2023 წლის ივლისში ორმხრივად ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩვენ ცენტრსა და აშშ-ს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების ცენტრის სამედიცინო სკოლასთან – University of New Mexico, Health Sciences Center (UNMHSC), School of Medicine.

მემორანდუმის მიზანი იყო ECHO (Extension for Community Healthcare Outcome) მოდელის დანერგვა საქართველოში. გუშინ, 19 თებერვალს ჩატარდა ECHO მოდელის უკვე მე-2 სესია, რომელშიც მონაწილეობდა 31 პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმი/პედიატრი.
სესიის ქართული ჰაბის წევრები იყვნენ ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები: მაია გაბუნია (სესიის ფასილიტატორი), მედეა ზირაქაშვილი (ბავშვთა ფსიქიატრი), ელენე ყურაშვილი (ფსიქოდიაგნოსტიკოსი), ია ლომინაშვილი (ქცევის თერაპევტი), თამარ ჩოჩიშვილი (ადრეული განვითარების სპეციალისტი), თეო გვარამია (მშობელი, უფლებადამცველი) და მოწვეული პედიატრი ირაკლი რცხილაძე.
საპილოტე პროგრამის მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF Georgiaდა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში Caritas Czech Republic in Georgia
მოდელი პირველად შეიქმნა 2003 წელს ნიუ-მექსიკოში (აშშ) სოფლის ექიმებისა და ექთნების დასახმარებლად C ჰეპატიტის დროული მკურნალობისთვის. მოდელმა დროთა განმავლობაში მცირე ცვლილება განიცადა და 2006 წლიდან დაემატა ფსიქიკური ჯანმრთელობის, წამალდამოკიდებულების, დიაბეტის, რევმატოლოგიური და სხვა პროგრამები. ამჟამად მოდელი დანერგილია 191 ქვეყანაში. ვამაყობთ, რომ ამ მსოფლიო რუკაზე საქართველოც მოინიშნა.
მოდელის მიზანია ჯანდაცვის სისტემაში მოთხოვნისა და მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა, ქვეყნის მოშორებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა – ცოდნის მიტანა და არა ადამიანების მისვლა ცოდნასთან.