რა არის ენაბორძიკობა?

ენაბორძიკობა ანუ ენაბლუობა არის მეტყველების დინების შეფერხება. ხშირად ის ბავშვობაში იწყება და ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ეს დარღვევა ხასიათდება სიტყვის წარმოთქმისას ბგერების გამოცემის შეფერხებით.
მეტყველების დინების ასეთი შეფერხება, ენის წამობრძიკება, თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს, მაგ: „მ“, „ჰმ“, „ა“ და სხვა. ის არ წარმოადგენს პრობლემას მანამ, სანამ ადამიანი მათ ხშირად არ იყენებს და არ იწვევს კომუნიკაციის პროცესის შეფერხებას.
ენაბორძიკობა გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჩნდება კომუნიკაციის სირთულეები ტელეფონზე საუბრისას, ადამიანთა დიდი ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოსვლისას როგორც სკოლაში ან სამსახურში, ასევე სახლში. სწორედ ამის გამო ადამიანები ხშირად უარს ამბობენ ან ცდილობენ თავი აარიდონ ასეთ სიტუაციებს.

რა არის ენაბორძიკობის ნიშნები?

ენაბორძიკით მეტყველება შეიძლება იყოს სიტყვებისა და სიტყვათა ნაწილების გამეორება ან/და სამეტყველო ბგერების განგრძობითი წარმოთქმა, ასევე, სულმოუთქმელი ლაპარაკი. ზოგ შემთხვევაში მეტყველების პროცესი ჩერდება, იბლოკება. დაბლოკვა გულისხმობს სამეტყველო ორგანოს (პირის აპარატის) რამოდენიმე წამით ერთ მდგომარეობაში შეჩერებას. ამ დროს არ ხდება ბგერის გამოცემა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ შესაძლებელი ხდება ბგერის ან ფრაზის დასრულება.
„სსსსად“ – არის სიტყვის ნაწილის გამეორების მაგალითი, „საააააად – ბგერის გაგრძელებაა, ხოლო „სად-სად-სად მიდიხარ“ – სიტყვის გამეორება.
ენაბორძიკობა იწვევს ადამიანის დაძაბულობას, ცდილობს ხარვეზის დამალვას, რის გამოც ეძაბება სახის კუნთები, შფოთავს, თავს არიდებს მსგავს სიტუაციებს.

რა იწვევს ენაბორძიკობას?

ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს გენეტიკური ფაქტორების როლს, მაგრამ გენეტიკური მზაობის მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება ენაბორძიკობა. ითვლება, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით შეიძლება განვითარდეს ენისბორძიკობა.
მიზეზის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში გაძნელებულია პირის აპარატის კუნთების სინქრონული მოქმედება, რაც საჭიროა ფრაზის შეფერხების გარეშე წარმოსათქმელად.

როგორ ხდება ენაბორძიკობის დიაგნოსტიკა?

ადამიანის მეტყველებაში დინების დარღვევის ამოცნობა არც ისე რთულია, რადგან ეს შეფერხებები თვალსაჩინოა და კომუნიკაციას უშლის ხელს.
ენაბორძიკობის დიაგნოსტიკას ენისა და მეტყველების თერაპევტები სხვადასხვა ტესტებისა და ინტერვიუირების დახმარებით ატარებენ. დიაგნოსტიკის დროს ხდება მეტყველების დინების შეფერხების სიხშირის და ტიპის გამოკვლევა, ასევე ენაბორძიკობის მქონე პირის დამოკიდებულების გამოკვლევა საკუთარი მეტყველების მიმართ. პატარა ბავშვებში აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა იმის საშიშროება რომ ენაბორძიკობა გაგრძელდეს. ასეთ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ენაბორძიკობის შემთხვევები ოჯახში, 6 თვეზე ხანგძლივი ენაბორძიკობა, ენისა და მეტყველების სხვა დარღვევების თანაარსებობა.
რა დახმარების გაწევა შეუძლია ენისა და მეტყველების თერაპევტს? თერაპევტის დახმარებით სწორდება შეფერხებები საუბარში და ბავშვი/მოზრდილი სწავლობს ეფექტურ კომუნიკაციას. თერაპიის დიდი ნაწილი არის იმ უნარების გამომუშევებაზე მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია მეტყველების ტემპის შენელებასთან, საკუთარი სუნთქვის კონტროლთან, საჭირო ფრაზების გამოიყენების სწავლებასთან.

რა უნდა ვიცოდეთ თუ ჩვენ გვიწევს ენაბორძიკობის მქონე ადამიანთან კომუნიკაცია?

ხშირად ადამიანებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, როდესაც მათთან ვინმე ენის ბორძიკით საუბრობს. ისინი გაუცნობიერებლად თვალს არიდებენ ასეთ ადამიანს, არ აცლიან აზრის დასრულებას, ამთავრებენ მათ დაწყებულ ფრაზებს ან სულაც თავს არიდებენ მათთან საუბარს. არცერთი ეს ქმედება არ არის სწორი. ადამიანები, რომლებსაც ენაბორძიკობა აქვთ, ისურვებენ რომ მათ როგორც ჩვეულებრივ მოსაუბრეს ისე უსმენდნენ. ისინი კარგად აცნობიერებენ თავიანთი საუბრის ხარვეზს, სწორედ ამიტომ ცდილობენ სწრაფად ილაპარაკონ და თავიდან აიცილონ მეტყველების დინების შეფერხება. ასე რომ, ასეთი მოუთმენელი მსმენელი დიდ სირთულეს უქმნის ენაბორძიკით მოსაუბრეს. აჯობებს მშვიდად აცადოთ დაასრულოს დაწყებული წინადადება ან აზრი.

საინტერესო ფაქტები ენაბორძიკობის შესახებ
ენაბორძიკობა ბავშვების 75%-ს ეწყება 2-დან 4 წლამდე ასაკში და უგრძელდება 12 წლის ასაკამდე;
ენაბორძიკობა შეიძლება ოჯახში რამდენიმე წევრს ჰქონდეს;
ენაბორძიკობას შეიძლება ახლდეს ფონოლოგიური და არტიკულაციის დარღვევები ან/და შფოთვითი აშლილობა;
არ არის დამტკიცებული, რომ აღზრდის სტილი გავლენას ახდენს ენაბორძიკობის განვითარებაზე;
მიბაძვით ენაბორძიკობის „გადადება“ არ არის შესაძლებელი;
საკამათოა პოსტ-ტრავმული ენაბორძიკობის არსებობაც, მეცნიერული კვლევებით ის არ დასტურდება.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტი:
თიკო ანთიძე / ანკა შამათავა