შინაური ცხოველების ყოლა ამსუბუქებს სტრესის დონეს აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებში

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებს, ხშირად, სხვა მშობლებთან შედარებით, უფრო მაღალი სტრესის დონე აღენიშნებათ. თუმცა, ამ მიმართულებით ჩატარებული ახალი სამეცნიერო კვლევის შედეგები გვაცნობებს, რომ ერთი-ორი ოთხფეხა მეგობრის ყოლას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს სტრესის დონის მაჩვენებელი.

კვლევის ფარგლებში, მკვლევარებმა შეისწავლეს აუტიზმის მქონე ბავშვთა 764 ოჯახის გამოცდილება და აღმოაჩინეს, რომ ძაღლის ან კატის ყოლა დაკავშირებულია სტრესის უფრო დაბალ დონესთან როგორც აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
„შფოთვა და კომუნიკაციის სირთულე იმ ბაზისურ გამოწვევათა შორისაა, რომლებიც აუტიზმის მქონე ბავშვებს უმეტესად აღენიშნებათ,“ ამბობს გრეთჰენ კარლაილი, მისურის უნივერსიტეტის ვეტერინარული სამედიცინო სკოლის მეცნიერი და მკვლევარი, რომელიც ხელმძღვანელობდა 2020 წლის 4 მარტს, “Journal of Autism and Developmental Disorders”-ში გამოქვეყნებულ კვლევას.
„ვინაიდანაც შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დახმარება სოციალური ინტერაქციის გაუმჯობესებასა და შფოთვის შემცირებაში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი კომფორტსა და მხარდაჭერას სთავაზობენ არა მხოლოდ აუტიზმის მქონე ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც.“
კვლევაში მონაწილე მშობლებმა შეავსეს ონლაინ გამოკითხვა, სადაც უპასუხეს კითხვებს თავიანთ თავზე, მათ შვილებსა და თითოეულის ურთიერთობაზე სახლში მყოფ შინაურ ცხოველთან.
· ცხოველებზეზრუნვასთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობების მიუხედავად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შინაური ცხოველების პატრონობა არ იყო დაკავშირებული მშობლის სტრესთან. რეალურად, დედები და მამები, რომლებსაც ერთზე მეტი ცხოველი ჰყავდათ სახლში, მიუთითებდნენ მათი ყოლის დამატებით სარგებელზე.
· შედარებითდაბალშემოსავლიანი ოჯახები, თავიანთ შინაურ ცხოველებთან ყველაზე ძლიერ კავშირზე და ამის შედეგად სტრესის უფრო შესამჩნევ შემცირებაზე მიუთითებდნენ.
· ძაღლების პატრონების შედეგები უფრო მეტ სარგებელზე მიუთითებდა, ვიდრე კატების პატრონების. თუმცა, იმ ოჯახებმა, რომლებსაც ჰყავდათ კატაც და ძაღლიც, დააფიქსირეს უფრო მაღალი სარგებლის მაჩვენებელი, ვიდრე ოჯახებმა, რომლებსაც ჰყავდათ მხოლოდ ერთი რომელიმე ცხოველი.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ შინაურმა ცხოველებმა შესაძლოა შესთავაზონ საჭირო კომპანიონობა მარტოსულ ან სტრესის ქვეშ მყოფ მშობლებს, რის პარალელურადაც, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, შესაძლოა წარმოშვან უსაფრთხო სასაუბრო თემა და ამგვარად, სხვა ბავშვებთან საერთოს გამონახვის შესაძლებლობა.
კარლაილი ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, აუტიზმის მქონე ბავშვთა ოჯახებმა, ფრთხილად შეარჩიონ, თუ რა ტიპის შინაური ცხოველი იქნება მათი სახლის გარემოსათვის საუკეთესო არჩევანი.
„აუტიზმის მქონე ზოგიერთი ბავშვი სპეციფიური მგრძნობელობით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, რომელიმე კონკრეტული ბავშვისთვის, დიდმა და ხმაურიანმა ძაღლმა, რომელიც ძალიან აქტიურია, შესაძლოა გამოიწვიოს სენსორული გადატვირთვა. მაშინ, როდესაც მშვიდი კატა იდეალურად შესაფერისი იქნებოდა მისი ინტერესებისათვის.“
შინაური ცხოველების ყოლის სარგებლს სხვა კვლევებიც ადასტურებს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ თქვენთვის ეს ინფორმაცია გაგვეზიარებინა.
მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა ელენე ყურაშვილმა.