სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

157


აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე


აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე

სერია: აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე – მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის

N5 – რეკომენდაციები 7-12 წლის ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებისთვის

ვაგრძელებთ ციკლს და გაწვდით ახალ რეკომენდაციებს. ეს უკვე ის ასაკია, როცა თამაში უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობებისთვის გამოწვევა და აღმასრულებელი ფუნქციისა და თვით-რეგულაციის უნარების სავარჯიშო.

📌

სამაგიდე თამაშები

– სათამაშო ბანქოს თამაში მოითხოვს მუშა მეხსიერების და გონების მოქნილობის გავარჯიშებას დაგეგმვასა და სტრატეგიასთან ერთად.

– ბანქოს ისეთი თამაში, რომელიც მოითხოვს მოწინააღმდეგის როგორც თამაშის, ასევე ქულების გაკონტროლებას, ასევე კარგი გზაა ყურადღების და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების გასავარჯიშებლად.

– ყველა ის თამაში, რომელსაც სჭირდება სტრატეგიის შემუშავება (მაგალითად, ჭადრაკი), საუკეთესო პრაქტიკაა რთული სვლების დასამახსოვრებლად, სვლის წინასწარ გათვლისთვის, გეგმის შემუშავებისთვის და აღმასრულებელი ფუნქციის გასავითარებლად.

– კომპიუტერული თამაშები, მაგალითად მაინკრაფტი, რთული თამაშია და მოითხოვს ფანტაზიას, მუშა მეხსიერებაში წარმოსახვითი სამყაროს შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის დამახსოვრებას და გამოყენებას.

📌

ფიზიკური აქტივობები/თამაშები

– ამ ასაკში ორგანიზებული სპორტული თამაშები ძალიან პოპულარულია. ამ თამაშებში ბავშვი ივითარებს რთული წესების დამახსოვრების, სტრატეგიის დაგეგმვის, დაკვირვების, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და გონებრივი მოქნილობის უნარს. არსებობს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ფიზიკური აქტივობის ისეთი რთული დონე, როგორიც არის ფეხბურთი, კარგად ავითარებს აღმასრულებელი ფუნქციის ყველა უნარს.

– ბაგირზე ან თოკზე გადახტომის თამაშებიც (მაგალითად ლაფტა) ამ ასაკში პოპულარული და ამავე დროს სასარგებლოა.

– ყველა ის თამაში, რომელიც მოითხოვს გარემოზე დაკვირვებას და სწრაფ რეაქციას, ასევე სასარგებლოა (მაგალითად ფეინთბოლი).

📌

მუსიკა, სიმღერა და ცეკვა

– მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა ავარჯიშებს შერჩევით ყურადღებას და საკუთარ თავზე დაკვირვებას. გარდა იმისა, რომ ავითარებს ნატიფ მოტორიკას, მოითხოვს კარგ მუშა მეხსიერებას (მუსიკის გონებაში დამახსოვრებას). არსებობს მტკიცებულებები, რომ ორივე ხელის კოორდინირებული გამოყენებით ინსტრუმენტზე დაკვრა უკეთესი აღმასრულებელი ფუნქციის გარანტია.

– იმის მიუხედავად, დადის თუ არა ბავშვი მუსიკაზე, უბრალოდ მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობაც, სადაც მოუწევს აჰყვეს კონკრეტულ რიტმს, თუნდაც რიტმში ტაში დაუკრას, გაუვარჯიშებს მუშა მეხსიერებას, ყურადღებას, გონებრივ მოქნილობას და იმპულსების შეკავებას.

– სიმღერის წრეზე სიარული და გუნდში სიმღერა ასევე ეხმარება მუშა მეხსიერების, დაკვირვების და შერჩევითი ყურადღების კოორდინირებაში.

– ცეკვაც იძლევა ყურადღების, საკუთარ თავზე დაკვირვების და მუშა მეხსიერების გავარჯიშების საშუალებას, რადგან საჭიროა გონებაში დაიმახსოვროს ქორეოგრაფია და მოძრაობები შეუსაბამოს მუსიკას.

📌

თავსატეხები

– კროსვორდების ამოხსნა კარგი გზაა მუშა მეხსიერების გასავითარებლად.

– სუდოკუც იგივეა, ოღონდ ციფრების დახმარებით.

– სივრცითი ფაზლი, მაგალითად „რუბიკის კუბიკის“ აწყობაც მოითხოვს გონებრივ მოქნილობას.

ყოველთვის შეეცადეთ გამოიყენოთ ბავშვის შესაძლებლობის და ინტერესის შესაბამისი თამაშები, რომ მისთვის თამაში იყოს ერთდროულად სახალისოც და სასარგებლოც.

იმედია, გამოიყენებთ ამ რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.

შემდეგი, ბოლო რეკომენდაციები N6, იქნება კონკრეტულად 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.

დიდი მადლობა ნესტან კაპანაძეს, 9 წლის დათუნა ბალხამიშვილს ფოტოს გაზიარების ნებართვისთვის

❤
📚

მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე

ბოლო ჩანაწერები