რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?

 

დასწავლის უნარის დარღვევა არის ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ ბაზისური ფსიქიკური პროცესების დარღვევის აღსანიშნავად, რაც გავლენას ახდენს წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის, მსჯელობის და მათემატიკური უნარების განვითარებაზე.

ითვლება რომ დასწავლის უნარის დარღვევა გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების პროცესის სპეციფიკურობით. ასეთი მოსწავლეების უმრავლესობას ინტელექტი ნორმაში ან ნორმაზე მაღალი აქვთ, თუმცა უჭირთ წერა, კითხვა ან/და მათემატიკური მოქმედებების შესრულება, რადგან მათი ტვინი ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს.

დასწავლის უნარის დარღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა სწორი და დროული დახმარების შემთხვევაში მოსწავლეები ახერხებენ გარემოში ადაპტირებას, არსებული პრობლემის დაძლევას ან სუსტი მხარეების სხვა უნარებით კომპენსირებას.

კვლევებით დასტურდება, რომ ინდივიდუალური ჩარევის, მშობლის მხარდაჭერისა და შესაფერისი სასკოლო გარემოს შექმნის შემდეგ ბავშვების 90%-ში აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

როგორ ამოვიცნოთ დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვი?

დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლე მასწავლებლის ან მშობლის მხრიდან შესძლოა აღიქმებოდეს ზარმაც ბავშვად, რაც მთელ რიგ სირთულეებს იწვევს, ამიტომაც მნიშვნელოვანია დროულად ამოვიცნოთ ასეთი ბავშვი და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის დახმარებას მივმართოთ. ქვემოთ მოცემულია დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნები სხვადასხვა გარემოში.

აკადემიურ გარემოში დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნებია:
• ანბანის სწავლის, სიტყვების გარითმვის და ასოს ბგერასთან დაკავშირების სირთულე.
• შეცდომები ხმამაღლა კითხვისას, ხშირი გამეორება ან გაჩერება.
• წაკითხულის გაგების სირთულე.
• გაუგებარი ხელწერა ან ფანქრის მოუხერხებლად ჭერა.
• აზრის წერილობით გადმოცემის სირთულე.
• ენის სწავლის დაგვიანება და შეზღუდული ლექსიკონი.
• ბგერის გამოთქმის ან სიტყვებს შორის მცირე განსხვავების შემჩნევის სირთულე.
• სიტყვის არასწორად გამოთქმა ან მსგავი ჟღერადობის სიტყვით ჩანაცვლება.
• სათქმელის ორგანიზების ან საჭირო სიტყვის პოვნის სირთულე.
• მათემატიკური სიმბოლოების აღრევა ან რიცხვების შეცდომით წაკითხვა.
• ამბის თანმიმდევრობით მოყოლის სირთულე.
• ამოცანის თანმიმდევრობის განსაზღვრის პრობლემები.

ყოველდღიურ გარემოში დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნებია:
• ინსტრუქციების მიყოლის და რუტინის სწავლის პრობლემა.
• სკოლაში წასვლის შიში.
• საშინაო დავალებების შესრულების სირთულე.
• ახალი უნარების დასწავლის სირთულე.
• რიცხვების, ანბანის, კვირის დღეების, ფერების, ფორმების დასწავლის პრობლემები.

ზოგ შემთხვევაში დასწავლის უნარის დარღვევას თან ახლავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ნიშნები:
• მოუსვენრობა;
• ყურადღების ადვილად გადართვადობა;
• ინსტრუქციების მიყოლის სირთულე;
• გადაჭარბებული ლაპარაკი, საუბარში ჩარევა;
• წყნარად თამაშის სირთულე;
• გულმავიწყობა;
• სასკოლო ნივთების ხშირი დაკარგვა.

გახსოვდეთ, რომ დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მშობელზე. მას შეუძლია დაეხმაროს შვილს, რომ გააცნობიეროს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ მშობელი ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში, თანამშრომლობს პროფესიონალებთან და ეცნობა ბავშვთან მუშაობის სტარატეგიებს, მოსწავლის აკადემიური მიღწევა ბევრად მაღალია.

 

 

მოამზადა სპეციალური განათლების პედაგოგმა ნესტან კაპანაძემ.