11 სახალისო აქტივობა წიგნიერების და სამეტყველო ენის განვითარების ხელშეწყობისთვის

ადრეულ ასაკში ბავშვის სამეტყველო ენის და წიგნიერების უნარის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ისეთი სახალისო აქტივობების დაგეგმვა, რომელშიც ცხოველები იქნება გამოყენებული, რადგან როგორც წესი, ბავშვებს უყვართ ცხოველები.
ქვემოთ მოცემულია 11 სახალისო აქტივობა, რომელიც გამოადგებათ საბავშვო ბაღის პედაგოგებს, ადრეული განათლების სპეციალისტებსა და მშობლებს, რომ გაზარდონ ბავშვის ლექსიკური მარაგი, ხელი შეუწყონ გრამატიკული სტრუქტურების განვითარებას და წაახალისონ თანატოლებსა და უფროსებთან დიალოგის წარმართვა.
🐣მხიარული ფერმა
მიეცით ბავშვს საშუალება, დაკავდეს ცხოველების „მოვლით“. მოაწყვეთ გარემო შესაბამისად: გამოყავით თავლისა და საძოვრის ტერიტორიები. მოიმარაგეთ სათამაშო შინაური ცხოველები, რომლებზეც ბავშვმა უნდა იზრუნოს (ძროხა, ღორი, ქათამი და ა.შ). წაახალისეთ როლური თამაშით – ესაუბრეთ ბავშვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას საქმიანობთ, მაგალითად: „მე ძროხას ვაჭმევ, გინდა დამეხმარო?“ უთხარით ისეთი წინადადებები, რომლებიც მათ უნდა დაასრულონ, მაგალითად: „ეს სათლი სავსეა, ეს სათლი – (ცარიელი)“. ასევე, სწორი გრამატიკული სტრუქტურების დასასწავლად, გაიმეორეთ ბავშვის ნათქვამი და განავრცეთ, მაგალითად: თუ ბავშვი ამბობს „ძაღლი ვაჭამო“, უთხარით: „ძაღლს ვაჭამოთ, მას ძალიან შია“.
🐣ზოოპარკი
მოაწყვეთ „ზოოპარკი“, რისთვისაც დაგჭირდებათ სხვადასხვა სახეობის სათამაშო ცხოველები. გამოყავით რამდენი სივრცე, რომლებშიც გაანაწილებთ ცხოველებს, მაგალითად: მინდორი – დიდი ზომის ცხოველებისთვის, მუყაოსაგან შექმნილი აუზი – პინგვინებისა და დათვებისთვის და სხვ. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია.
თამაშის წინ გაანაწილეთ როლები – ზოგი ბავშვი შეიძლება იყოს ზოოპარკის დამთვალიერებელი და მათ შეუძლიათ იყიდონ ბილეთები და საჭმელი. ზოგი კი – ზოოპარკის თანამშრომელი, რომელსაც ცხოველებზე ზრუნვა ევალება. მათ უნდა გამოკვებონ ცხოველები, გაყიდონ საკვები და ბილეთები.
ამ აქტივობის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ბავშვის ფონოლოგიური უნარების განვითარებას (მაგალითად: აქტივობის განმავლობაში შეგიძლიათ დამარცვლოთ ცხოველების სახელები, ჰკითხოთ ბავშვებს რომელი ასოთი იწყება ამა თუ იმ ცხოველის სახელი და ა.შ). ასევე, შესაძლებლობა გექნებათ გაზარდოთ ბავშვის ლექსიკური მარაგი და ხელი შეუწყოთ ფერის, ფორმისა და ზომის ცნებების სწავლებას.
🐣ცხოველების კლასიფიკაცია
ოთახში მოაწყვეთ „ფერმის“ (შეიძლება გამოიყენოთ სათამაშო თავლა და შემოავლოთ სათამაშო ღობე) და „ზოოპარკის“ (შეგიძლიათ გამოიყენოთ პოსტერი, რომელზეც ზოოპარკის გარემოა გამოსახული) – ტერიტორია. უთხარით ბავშვებს, რომ მათ ოთახში არსებული სათამაშო ცხოველები უნდა დააბინაონ: შინაური ცხოველები – ფერმაში, ხოლო გარეული ცხოველები – ზოოპარკში. ბავშვებმა რიგ-რიგობით უნდა აიღონ სათამაშო ცხოველები, უნდა დაასახელონ და გადაწყვიტონ, სად მოათავსონ ისინი. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშვებს, გაიხსენონ ისეთი ცხოველები, რომლებიც არ გაქვთ ოთახში და თქვან, სად მოათავსებდნენ მას.
🐣ცხოველების მაღაზია
სთხოვეთ ბავშვებს წარმოიდგინონ, რომ ოთახში ცხოველების მაღაზიაა. მოიმარაგეთ სხვადასხვა სახეობის სათამაშო ფუმფულა ცხოველი და გაინაწილეთ როლები – ზოგიერთი ბავშვი გამყიდველი იქნება, ზოგი კი – მომხმარებელი. თამაშის განმავლობაში ფუნქციებიც შესაბამისად უნდა იყოს გადანაწილებული. მაღაზიაში ასევე შეგიძლიათ ცხოველების საკვებისა და მათი მოვლის სხვადასხვა საშუალებების „გაყიდვა“. „მაღაზიაში“ სხვადასხვა საგნისათვის დასახელების დაწერა და ბავშვებთან ერთად ხმამაღლა წაკითხვა ადრეული წიგნიერების უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
🐣ტური ჯუნგლებში
მოაწყვეთ ხელოვნური ჯუნგლები, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ნივთი, რამაც შეიძლება ჯუნგლების ასოციაცია გაუჩინოს ბავშვებს: პალმა, მდინარე და სხვა – გარემო, სადაც ცხოველების დამალვას შეძლებთ.
სკამების ორ რიგად დაწყობით შექმენით მანქანის იმიტაცია, რომელშიც ჩასხდებიან ბავშვები და მათ მოუწყობთ წარმოსახვით ტურს ჯუნგლებში. ტურის განმავლობაში ბავშვები შეძლებენ სურათები გადაუღონ ცხოველებს ან თავად მოირგონ ცხოველების როლი. აქტივობის განმავლობაში ბავშვებს შეუძლიათ მოირგონ ტურის გიდის როლი და მოუყვნენ სხვა ბავშვებს იმ ცხოველების შესახებ, რომლებიც ჯუნგლებში შეხვდებათ. ეს აქტივობა ლექსიკის და რითმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
🐣ცხოველების კემპინგი
წადით ბავშვებთან ერთად წარმოსახვით კემპინგზე (წარმოიდგინეთ რომ ოთახი არის ტყე, სადაც ბავშვებთან ერთად წახვალთ სალაშქროდ). აქტივობის დაწყებამდე ესაუბრეთ ბავშვებს გარეულ ცხოველებზე, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და ამის შემდეგ გაეშურეთ „სალაშქროდ“ საგანგებოდ მოწყობილ ოთახში, სადაც სხვადასხვა სათამაშო ცხოველი გექნებათ დამალული. ლაშქრობის დასრულების შემდეგ ისაუბრეთ იმ ცხოველებზე, რომელიც “დაინახეთ” ტყეში. ბავშვებს დაუსვით ღია შეკითხვები.
🐣პიკნიკი
სთხოვეთ ბავშვებს, სახლიდან მათი საყვარელი სათამაშო ცხოველი მოიტანონ (იქონიეთ დამატებითი სათამაშოები იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმე ვერ შეძლებს მოტანას) და მათთან ერთად მოაწყვეთ პიკნიკი ოთახში. კალათში ჩააწყვეთ პლედები, სათამაშო საჭმელი, ჭურჭელი და ხელსახოცები. ბავშვებთან ერთად იატაკზე გაშალეთ წამოღებული ნივთები და წაახალისეთ ისინი, რომ გამოკვებონ ცხოველები. სთხოვეთ ბავშვებს, ისაუბრონ თავიანთ ცხოველებზე და გაგიზიარონ ისტორიები მათ შესახებ.
🐣ცხოველების როლური თამაში
შეარჩიეთ წიგნი ცხოველების შესახებ და წაიკითხეთ. მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ბავშვებმა პერსონაჟების როლების მორგება შეძლონ. მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ თავად არიან რომელიმე კონკრეტული ცხოველი ან მიბაძონ მათ დამახასიათებელ მოძრაობას, მაგალითად დაიღრიალონ, როგორც ლომმა. ესაუბრეთ მათ წიგნში შეხვედრილი ცხოველების შესახებ, ჰკითხეთ როგორ გრძნობდნენ თავს ამა თუ იმ ცხოველის როლში.
🐣ცხოველების ფორმის მარიონეტები
მარიონეტების გამოყენება კარგი გზაა ბავშვების გასამხიარულებლად და ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად. დაეხმარეთ ბავშვებს, თვითონ შექმნან მარიონეტები, ამისთვის მარტივი გზაა მუყაოზე ცხოველის დახატვა, გამოჭრა და ხის ჯოხზე მიმაგრება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა ზომის ქაღალდის ჩანთები, რომლებზეც ბავშვები სასურველ ცხოველს დახატავენ და მას ხელზე ჩამოიცვამენ. ასწავლეთ, როგორ უნდა ამოძრაონ ხელი, რათა თავიანთი ცხოველები „ასაუბრონ“. წაახალისეთ ბავშვები, რომ მათ მიერ დამზადებული მარიონეტების გამოყენებით ესაუბრონ ერთმანეთს შეცვლილი ხმით.
🐣გამოიცანი ცხოველი
ამობეჭდეთ და გამოჭერით სხვადასხვა ცხოველის ნახატი ან ფოტო, დააწყვეთ მაგიდაზე გამოსახულებით ქვემოთ. ერთ-ერთმა ბავშვმა უნდა აირჩიოს სურათი, სხვებმა კი დაუსვან შეკითხვები, რომელზე პასუხიც მხოლოდ „კი“ ან „არა“ იქნება, მაგალითად: „დაცურავს?“ „ფერმაში ცხოვრობს?“ და ა.შ. შერჩეული ცხოველის გამოცნობის შემდეგ, სურათს სხვა ბავშვი ირჩევს და მას უსვამენ შეკითხვებს სურათზე გამოსახული ცხოველის შესახებ.
🐣ჩიტების კაფე
აიღეთ გამხმარი სიმინდის ტარო ან გააკეთეთ ხორბლის ბურთულა, მიეცით ის ბავშვს და სთხოვეთ, რომ პლასტმასის დანის გამოყენებით წაუსვას კარაქი. შემდეგ კი მოაბით თოკი და დაკიდეთ ოთახის გარეთ, ფანჯარასთან ახლოს, რათა ბავშვებმა მარტივად შეძლონ მასზე დაკვირვება. ამ აქტივობის მიზანია ბავშვები დააკვირდნენ დატოვებული საკვების მისართმევად მოფრენილ ჩიტებს, ისაუბრონ შემჩნეული ფრინველების მახასიათებლებზე, აღწერონ მათი ფორმა, ზომა და ფერი.
📖მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ენისა და მეტყველების თერაპევტმა ანანო გოგილაძემ.
გამოყენებული ლიტერატურა: Bedwards. (2022, August 30). 11 fun animal activities that encourage early language & literacy skills. Brookes Blog. Retrieved October 13, 2022, from https://blog.brookespublishing.com/11-fun-animal…