭვობთ ამ დიაგნოზს, მოგვმართეთ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მულტიდისციპლინური გუნდი დაგეხმარებათ დიაგნოსტიკასა და თერაპიაში.
მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მულტიდისციპლინური გუნდის ფსიქოლოგმა: ბესო ჭიღვარიამ.