რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა ...
სრულადაღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე
სერია: აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე – მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის
N1 – რეკომენდაციები 6-18 თვის ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებისთვის
ვაგრძელებთ ახალ ციკლს და გაწვდით რეკომენდაციებს ჩვილებისთვის.
რეკომენდაციებში მოცემული აქტივობები ეხმარება ბავშვს გამოიყენოს მუშა მეხსიერება და ავარჯიშოს თვით-კონტროლის უნარი. განვითარების ამ ეტაპზე ჩვილი საფუძველს უყრის აღმასრულებელი ფუნქციისა და ემოციური თვით-რეგულაციის განვითარებას. ზრდასრულის მხარდამჭერი და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობა არის ბავშვის ჯანსაღი განვითარების საფუძველი.
ქვემოთ მოცემული აქტივობების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები. თამაში იმდენ ხანს უნდა გააგრძელოთ, სანამ ეს ბავშვს მოსწონს და ერთობა.
კალთაში თამაში
კალთაში თამაში ოჯახის ყველა წევრს შეგიძლიათ, რადგან თან ბავშვი შედარებით უსაფრთხოდ გიჭირავთ კალთაში და თან თამაშობთ. ბავშვი სხვადასხვა თამაშით სხვადასხვა უნარს ივითარებს, ხოლო გამეორება ეხმარება ბავშვს დაიმახსოვროს თამაშის წესი და მართოს საკუთარი ქცევა.
„ჭიტა“ – ამ ტიპის დამალვა-პოვნის თამაში ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, რადგან ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს, ვინ დაიმალა. ასევე, ავარჯიშებს თვით-კონტროლს, რადგან უნდა დაიცადოს, სანამ დამალული გამოჩნდება. შეიძლება თამაში ისე, რომ თვითონ ბავშვმა განსაზღვროს, როდის გამოჩნდეს დამალული.
„აჩუ-აჩუ ცხენო“ – წინასწარ განსაზღვრული რიტმი, რომელიც უცებ ჩერდება და მოჰყვება სიურპრიზი-სტიმული. ბავშვი ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, იმახსოვრებს რიტმს და ამუხრუჭებს რეაქციას მანამდე, სანამ არ გამოჩნდება სიურპრიზი.
დამალობანა
დამალობანას თამაში საუკეთესოა მუშა მეხსიერების განვითარებისთვის.
დამალეთ სათამაშო მის თვალწინ, ნაჭრის ქვეშ და უბიძგეთ ბავშვს, რომ მოძებნოს. მას შემდეგ, რაც ბავშვი სათამაშოს სწრაფად იპოვის, დამალეთ ისე, რომ დაინახოს, როგორ აიღეთ და დამალეთ სათამაშო. გაამხნევეთ, რომ იპოვოს. ყველა ჯერზე გაართულეთ მოძრაობა, სადაც მალავთ, რომ მოუწიოს თვალის დევნება და დამახსოვრება.
შედარებით მოზრდილ ჩვილებს შესაძლოა მოეწონოთ ისეთი თამაში, როცა თვითონ იმალებიან და თქვენ ხმამაღლა ეძებთ მას. ასეთ დროს ისინი გონებით მოგყვებიან ძებნაში.
მოგვიანებით ასაკში შეგიძლიათ ისე დამალოთ სათამაშო, რომ ვერ დაინახოს სად დამალეთ და დააცადეთ, რომ მოძებნოს. ის ისწავლის, დაიმახსოვროს თქვენი მარშრუტი, საითაც წახვედით დასამალად.
ამ თამაშის გართულებული ვერსიაა ქაღალდის ჭიქების დალაგება მბრუნავ მაგიდაზე ან ლანგარზე, რომელიც ადვილად ბრუნავს. ამოაბრუნეთ და დააწყვეთ 2 ან 3 ჭიქა და ბავშვის თვალწინ ერთ-ერთი ჭიქის ქვეშ დადეთ მისთვის საინტერესო პატარა საგანი. მოაბრუნეთ ლანგარი და გაამხნევეთ, რომ იპოვოს, რომელი ჭიქის ქვეშ არის დამალული.
იმიტაცია ანუ მიბაძვა
ბავშვებს უყვართ უფროსების მიბაძვა. როდესაც გბაძავენ, მათ სჭირდებათ თვალი ადევნონ თქვენ ქცევას, დაიმახსოვრონ, დაელოდონ თავის რიგს და გაიმეორონ. ამით ავარჯიშებენ ყურადღებას, მუშა მეხსიერებას და თვით-კონტროლს.
თამაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმით, დაწყებული მარტივი ჟესტიდან (მაგ.: დასამშვიდობებელი ჟესტის გამეორებიდან) სათამაშოების გარკვეული წესით დაწყობამდე (ცხოველების სათამაშო ღობის შიგნით ჩაწყობა ან კუბებით კოშკის აგება).
ჩვილის უნარები მით უფრო უმჯობესდება, რაც უფრო რთულია გასამეორებელი ნიმუში.
თქვენ შეიძლება აჩვენოთ, როგორ ითამაშოს სათამაშოთი (მაგ.: როგორ „აჭენებთ“ სათამაშო ცხენს ან როგორ აძინებთ თოჯინას). ასე იგებს ბავშვი სიმბოლური თამაშის არსს და სათამაშოების რეალური ნივთების ნაცვლად გამოყენებას.
მარტივი როლური თამაში
შედარებით მოზრდილი ჩვილები სიამოვნებით იმეორებენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
რიგ-რიგობით აკეთეთ ის, რაც ბავშვს აინტერესებს, მაგალითად იატაკის დაგვა, დაყრილი სათამაშოების მოგროვება, მტვრის გადაწმენდა და ა.შ. ასეთი თამაში ავითარებს წარმოსახვას, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, თვით-კონტროლს, შერჩევით ყურადღებას, რადგან უწევს დაიმახსოვროს აქტივობის სრული მიმდევრობა, თავიდან აიცილოს ყურადღების გამფანტავი სტიმულები და დათრგუნოს სხვა რამის კეთების სურვილი.
ბავშვს, ასაკის მატებასთან ერთად, შეუძლია სულ უფრო რთული როლის შესრულება. შეიძლება დაიწყოს აქტივობის წამოწყებაც. თქვენ კი უნდა მოამარაგოთ საჭირო მასალებით (მაგ.: ცოცხი, სათამაშოების ყუთი, მტვრის ტილო), რაც დაეხმარება ბავშვს, რომ ისიამოვნოს ამ ტიპის თამაშით.
თითებით თამაში
სიმღერა ან თხრობა თითებით თამაშთან ერთად კარგი გასართობია ჩვილისთვის და ავითარებს თვით-კონტროლს, მუშა მეხსიერებას და სამეტყველო ენას. ცნობილი თამაში „ბოლია-ბოლია“ ამის კარგი მაგალითია.
საუბარი
ჩვილთან მარტივი საუბარი მშვენიერი გზაა ყურადღების კონცენტრირების, მუშა მეხსიერების და თვით-კონტროლის გასავითარებლად.
დაიწყეთ იმ საგნების დასახელებით, რითაც ინტერესდება. ამით ის უფრო ხანგრძლივად მიაქცევს ამ საგანს ყურადღებას და გაივარჯიშებს ყურადღების ფოკუსირებას და ყურადღების შენარჩუნებას.
უკვე მოზრდილ ჩვილებს შეგიძლიათ მიუთითოთ რაიმე საგანზე ან მოვლენაზე და ესაუბროთ მის შესახებ. ამით ის გაიუმჯობესებს ყურადღების ფოკუსირებას და მახსოვრობას და დაეხმარება ენის ათვისებაში.
მშობლიურ ენასთან ერთად სხვა ენაზე საუბარიც ძალიან სასარგებლოა. აღმოჩნდა, რომ ბილინგვური (ორ ენაზე მოლაპარაკე) ბავშვებს უკეთესი აღმასრულებელი ფუნქციის უნარები აქვთ, ვიდრე მონოლინგვურ (ერთ ენაზე მოლაპარაკე) ბავშვებს. ასე რომ, სცადეთ მეორე ენაზე საუბარიც.
იმედი მაქვს, გამოიყენებთ ამ რეკომენდაციებს და დაგეხმარებათ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.
შემდეგი, რეკომენდაციები N2, იქნება კონკრეტულად 18-36 თვის ბავშვისთვის.
დიდი მადლობა ელენე გურგენიძეს და 8 თვის ივა წოწორიას ფოტოს გაზიარების ნებართვისთვის
მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე