ემოციებთან გამკლავების რეკომენდაციები აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

ემოციურ სტრესს და შფოთვას იწვევს მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის არარსებობა და მომავალ მოვლენებში გაურკვევლობა. კონკრეტულ სიტუაციაში აღმოცენებული სირთულე იწვევს შფოთვისმომგვრელ (დისფუნქციურ) აზრებს თუ მათი გადაჭრის სათანადო უნარი არ გვაქვს. ეს უარყოფითი შინაარსის აზრები კი იწვევს ნეგატიურ ემოციებს – ბრაზს, დათრგუნულობას და უიმედობას. ასევე, სიტუაციის გადაჭრისათვის გამოუსადეგარ ისეთ ქცევებს, როგორიცაა ყვირილი, ჩხუბი და სიტუაციისგან განრიდება. შესაძლებელია გაჩნდეს არასასიამოვნო ფიზიოლოგიური შეგრძნებებიც – სუნთქვის გახშირება, წამოწითლება და სხეულის სხვადასხვა ნაწილის კუნთების დაჭიმულობა. მსგავსი რეაქცია ხელს უშლის რთული სიტუაციის მოგვარებას და ზრდის მისი განმეორების ალბათობას.

მოცემული რეკომენდაციები დახმარებას გაუწევს მშობლებს, შეინარჩუნონ ემოციური სტაბილურობა და გამოიმუშაონ პრობლემური სიტუაციების გადაჭრისათვის საჭირო უნარები.
მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის განცდის მოპოვება შესაძლებელია პრობლემური სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მიღებით და გამკლავებისათვის გამოსადეგი უნარების გამომუშავებით. მაგალითად, სპეციალისტის მხრიდან აუტიზმის სპექტრის შესახებ ნათელი და მკაფიო ინფორმაციის მიღება გაზრდის თქვენს კომპეტენციას და რთულ სიტუაციასთან გამკლავების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, მიიღოთ ინფორმაცია ქცევის მართვის სტრატეგიების შესახებ. ეს დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ მოქმედებისათვის აუცილებელი უნარები, გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას და მომავლის პროგნოზირების შესაძლებლობას/იმედს.
1. პირველ რიგში შეინარჩუნეთ სიმშივიდე. იმ შემთხვევაში თუ ხვდებით რომ აღელდით, ისუნთქეთ ღრმად და ნელა. ასევე, თუ შესაძლებელია დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, დაჭიმულობის აღმოჩენის შემთხვევაში ეტაპობრივად მოადუნეთ თქვენი სხეულის შესაბამისი ნაწილი. ეს დამშვიდებაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ პრაგმატულად მიუდგეთ არსებულ სიტუაციას.
2. გაიხსენეთ რომ თქვენი შვილი უნიკალური და განსაკუთრებულია. შესაბამისად თქვენგანაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. აუტიზმის სპექტრი გულისხმობს სირთულეებს სხვისი ემოციის გაგებასა და მათზე რეაგირებში. მნიშვნელოვანია სიტუაციის მოგვარების დროს გახსოვდეთ ეს და გაითვალისწინოთ ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.
3. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბავშვი აქტიურად ადევნებს თვალს უფროსების ქცევას, იმეორებს და სწავლობს მას. სასურველია რთულ სიტუაციებში ჩვენი ქცევა იყოს პრაგმატული და გაწონასწორებული. თქვენი გაწონასწორებული და მშვიდი რეაგირება შეუმჩნეველი არ დარჩება და ბავშვი მოახდენს მსგავსი ქცევის ათვისებას (მოდელირებას). დროთა განმავლობაში ბავშვი დაიწყებს მშობლის მიბაძვას და კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდ რეაგირებას.
4. იმისათვის რომ სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოთ, გაიხსენეთ სპეციალისტის მიერ ახსნილი ქცევის მართვის პრინციპები. არასასურველი ქცევა, რომელიც საფრთხის შემცველი არ არის, ყურადღების გარეშე უნდა დატოვოთ. ის ქცევა, რომელიც მისაღები და სასურველია, შესაძლებისამებრ წაახალისეთ.იმისათვის რომ სასურველი ქცევა მომავალშიც განმეორდეს, ბავშვი უნდა დააჯილდოოთ მისი გამოვლენის შემდეგ. ჯილდო შეიძლება იყოს სიტყვიერი შექება, ბავშისათვის საყვარელი ნივთი ან სასიამოვნო აქტივობა.
გახსოვდეთ, თქვენი მონდომება, თერაპიული მხარდაჭერა და ბავშვის ძლიერი მხარეების განვითარება აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს. ეტაპობრივად მოხდება ბავშვის ფუნქციონირების გაუმჯობესება და გაიზრდება თქვენი შვილის ჩართულობა ასაკის შესაბამის სხვადასხვა საქმიანობაში.
მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.