შიში და შფოთვა აზიანებს ბავშვის დასწავლის უნარს და ხელს უშლის განვითარებას

📎ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო ზრდისა და განვითარებისთვის, რომ იქცეს საზოგადოების წარმატებულ წევრად. მეცნიერება გვეუბნება, რომ ადრეულ ასაკში არსებული მუდმივი შიში და შფოთვა ტოვებს მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის კვალს, რაც გამოწვეულია თავის ტვინის არქიტექტურის ცვლილებით.
📎ყველა ბავშვს რაღაცის ეშინია, ზოგს – სიბნელის, ზოგს – ცხოველის, ზოგს – უცნობი ადამიანის. ასეთი შიში ბავშვის ნორმალური განვითარების ნაწილია და დროებითია. ამის საპირისპიროდ, თუ მუდმივად არსებობს ისეთი გარემო, რისიც ბავშვს ეშინია და შფოთვას, იწვევს ისეთ ხანგრძლივ ეფექტს, რომლის გამოსწორებაც რთულია. ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობა ან რომელიმე მშობლის მხრიდან არასათანადო მოპყრობა ან ძალადობრივ გარემოში ყოფნა სწორედ ასეთი სახიფათო ფაქტორებია.
📎კვლევებით დასტურდება, რომ ისეთი უარყოფითი გამოცდილება, როგორიც არის სასტიკი მოპყრობა და ძალადობა იწვევს შიშს და ქრონიკულ შფოთვას, რაც თავის მხრივ იწვევს სტრესზე მოპასუხე სისტემის გახანგრძლივებულ აქტივაციას. ეს განსაკუთრებით საზიანოა ბავშვის თავის ტვინის განვითარების სენსიტიურ პერიოდში. სტრესული სისტემის ჭარბი აქტივაცია აზიანებს ბავშვის დასწავლის და სოციალიზაციის უნარს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
📎სამწუხაროდ, ბევრმა მშობელმა და სამედიცინო პერსონალმაც კი არ იცის ბავშვის შეშინების და შიშის ხანგრძლივი მავნე ზეგავლენის შესახებ, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ ამ ინფორმაციის თქვენთვის გაზიარება.
📎ზოგიერთი შიში ნორმალური, დროებითი მოვლენაა. ბავშვს შიში უჩნდება და მას ასხვავებს სხვა ემოციებისგან 6-12 თვის ასაკიდან. ადრეული ბავშვობის ასაკში ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა საგნების, ადამიანების, ცხოველების ან მოვლენების შიში. უცხო ადამიანის შიში შეიძლება გამოავლინოს უკვე 9-10 თვის ბავშვმა, რაც შემდეგაც უგრძელდება, თუმცა ასაკთან ერთად ეს შიში მცირდება, რადგან უწევს სხვადასხვა ადამიანებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან, ძიძასთან ან სხვა ხალხთან ურთიერთობა.
📎ადრეული ბავშვობის მოგვიანებით პერიოდში კი ბავშვებს ეშინიათ როგორც წარმოსახვითი, ასევე რეალური ამბების, ამიტომაც ჩნდება სიბნელის ან ურჩხულის შიში. ეს რეაქცია პიკს აღწევს 4-5 წლის ასაკში. ზოგადად, სკოლამდელი ასაკის შიშები ხელს არ უშლის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ქრება 7-8 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ შიში შეიძლება მაინც დარჩეს, ის ვლინდება კონკრეტულ დროს ან კონკრეტულ სიტუაციაში (მაგ.: სიბნელის შიში დაძინებისას ან კოსტიუმირებული მასხარას შიში დაბადების დღის ცენტრში) და ბავშვის ქცევაზე მნიშვნელოვნად არ აისახება და არ გვაფიქრებინებს რომ ის ზოგადად მშიშარაა.
📎მეცნიერული კვლევები ხსნის, ასაკთან ერთად რატომ ძლევს ბავშვი შიშს. შიშების დიდი ნაწილი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბავშვს უჭირს განასხვაოს წარმოსახვა რეალურისგან. ასაკთან ერთად უკვე ხვდება განსხვავებას. ამავე დროს, ბავშვს უვითარდება სიტუაციის კონტროლის და წინასწარ მიხვედრის უნარი. ამიტომაც ძალიან პატარა ბავშვსაც კი შეიძლება შიში არ ჰქონდეს, თუ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და რას უნდა ელოდოს. 1 წლის ბავშვისთვის სათამაშო, რომელიც ხმას გამოსცემს, შესაძლოა პირველ ჯერზე საშიში იყოს, მაგრამ თუ მიხვდება, როგორ გააჩუმოს, მას საშიშად აღარ აღიქვამს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის კოგნიტური და სოციალური უნარები ვითარდება, უკეთ ხვდება, რას უნდა ელოდოს კონკრეტულ შემთხვევაში და უკეთ აკონტროლებს საკუთარ გარემოს. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, როცა უკვე ამ უნარებში კარგად დახელოვნდება, ამ ტიპის შიშებიც ქრება.
📎ამდენად, ტიპური განვითარებისთვის დამახასიათებელი შიშები და მატრავმირებელი გარემოს შიშები ძალიან განსხვავებულია. ტიპური შიშები ასაკთან ერთად გაივლის, ხოლო ძალადობრივი გარემოს შიშები და შფოთვა – არა. ძალიან საშიში მოვლენის ადრეული გამოცდილება გავლენას ახდენს განვითარებად თავის ტვინზე, განსაკუთრებით მის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ემოციებს (ამიგდალაზე) და დასწავლას (ჰიპოკამპზე). სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა ზეგავლენას ახდენს არამარტო ჰიპოკამპსა და ამიგდალაზე, არამედ პრეფრონტალურ ქერქზე, რაც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებაზე. აღმასრულებელი ფუნქციის შემადგენელია მოქმედების დაგეგმვა, მიყოლა და გეგმის ადეკვატური ცვლილება, ყურადღების კონტროლი და ფოკუსირება, იმპულსური ქცევის დათრგუნვა, ახალი ინფორმაციის გაგება და გადაწყვეტილების მიღებაში გამოყენება. ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასკოლო ასაკში და ზრდასრულობაში.
📎ადრეული ბავშვობის ქრონიკული და ინტენსიური შიში ზემოქმედებს სტრესზე მოპასუხე სისტემაზე და ემოციის დამახსოვრების პროცესზე. მატულობს სტრესული ჰორმონები, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მახსოვრობაზე. კორტიზოლის და ადრენალინის (+ნორადრენალინის) გამოყოფა სტრესზე ნორმალური პასუხია და იწვევს სახიფათო მოვლენის და ადგილის დამახსოვრებას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ჰორმონების ჭარბი გამოყოფა იწვევს უკუეფექტს – აზიანებს დამახსოვრების პროცესს და დასწავლას. ასე რომ, სტრესზე ბიოლოგიური პასუხი შეიძლება იყოს როგორც დამახსოვრება, ასევე არდამახსოვრება.
📎როგორც კვლევებით აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაღალია ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის უარყოფითი ეფექტი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში გაზრდილ ბავშვებში, რადგან სიღარიბე დამატებითი უარყოფითი ფაქტორია ბავშვის განვითარებისთვის (იხ. გრაფიკი).
📎შიშის დასწავლა ქმნის ემოციურ მახსოვრობას, რომელიც მძლავრია და ხანგრძლივი. ეს მახსოვრობა ცოცხლდება ტრავმული მოვლენის განმეორების შემთხვევაში. ასეთი განმეორებით ემოციურ მახსოვრობა თანდათან უფრო ადვილად აქტიურდება და რთულდება დავიწყება. ტრავმული მოვლენის განმეორებითი გახსენება ასეთი მოვლენის არარსებობის შემთხვევაშიც კი ზრდის კორტიზოლის გამომუშავებას.
📎ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული და ინტენსიური შიშის გამოცდილება, კარგავენ საფრთხის და უსაფრთხოების განსხვავების უნარს. ამიტომაც, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო სიტუაციასაც კი შეიძლება აღიქვამდნენ საფრთხედ, უჭირთ თანატოლებთან ან უფროსებთან კონტაქტი, უძნელდებათ დასწავლა და ვითარდება შფოთვითი აშლილობა. უჭირთ სხვისი ემოციების გაგება და ჯანსაღი ურთიერთობების ქონა.
📎სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უნდა ამუშავდეს ბავშვის სავარაუდო ძალადობის ან უგულებელყოფის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს არამხოლოდ მის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ უნდა მოიცავდეს ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე მუშაობას.
📎ვინაიდან ნებისმიერი ხარისხის შფოთვითი ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობა იწვევს ხანგრძლივ მენტალურ და ფიზიკურ პრობლემებს, მათი ადრეული იდენტიფიკაცია და მკურნალობა ბავშვზე ზრუნვის სერვისების აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს.
📎მენტალური ჯანმრთელობის პოლიტიკის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი არის სიღარიბის დაძლევა და ძალადობრივი გარემოს არარსებობა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ პრობლემებს და ძალადობრივ ფონს, გასაგებია, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ფსიქიკური და მენტალური სიჯანსაღისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავება და შემდეგ – განხორციელება. ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
✊გისურვებთ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენ ბავშვებს! ❤
📚მომზადდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის მასალებზე დაყრდნობით.