სტრესთან გამკლავების მექანიზმები

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისთვის
📌 კვლევებით დასტურდება, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის აღზრდა შეიძლება მშობლისთვის ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი იყოს. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ მშობლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობით. ზოგი მშობელი სირთულეებს ადვილად უმკლავდება, მაშინ როცა ზოგ მშობელს შეიძლება განუვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც კი.
📌 გამკლავების მექანიზმი ნიშნავს იმ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვრეაგირებთ საფრთხესა და სტრესზე. გამკლავება კი გულისხმობს კოგნიტურ და ქცევით ძალისხმევას, რომელსაც ვიყენებთ იმ გარეგანი ან/და შინაგანი მოთხოვნების დასაძლევად, რომელიც ჩვენი აღქმით ეჭვქვეშ აყენებს ან აღემატება ჩვენ რესურსებს.
📌 გამოყოფენ გამკლავების ორ ტიპს:
• პრობლემაზე ორიენტირებულს – სტრატეგიები, რომელთა მიზანია პრობლემის გადაჭრა ან სტრესის წყაროს იდენტიფიცირება და მის შეცვლაზე ორიენტირებული ქმედება. ამ დროს პიროვნება ორიენტირებულია საჭირო რესურსების მოძიებაზე.
• ემოციებზე დაფუძნებულს – სტრატეგიები, რომლებიც მიმართულია სტრესორთან დაკავშირებული გრძნობების შემცირებასა ან მართვაზე.
📌 მშობლის უნარი, გაუმკლავდეს სტრესს, დამოკიდებულია გამკლავების მექანიზმების ეფექტურობასა და რაოდენობაზე, რომლებსაც ის იყენებს ბავშვის დიაგნოზთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავებისთვის.
📌 კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები იყენებენ ორივე, როგორც ადაპტურ (კოგნიტური რესტრუქტურირება, სოციალური მხარდაჭერის მოძიება), ასევე არაადაპტურ (თავის არიდება და უარყოფა) გამკლავების სტრატეგიებს, თუმცა მეტად მიდრეკილნი არიან ადაპტური გამკლავებისკენ – ეძებენ სოციალურ მხარდაჭერას და პოზიტიურ რეინტერპრეტაციას.
📌 კვლევებით გამოვლინდა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე სხვა ბავშვების მშობლებთან კომუნიკაცია და სხვებისგან მხარდაჭერის ძიება ყველაზე ხშირად გამოყენებული პრობლემაზე ორიენტირებული გამკლავების მექანიზმები იყო. პრობლემაზე ფოკუსირებული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ამცირებდა სტრესის მაჩვენებელს, მაშინ როდესაც ემოციებზე ფოკუსირებული სტრატეგიები ზრდიდა სტრესის დონეს. ამავე კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ პრობლემაზე ფოკუსირებული გამკლავების სტრატეგიები უფრო მეტად ინარჩუნებდა მშობლის ცხოვრების ხარისხს. ამის საპირისპიროდ კი, მშობლებს, რომლებიც იყენებდნენ ემოციებზე დაფუძნებულ გამკლავების სტრატეგიებს, როგორიცაა პრობლემისგან გაქცევა ან დისტანცირება, უფრო მეტად აღენიშნებოდათ დეპრესიული სიმპტომები, თავს სოციალურად იზოლირებულად გრძნობდნენ და უფრო მეტ პრობლემას ეჩეხებოდნენ ბავშვთან ურთიერთობის დროს.
📌 კვლევათა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები უფრო მეტად მიმართავდნენ თავის არიდების სტრატეგიას სტრესთან გამკლავებისთვის, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვების მშობლები. როგორც აღმოჩნდა თავის არიდება არის სტრატეგია, რომელსაც ძირითადად მიმართავდნენ სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, როგორიცაა მაგალითად დიაგნოზის გაგება.
📌 კვლევებით ასევე გამოვლინდა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები განსხვავებულ გამკლავების მექანიზმებს მიმართავენ, ვიდრე სხვა ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები.
📌 აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების გამკლავების სტრატეგიების ანალიზის შედეგად გამოვლინდა კონცეპტუალურად და ემპირიულად განსხვავებული გამკლავების ისეთი განზომილებები, როგორიცაა ჩართულობა, ყურადღების გადატანა, კოგნიტური რესტრუქტურირება.
📌 ჩართულობაზე ორიენტირებული გამკლავება მოიცავს გამკლავების სხვადასხვა სტრატეგიებს, რომლებიც პრობლემაზე ფოკუსირებულ გამკლავებას მიეკუთვნება. მსგავსი სტრატეგიები ორიენტირებულია დედის უშუალო კონტაქტზე სტრესის იმ წყაროსთან, რაც დაკავშირებულია ბავშვის დიაგნოზთან.
📌 ამის საპირისპიროდ, განცალკევება მოიცავს მშობლის ისეთ ქცევასა და კოგნიციებს, რომლებიც მიმართულია სტრესორისგან თავის არიდებაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით, უარყოფით და გამკლავების ჯანსაღ სტრატეგიებზე უარის თქმით. ყურადღების გადატანის გამკლავების სტრატეგია მოიცავს მშობლის ძალისხმევას გაუმკლავდეს ბავშვის აუტიზმის დიაგნოზს ემოციების განმუხტვის მეშვეობით (მაგალითად ვენტილაციით, თავის დადანაშაულებით, იუმორით, სტრესული სიტუაციიდან ყურადღების გადატანით), მაშინ როდესაც კოგნიტური რეფრეიმინგი მოიცავს მშობლის ძალისხმევას „შეეგუოს“ ბავშვის დიაგნოზს პოზიტიური ფორმით, მიმღებლობის, კოგნიტური რესტრუქტურირების და რელიგიის მეშვეობით.
📌 აღსანიშნავია, რომ ყურადღების გადატანისა და განრიდების სტრატეგიები უკავშირდებოდა დეპრესიისა და ბრაზის მაღალ მაჩვენებლებს მშობლებში. მოცემული კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ განრიდებაზე დაფუძნებული გამკლავების სტრატეგიები უფრო ზრდის მშობლის სტრესს.
📌 ამრიგად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერვენციები, რომლებიც მიმართულია თავის არიდების სტრატეგიების შემცირებაზე და პოზიტიური ქცევითი და კოგნიტური გამკლავების სტრატეგიების გამოყენებაზე. აღნიშნული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ბავშვის არაადაპტური ქცევები, და არა უშუალოდ აუტიზმის სიმპტომები წარმოადგენს გამაშუალებელ ფაქტორს აუტიზმსა და მშობლის სტრესს შორის.
📌 აქედან გამომდინარე, ინტერვენციები, რომლებიც მიმართულია მშობლის მიერ ბავშვის პრობლემური ქცევის მართვის უნარის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით სარგებლიანი იქნება მშობლებისთვის. მსგავსი მიდგმა არა მხოლოდ შეამცირებს მშობლის სტრესს, ასევე ხელს შეუწყობს მშობლის თვითშეფასების, თვითეფექტურობის, სირთულეებთან გამკლავების პოზიტიური უნარების გამყარებას.
📖 გამოყენებული ლიტერატურა:
• Benson, P. R. (2010). Coping, distress, and well-being in mothers of children with autism. Research in Autism Spectrum Disorders, 4(2), 217-228.
• Demšar, A., & Bakracevic, K. (2023). Depression, anxiety, stress, and coping mechanisms among parents of children with autism spectrum disorder. International Journal of Disability, Development and Education, 70(6), 994-1007.
• Haytham, A. O., Khuan, L., Ying, L. P., & Hassouneh, O. (2022). Coping mechanism among parents of children with autism spectrum disorder: a review. Iranian journal of child neurology, 16(1), 9.
• Vernhet, C., Dellapiazza, F., Blanc, N., Cousson-Gélie, F., Miot, S., Roeyers, H., & Baghdadli, A. (2019). Coping strategies of parents of children with autism spectrum disorder: A systematic review. European child & adolescent psychiatry, 28, 747-758.
📚 მასალა თქვენთვის მოამზადა გამმას ქცევითმა თერაპევტმა, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის ფსიქოლოგმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა დეა ჯიაძემ.