როგორ დავეხმაროთ ბავშვს ენისა და მეტყველების განვითარებაში?

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც ენისა და მეტყველების საშუალებით ამყარებს გარშემომყოფებთან ურთიერთობას. ენის ათვისება რთული, კომპლექსური პროცესია, რომელიც  მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, როდესაც ბავშვს მშობლების მეტყველება ესმის. დაბადებიდან 2 წლამდე კი ენის ათვისების უმნიშვნელოვანესი პერიოდია.

 

როგორ ითვისებს ბავშვი  მშობლიურ ენას?

ენა და მეტყველება კომუნიკაციის გზით დაისწავლება. მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობით, თამაშით ეძლევა აზრი სამყაროში არსებულ საგნებს და მოქმედებებს.

 

რა არის კომუნიკაციის და შემდგომ უკვე ენის  განვითარებისთვის  აუცილებელი პირობა?

ამისთვის აუცილებელია ორმხრივი ჩართულობის, ჯერის დაცვის  პროცესი, როდესაც ბავშვი და უფროსი ერთად აკეთებენ რაიმეს, მზერითი კონტაქტი, ამა თუ იმ ქმედების განზრახვის ამოცნობა, მოთხოვნა ან უარყოფა, ურთიერთობის შინაარსზე შეთანხმება, ანუ ბავშვი უნდა გებულობდეს იმ აქტივობას, რაშიც ჩართულია, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ენის გაგება,რადგან ენა ყოველთვის კონტექსტში ისწავლება. შემდეგ ხდება  მისი პროდუცირება, სიტყვებად გადაქცევა.

 

რა არ არის კომუნიკაციის პროცესი?

ტელევიზორის ყურება, ცალმხრივი პროცესია, ბავშვი მხოლოდ ინფორმაციას იღებს, რომელიც ხშირად არც ესმის.

ასევეა, ბავშვის თამაში დროს მშობლის იქვე ყოფნა, რადგან ამ დროს არ ხდება ორმხრივი ურთიერთობა.

 

იმისათვის რომ ჩვენ დავეხმაროთ და განვავითაროთ ბავშვის ენა, სიტყვის მარაგი, მეტყველება, აუცილებელია ჩავერთოთ ბავშვთან ერთად აქტივობაში.

 

ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, თუ რა აინტერესებს ბავშვს, რადგან ყველა ადამიანი იმაზე ამყარებს კომუნიკაციას რაც მას ესმის, შეუძლია ან აინტერებს.

 

 

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპიის სამსახურის უფროსი, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრანტი ანკა შამათავა.