რა არის მეტყველების აპრაქსია?

 

მეტყველების აპრაქსია არის ნევროლოგიური პრობლემა, რომლის დროსაც დარღვეულია სხეულის სამეტყველო ნაწილების (ენა, ტუჩები, კბილები, ზედა ყბა, ქვედა ყბა, სასა, ნაქი) მოძრაობის დაგეგმვა და/ან თანმიმდევრობა, რაც ზეგავლენას ახდენს სამეტყველო ბგერების გამოთქმაზე (ASHA, 2007). ბავშვმა იცის, რისი თქმაც უნდა, მაგრამ მისი თავის ტვინი ვერ ახერხებს იმ კუნთების კოორდინირებულ მუშაობას, რომლებიც მონაწილეობენ ამ სიტყვის წარმოთქმაში.

 

მეტყველების აპრაქსიის დროს საუბარი დამახინჯებულია და მსმენელისთვის გაურკვეველი. ბავშვთა მეტყველების აპრაქსია არ არის მხოლოდ არტიკულაციის დარღვევა, რადგან არტიკულაციის დარღვევის დროს ბავშვს უჭირს მოლოდ ცალკეული ბგერების გამოთქმა, ხოლო აპრაქსიის შემთხვევაში ვხვდებით ბგერების წარმოთქმის მოტორული დაგეგმარების სირთულეს.

 

ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ  ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ამ სახის მოტორული სირთულეები, მათ ასევე დარღვეული აქვთ ექსპრესიული და რეცეპტული ენის განვითარება.

მეტყველების აპრაქსია გვხვდება სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებში, მაგალითად:

  • ორსულობამდე და ორსულობის შემდგომ პერიოდში განვითარებული ინსულტის, ინფექციების ან ტრამვის დროს;
  • ისეთი ნეირობიოლოგიურ და ქცევითი  დარღვევების დროს, როგორიცაა  აუტიზმი, ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, მყიფე X სინდრომი, რეტის სინდრომი და სხვა სინდრომები.

 

მეტყველების აპრაქსია ვლინდენა ზოგადი პოპულაციის 0,1-0,2%-ში, ხოლო ენისა და მეტყველების დარღვევების მქონე პაციენტების – 3-4 %-ში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად აუტიზმის  მქონე პირების 60%-ს აქვს მეტყველების აპრაქსიის დიაგნოზიც.

 

როგორია მეტყველების აპრაქსიის სიმპტომები?

 

გამომდინარე იქიდან, რომ მეტყევლების აპრაქსია ძალიან გავს მეტყველების სხვა დარღვევებს (მაგალითად არტიკულაციურ და ფონოლოგიურ დარღვევებს), ამიტომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება საბოლოო დიაგნოსტირებისთვის. შეფასების პროცესში ხდება ბავშვის ექსპრესიული და რეცეპტული ენის შემოწმება.

 

დიაგნოსტირების პროცესში მნიშნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს მეტყველების აპრაქსია და არტიკულაციის დარღვევა.

რა სირთულეები აქვთ მეტყველების აპრაქსიის მქონე ბავშვებს?

 

  • უჭირთ ხმოვნების სწორად გამოთქმა;
  • უშვებენ სხვადასხვა სახის შეცდომებს მეტყველებაში – მაგალითად სწორად გამოთქვამს ბგერას ერთ სიტყვაში, თუმცა სხვა სიტყვაში იგივე ბგერის გამოთქმა უჭირთ;
  • გამოთქმისას შეცდომების რაოდენობა დამოკიდებულია სიტყვის სირთულეზე;
  • გამოთქვამენ რომელიმე სიტყვას კარგად ერთ კონტექსტში, თუმცა უჭირთ იგივე სიტყვის წარმოთქმა სხვა კონტექსტში;
  • უჭირთ სიტყვის სპონტანურად წარმოთქმა მოდელირებით წარმოთქმასთან შედარებით;
  • დარღვეულია პროსოდია (საუბრის ტონალობის ცვალებადობა): დაბალია ხმის ტემბრი, ბგერებს შორის პაუზა გახანგრძლივებულია, უჭირთ მარცვლებს შორის მახვილების გაკეთება და მეტყველება მონოტონურია.

 

როგორია მკურნალობა და პროგნოზი?

 

ბავშვთა მეტყველების აპრაქსიის მკურნალობა მოითხოვს გამოცდილი ენისა და მეტყველების თერაპევტის ინტენსიურ, ერთი-ერთზე მუშაობას. არსებობს სხვადასხვა სახის თერაპიული მიდგომა, რომელსაც სპეციალისტი ირჩევს ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

 

თერაპიის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორებია: დარღვევის სირთულე, ბავშვის კოგნიტური და აღქმის უნარი, ბავშვის ძლიერი მხარეები, კომუნიკაციის სურვილი და რაც მთვარაია, თუ რა ასაკში იწყება თერაპია.

 

თერაპიული ჩარევის ხანგრძლივობა დროში გაწელილია და საჭიროებს მშობლების აქტიურ მონაწილეობას. სწორად დაგეგმილი თერაპიითა და ბავშვზე მორგებული მიდგომით საკმაოდ კარგი შედეგი მიიღწევა და საბოლოო ჯამში ბავშვის მეტყველება გარშემომყოფთათვის გასაგები ხდება.

 

არსებობს ისეთი შემთხვევებიც, სადაც ინტენსიური მუშაობის მიუხედავად ბავშვს უჭირს  დაამყაროს ვერბალური კომუნიკაცია. ასეთ შემთხვევაში სასურველია ისეთი ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალების გამოყენება, როგორიცაა ჟესტები და სურათებით კომუნიკაციის სისტემა.

 

მასალა მოამზადა ენისა და მეტყველების თერაპევტმა თიკო ანთიძემ.