10 სახალისო აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას

წელიწადის ეს დრო ძალიან მოსაწყენია. განსაკუთრებით, როდესაც სიცივის გამო, ბავშვებს სახლში ხანგრძლივად უწევთ ყოფნა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 ადაპტირებულ აქტივობას, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს თქვენი შვილის განვითარებას, ასევე დაგეხმარებათ დროის ერთად და მხიარულად გატარებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული აქტივობები, ძირითადად, 3-4 წლის ბავშვებისთვისაა, მოზრდილი ბავშვებიც შეიძლება ხალისით ჩაერთონ.
1. ირგვლივ ბზრიალ-ტრიალი
განვითარების სამიზნე სფერო: მსხვილი და ნატიფი მოტორიკა.
გააკეთეთ გრძელი შარფები სხვადასხვა ქსოვილებისგან – ძველი კაბები, პერანგები ან/და ნაჭრები გადააბით ისე, რომ გამოვიდეს გრძელი შარფი. მთავარია, ქსოვილი იყოს მსუბუქი. დააჭირეთ შარფები კიდით და იხტუნავეთ, იტრიალეთ და ირბინეთ წრეზე. მეტი ხალისისთვის, შეგიძლიათ მუსიკაც ჩართოთ 😊
2. სათამაშო სახლი
განვითარების სამიზნე სფერო: სოციალურ-ემოციური და კომუნიკაცია.
ძველი ყუთებისგან გააკეთეთ მაღაზია, სახლი, მინი-სცენა თოჯინების თეატრისთვის ან სახანძრო მანქანა. შეგიძლიათ მოიპატიჟოთ თქვენი ბავშვის მეგობრები და ითამაშოთ „სახლობანა“, „მაღაზიობანა“, მოაწყოთ თოჯინების თეატრი ან წარმოიდგინოთ, რომ მეხანძრეები ხართ.
3. ყველაფერი მრგვალი
განვითარების სამიზნე სფერო: კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრის უნარი.
ფურცლებისგან გამოჭერით დიდი ზომის წრეები და აჩვენეთ ბავშვს. ესაუბრეთ მას იმის შესახებ, რაც არის მრგვალი მის გარშემო (ბურთი, მთვარე და ა.შ.) გაჭერით ქაღალდის წრე შუაზე და სთხოვეთ ბავშვს გააერთიანოს და კვლავ წრის ფორმა მისცეს. შემდეგ გაჭერით 3 ნაწილად, 4 ნაწილად და ნახეთ, თუ შეძლებს თქვენი შვილი „ფაზლის“ აწყობას.
4. ფეხსაცმლის მაღაზიობანა
განვითარების სამიზნე სფერო: პიროვნულ-სოციალური, ნატიფი მოტორიკა.
ვითომ გახსენით ფეხსაცმლის მაღაზია. გამოიყენეთ ძველი ფეხსაცმელი, კალამი, ფურცელი და სკამი, რომ დასხდეთ და მოიზომოთ ფეხსაცმელი. პირველ ჯერზე, შეგიძლიათ იყოთ მომხმარებელი, თქვენი შვილი კი – გამყიდველი. სთხოვეთ ბავშვს „ჩაიწეროს“ თქვენი „შეკვეთა“ და დაგეხმაროთ შესაბამისი ფეხსაცმლის შერჩევაში. შემდეგ გაცვალეთ როლები – თქვენ იყავით გამყიდველი, ბავშვი – მომხმარებელი და ამჯერად მან მოირგოს და შეიძინოს ფეხსაცმელი.
5. რიცხვების გაცნობა
განვითარების სამიზნე სფერო: კომუნიკაცია.
ისაუბრეთ რიცხვ 3-ზე, წაიკითხეთ მოთხრობებით, რომლებშიც ეს რიცხვია (მაგ. „სამი გოჭის ამბავი“, „სამი დათვი“). დაითვალეთ 3-მდე სხვადასხვა ნაცნობი საგნების გამოყენებით. ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორია იყო 3 წლის. მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი გაიგებს იდეას, გადადით 4-ზე, 5-ზე და მომდევნო რიცხვებზე მანამ, სანამ მის ინტერესს შეინარჩუნებთ.
6. პლასტილინის კაცუნა
განვითარების სამიზნე სფერო: პიროვნულ-სოციალური, ნატიფი მოტორიკა.
გააკეთეთ ადამიანი პლასტილინის ან თიხისაგან ჯოხების, ღილების, მძივების, და/ან მსგავსი ნივთების გამოყენებით. (მცირე ზომის ნივთების გამოყენებისას, იყავით ფრთხილად!) პირველ რიგში, გააკეთეთ ტანი და თავი პლასტილინის ან თიხისაგან და გამოიყენეთ დანარჩენი ნივთები ხელების, ფეხებისა და თვალებისთვის. დაუსვით ბავშვს კითხვები მისი გამოძერწილი ადამიანის შესახებ: რა ჰქვია? რა მოსწონს? რა არ მოსწონს?
7. სწორი და არასწორი
განვითარების სამიზნე სფერო: სოციალურ-ემოციური, კომუნიკაცია.
უმღერეთ ბავშვს საყვარელი საბავშვო სიმღერები ან ერთად წაიკითხეთ წიგნი, სადაც მოთხრობილია „სწორი“ და „არასწორი“ იდეის შესახებ. შემდეგ ერთად განიხილეთ, თუ როგორი არჩევანი გააკეთეს პერსონაჟებმა და რატომ?
8. მეხსიერების თამაში
განვითარების სამიზნე სფერო: პრობლემის გადაჭრა.
ითამაშეთ კონცენტრაციის გავარჯიშებაზე. აიღეთ სათამაშო ბარათების ორი ან სამი ნაკრები, ამოიღეთ 2 ერთი და იგივე ბარათი (მაგ. 2 გულის მეფე, 2 ჯვრის ქალი). შეიძლება თავად დაამზადოთ ბარათები იდენტური სურათებით. დაიწყეთ 2 ან 3 წყვილი ბარათით, გადააბრუნეთ (სურათები რომ დაფარული იყოს) და აურიეთ ერთმანეთში. სთხოვეთ ბავშვს ამოაბრუნოს 2 ბარათი მიყოლებით და ნახოს თუ არის წყვილი, თუ ამობრუნებული 2 ბარათი არ შეესაბამება ერთმანეთს, უნდა გადააბრუნოს და თავიდან სცადოს, სანამ არ იპოვის ერთმანეთის შესაბამის წყვილს. ეტაპობრივად შეგიძლიათ გაზარდოთ წყვილების რაოდენობა.
9. რა გქვია შენ?
განვითარების სამიზნე სფერო: კომუნიკაცია.
ხშირად დაწერეთ ხოლმე თქვენი შვილის სახელი. როდესაც ის დაასრულებს ნახატს, დააწერეთ მისი სახელი და თან გაახმოვანეთ (ასო-ასო). თუ ბავშვი გამოიჩენს ინტერესს, წაახალისეთ რომ გაახმოვანოს და გადახატოს ასოები. გაუხმოვანეთ მის სახელში შემავალი ასოები დღის მანძილზე სხვადასხვა წარწერაზე (მაგ. წიგნში, სარეკლამო აბრაზე).
10. სხვადასხვა კულტურა
განვითარების სამიზნე სფერო: სოციალურ-ემოციური.
აჩვენეთ თქვენს შვილს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების ფოტოები ჟურნალებიდან. ესაუბრეთ მსგავსებებსა და განსხვავებებზე თქვენსა და სხვა ოჯახებს შორის.
❗️გახსოვდეთ, ყველა აქტივობა უნდა განხორციელდეს უფროსის მეთვალყურეობით, რათა დაცული იყოს ბავშვების უსაფრთხოება!
📚მასალა თქვენთვის მოამზადა ჩვენი ცენტრის ქცევითი თერაპიის სუპერვიზორმა, ფსიქოლოგმა ია ლომინაშვილმა