რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ არავერბალი ბავშვისთვის კომუნიკაციის სასწავლებლად

ორგანიზაცია Autism Speaks-ის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს მეტად დამაიმედებელი ფაქტები იმის შესახებ,რომ 4 წლის ასაკის შემდეგ აუტიზმის მქონე არავერბალ ბავშვებს უვითარდებათ სასაუბრო ენა და აუტიზმის მქონე ყველა ბავშვს შეუძლია კომუნიკაციის სწავლა, მიუხედავად მისი სამეტყველო უნარებისა.

სასაუბრო ენის განვითარებისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ აუტიზმის მქონე თითოეული ბავშვი უნიკალურია. ამიტომ კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ეფექტურია ერთ ბავშვთან, დიდი მცდელობის მიუხედავად შეიძლება არაეფექტური იყოს მეორესთან.

აუტიზმის მქონე არავერბალი ბავშვისა და მოზარდის სასაუბრო ენის განვითარებისთვის გამოგადგებათ ქვემოთ მოცემული 7 რჩევა:

1. წაახალისეთ თამაშები და მისი სოციალური ურთიერთობები.
ბავშვები თამაშის მეშვეობით სწავლობენ და ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ენის შესწავლისთვისაც.
ინტერაქტიული თამაშები ქმნის კომუნიკაციის სასიამოვნო შესაძლებლობას თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის. სცადეთ თამაშის სხვადასხვა ვარიანტები, გამოიყენეთ მხიარული აქტივობები, რომლებიც ორიენტირებულია სოციალურ ინტერაქციაზე, მაგალითად: წყვილში სიმღერა, ლექსების კითხვა, ღიღინი. ასეთ დროს აჯობებს იყოთ ბავშვის თვალების დონეზე, რათა შეძლოთ მზერითი კონტაქტის შენარჩუნება.

2. მიბაძეთ თქვენ ბავშვს.
გაიმეორეთ ბავშვის მიერ გამოცემული ხმები, რითიც წაახალისებთ მის ახალ ბგერებსა და ხმებს. ამით, ასევე, უბიძგებთ ბავშვს დაგაკვირდეთ და მოგბაძოთ.
გაიმეორეთ და წაახალისეთ ბავშვის ყველა მისაღები ქცევა და დააიგნორეთ არასასურველი ქცევა. მაგალითად: თუ ბავშვი მანქანას ატარებს, აყევით თამაშში, მაგრამ თუ ბავშვი ისვრის მანქანას, ნუ გაიმეორებთ!

3. განავითარეთ არავერბალური კომუნიკაცია.
ჟესტები და თვალით კონტაქტი ხელს უწყობს ენის განვითარებას.
ბავშვთან კომუნიკაციისას უხვად გამოიყენეთ მიმიკა და ჟესტები. მაგალითად: როდესაც მიანიშნებთ რამეზე და ამბობთ “შეხედე”, გაიშვირეთ თითიც. როდესაც ეთანხმებით და ამბობთ “დიახ”, დაუქნიეთ თავი. გამოიყენეთ ბავშვისთვის მარტივად გასამეორებელი ჟესტები, როგორიცაა მოწონებისას ტაშის დაკვრა ან დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა და ა.შ.
ყოველთვის უპასუხეთ ბავშვის ჟესტებს. მაგალითად: როდესაც ის გიყურებთ და განიშნებთ კონკრეტულ სათამაშოზე, მიაწოდე მას ის სათამაშო.

4. მიეცით ბავშვს დრო პასუხისთვის.
ზოგი მშობელი ბავშვისგან დაჟინებით ითხოვს პასუხს თუ ბავშვი დროულად არ რეაგირებს დასმულ შეკითხვაზე.
გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვს საპასუხოდ საკმარისი დრო მისცეთ. როდესაც ბავშვს უსვამთ შეკითხვას, ან ხედავთ, რომ მას რაღაც სურს, მიეცით დრო (რამოდენიმე წამი) საპასუხოდ. ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და სწრაფად უპასუხეთ ბავშვის ნებისმიერ საკომუნიკაციო გამოვლინებას. თქვენი პასუხის სისწრაფე ეხმარება ბავშვს კომუნიკაციის განვითარებაში.

5. გაამარტივეთ ენა.
გამარტივება დაეხმარება ბავშვს თქვენ მიერ ნათქვამი ინსტრუქციების ადვილად გაგებაში. რაც უფრო მარტივად ესაუბრებით, მით უფრო მარტივი ხდება მისთვის ამ კონკრეტული სიტყვების გამეორება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ მეტყველებს, სცადეთ ცალკეული სიტყვებით საუბარი (“ბურთი”, “გამომიგორე”, „მესროლე“).
თუ ბავშვი უკვე საუბრობს ცალკეული სიტყვებით, გაართულეთ ინსტრუქციები და გახადეთ ორსიტყვიანი („ბურთი გამომიგორე“ ან „ბურთი მესროლე“).
ასევე, დაამატეთ თითო-თითო ახალი სიტყვა მისთვის უკვე ნაცნობ ფრაზებში.

6. მიყევით ბავშვის ინტერესებს.
სასურველია მშობელი მიყვეს ბავშვის ინიციატივას და გაახმოვანოს თითოეული მისი მოქმედება. მაგალითად: თუ ბავშვი თამაშობს ფორმებიანი ყუთით და შიგ დებს რომელიმე ფორმას, გაახმოვანეთ სიტყვა “შიგნით”. როდესაც ის ხელში იღებს სამკუთხედს, უთხარით „სამკუთხედი“ და ა.შ.
ამ გზით ბავშვს დაეხმარებით კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებული სიტყვების დასწავლაში.

7. გამოიყენეთ ვიზუალური დამხმარე საშუალებები.
ვიზუალურ დამხმარე საშუალებები და მინიშნებები ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. გამოიყენეთ სურათებიანი აპლიკაციები, უფრო მარტივ ვიზუალურ დახმარებად კი გამოიყენეთ სურათები, რომლებსაც ბავშვი გამოიყენებს მოთხოვნებისა და აზრების გამოსახატავად.

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა ქეთი ცინცაბაძემ