პერსონალი

მაია გაბუნია

ცენტრის დირექტორი

 

მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი

 

მაია გაბუნია ნეიროგანვითარების დარღვევების სფეროში მუშაობს 1998 წლიდან. მისი დისერტაციის თემა (2004) იყო ცერებრული დამბლა, რაც არის ბავშვთა ასაკის ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის ყველაზე ხშირი მიზეზი. მან გამოიკვლია ადრეული პრედიქტორები, კლინიკური ნიშნები, ნეიროგამოსახვითი კორელატები და ადრეული ინტერვენციის ეფექტურობა ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიით განპირობებული ცერებრული დამბლის შემთხვევებში.

 

2012 წელს მან კოლეგებთან, ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაციის, პირველი ნაბიჯი საქართველოს და პორტიჯის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად შექმნა ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციის ახალი და ეფექტური, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის მოდელი. მაია გაბუნია იყო ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის პირველი თავმჯდომარე. კოალიცია დაფუძნდა სფეროში მომუშავე დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეფექტური, საქართველოზე მორგებული მოდელისა და სისტემის შესაქმნელად და დასანერგად, მათ შორის მოდელის დანერგვის აქტიური ადვოკატირებისთვის. მ. გაბუნიას აქტიური მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სპეციალური დადგენილება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის შესახებ (2017). ის დღემდე რჩება კოალიციის მმართველი საბჭოს წევრად. ის იყო სახელმწიფო პროტოკოლის „ბავშვთა ნეიროგანვითარებაზე ზედამხედველობის“ (2017) ერთ-ერთი თანაავტორი. პროტოკოლის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების ადრეულ ამოცნობას პირველი ჯანდაცვის რგოლის დონეზე და მათ ჩართვას ადრეული ინტერვენციის სერვისში.  

 

მაია გაბუნიას ერთ-ერთი ბოლო კვლევით გაკეთდა 60 თვის ასაკამდე ბავშვის განვითარების სკრინინგული ტესტის, ასაკებისა და ეტაპების კითხვარის (Ages and Stages Questionnaires, 3rd edition, ASQ-3) ქართულენოვანი ადაპტაცია, ნორმების დადგენა და ვალიდაცია. შრომის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში: Journal of Child and Family Studies, 27(3), 739-749, 2018. ეს სკრინინგული ინსტრუმენტი დაერთო სახელმწიფო პროტოკოლს და საჯაროდ ხელმისაწვდომია.    

 

მისი განსაკუთრებული ინტერესი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობებისადმი დაიწყო 2009 წელს, როდესაც როგორც მკვლევარი ჩაერთო აუტიზმის სპექტრის აშლილობების პილოტურ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში. მას შემდეგ ის აქტიურად ცდილობს სადიაგნოსტიკო და რეაბილიტაციური სერვისების განვითარებას, ექიმებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას და აგრძელებს ამავე მიმართულების კვლევებს. 

 

2015 წელს მაია გაბუნიამ კოლეგებთან ერთად დააფუძნა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა, რომლის მიზანი იყო აუტიზმის სადიაგნოსტიკო და რეაბილიტაციური სერვისების, ბიოფსიქოსოციალური ინტერვენციის ხარისხის გაუმჯობესება.

 

20017-22 წლებში იყო მოწვეული ექსპერტი აუტიზმის სერვისების გაუმჯობესების პროექტში, რომელსაც ახორცილებდა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში.  2017 წელს კოლეგებთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო „რა არის აუტიზმი?“ (ISBN 978-9941-27-599-9). 2018 წელს შეიქმნა სახელმწიფო პროტოკოლი აუტიზმის იდენტიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ, ხოლო 2020 წელს - აუტიზმის მქონე პირების სერვისების სტანდარტი, რაც დამტკიცებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 

 

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „აუტიზმის პრევალენტობა, კლინიკური ნიშნები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ ფარგლებში ითარგმნა, ადაპტორდა და ვალიდაცია ჩაუტარდა 2 სკრინინგულ ინსტრუმენტს, აუტიზმის სპექტრის სკრინინგულ კითხვარს (Autism Spectrum Screening Questionnaire, ASSQ) 2022 წელს და ძლიერი და სუსტი მხარეების კითხარს (Strength and Difficulties Questionnaire, SDQ) 2023 წელს, რაც დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალებშიც.   

 

მაია გაბუნიას ხელმძღვანელობით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრმა გამმამ მემორანდუმი გააფორმა მეხიკოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან (აშშ), რის საფუძველზეც 2024 წლიდან დაიწყო ECHO მოდელის დანერგვა საქართველოს 50 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში. მოდელის დანერგვის მიზანია ოჯახის ექიმების გაძლიერება განვითარების პრობლემების, მათ შორის აუტიზმის ან ამ მხრივ რისკის მქოინე ბავშვების ადრეულ ამოცნობასა და სახელმწიფო სერვისებში რეფერალში. პროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის კარიტასი საქართველოში. 

 

მაია გაბუნია არის საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 

 

მას, როგორც მკვლევარს, გამოქვეყნებული აქვს 23 სტატია და 4 მონოგრაფია. მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებში.