ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აუტიზმის დროს:პანაცეა თუ ექსპერიმენტი?

ვაგრძელებთ რუბრიკას “სპეციალისტის პასუხი თქვენ შეკითხვაზე” -გიპასუხებთ ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა
ზირაქაშვილი

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური გახდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საკითხი, მაგრამ სანამ მეცნიერული წრეები აქტიურად იკვლევენ, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას ამ მეთოდის გამოყენებამ, ზოგიერთი ცენტრი და სპეციალისტი უკვე ხელაღებით უწევს აგიტაციას მეთოდის უნიკალურობას. ეს არც არის გასაკვირი, რადაგან ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობა და მართვა, რომელთა ეტიოლოგია უცნობია და ეტიოტროპული მკურნალობის საშუალება არ არსებობს, ხშირად იქცევა ხოლმე არაპროფესიონალური მიდგომის ზეგავლენის ქვეშ.

ბოლო ერთი თვის მანძილზე ათეულობით მშობელმა შემოაღო ჩემი კაბინეტის კარი იმ იმედით, რომ დავუდასტურებდი აუტიზმის დროს ღეროვანი უჯრედების სასწაულმოქმედი ეფექტის შესახებ ინფორმაციას, თუმცა…

მოდი, ერთად მიმოვიხილოთ ზოგიერთი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, აუტიზმის სიმპტომების ცვლილების შესაძლებლობაზე, კვლევების ჩატარების ნებართვა პირველად FDA-მ 2012 წელს გასცა (“Sutter neuroscience,” 2012) , თუმცა ამ ხნის მანძილზე თერაპიის ეფექტურობამ მყარი კვლევითი საფუძველი ვერ მოიპოვა. რა მექანიზმით უნდა მუშაობდეს ზემოთ აღნიშნული მეთოდი აუტიზმის დროს? ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

2013 წელს ჩინეთში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ჩართული იყო აუტიზმის დიაგნოზის მქონე 3-დან 12 წლამდე ასაკის 37 ბავშვი. 24 კვირის განმავლობაში ბავშვებს მკურნალობდნენ დონორის ჭიპლარის სისხლისა და ქსოვილებისაგან მიღებული ღეროვანი უჯრედებით. კვლევაში მონაწილე ბავშვები დაყვეს 3 კატეგორიად: პირველი ჯგუფი იღებდა ღეროვან უჯრედებს მიღებულს ჭიპლარის სისხლიდან და უტარდებოდა ფსიქორეაბილიტაციური მკურნალობაც; მეორე ჯგუფი იყო შერეული, იღებდა უჯრედებს წარმოქმნილს როგორც ჭიპლარიდან, ასევე ჭიპლარის სისხლიდან და მათაც უტარდებოდათ რეაბილიტაცია, მესამე ჯგუფი კი იყო საკონტროლო და უტარდებოდათ მხოლოდ რეაბილიტაცია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით პირველ 2 ჯგუფში შედეგი იყო მნიშვნელოვნად უკეთესი (Lv et al., 2013).

ინდოეთში ჩატარებული ერთ-ერთი პოპულარული კვლევა, იყენებდა ძვლის ტვინიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს. კვლევა გრძელდებოდა 6 თვეს და მოიცავდა 3-დან 33 წლამდე ასაკის აუტიზმის დიაგნოზის მქონე 32 პირზე დაკვირვებას. ყველა მათგანს უტარდებოდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ღეროვანი უჯრედებით თერაპია. პაციენტებს სიმპტომები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, ნეიროვიზუალურ კვლევებითაც დაფიქსირდა ტვინის აქტივობა ზრდა მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ (Sharma et al., 2013).

ჩრდილოეთ კაროლინაში მკვლევართა გუნდმა არც თუ ისე დიდი ხანია დაიწყო 40 მილიონიანი კლინიკური კვლევა ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედების როლის დასადგენად. „იმისათვის, რომ თამამად ვთქვათ, რომ ეს თერაპია ეფექტურია, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფართომაშტაბიანი, რანდომიზებული, საკონტროლო კვლევა კარგი დიზაინით და მკაცრი კონტროლით“- ამბობს Joanne Kurtzberg, პედიატრიის პროფესორი, წამყვანი მკვლევარი. მას კვლევებით დამტკიცებული აქვს, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შესაძლოა მიღწეული იყოს მკვეთრ გაუმჯობესება ორსულობის დროს ჰიპოქსიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების უკუგანვითარებაში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით: ღეროვანი უჯრედების დახმარებით შესაძლოა გააქტიურდეს ზურგის ტვინის მიელინიზაციის პროცესი და წარმოიქმნას ახალი ნერვული კავშირები ირგვლივმყოფ უჯრედებთან. თუ გავიხსენებთ, რომ ერთ-ერთი ჰიპოთეზით აუტიზმს საფუძვლად თავის ტვინში სწორედაც კავშირების დეფიციტი უდევს საფუძვლად, შესაძლოა რომ ღეროვანმა უჯრედებმა გარკვეული სარგებელი მოიტანოს აუტიზმის მკურნალობის საქმეში, ამბობს Kurtzberg-ი.

გარკვეული ექსპერიმენტული ინფორმაცია უჯრედებით თერაპიის ეფექტურობაზე ფაქტია, რომ არსებობს. ამავე დროს, ზემოთ გამოთქმული მოსაზრება მნიშვნელოვანი სკეპტიციზმის
საფუძველია სხვა მკვლევარებისთვის. აუტიზმი, მულტიფაქტორული გენეზის რთული ნეიროგანვითარებითი დარღვევაა. ასევე, არავინ იცის ჭიპლარის სისხლიდან აღებულმა ღეროვანმა უჯრედებმა თუ რა მექანიზმით უნდა მოახდინოს თავის ტვინში არსებული კავშირების გაუმჯობესება.

ნებისმიერი სხვა ტიპის მკურნალობის მსგავსად, შესაძლოა განვითარდეს გვერდითი ეფექტები და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ლონგიტოდინური (ხანგრძლივი) გამოკვლევა და მის შესახებ ცოდნის გაუმჯობესება. დადასტურებულია, რომ ჩინეთში ჩატარებული კვლევის დროს დაფიქსირდა ტემპერატურული რეაქცია, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ჰიპერაქტიულობა, გულყრების აღმოცენება. არც ერთი არ ყოფილა იმდენად საყურადღებო, რომ გადაეფარა აუტიზმის სიმპტომების შემსუბუქების ეფექტი (Sharma et al, 2013), თუმცა არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შორეული შედეგების შესახებ.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით უმრავლესობა მკვლევარებისთვის ძალიან ნაჩქარევია ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება და მითუმეტეს რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის ჩადება იმ კვლევაში, რომლის ეფექტურობას არანაირი საფუძველი არ აქვს. “სავარაუდოდ ძალიან ნაადრევია მოზრდილი კვლევა თერაპიის ეფექტურობის დასადგენად, რომელიც ამ ეტაპზე პრაქტიკულად მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს,“- ამბობს Arnold Kriegstein, რეგენერაციული მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების კვლევის ცენტრის დირექტორი, სან ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან.

რატომ მოვიყვანე ამდენი მაგალითი და რატომ არის მნიშვნელოვანი მივადევნოთ თვალყური კვლევათა მსვლელობას და დავიცადოთ? – ზუსტად იმიტომ, რომ არ გავხვდეთ უმწიფარი და ექსპერიმენტული მეთოდების მსხვერპლი და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეფექტურ თერაპიულ მეთოდებს მივანდოთ ჩვენი ბავშვების მომავალი.

 

გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი ექიმი: მედეა ზირაქაშვილი