რა არის და რით განსხვავდება „ტანტრუმი“ და “მელთდაუნი“?

„ტანტრუმი“ და „მელთდაუნი“(ემოციური აფეთქება სენსორული გადატვირთვის ფონზე) ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რთულია, ამ მდგომარეობებს შორის, ერთი შეხედვით განსხვავების დანახვა. ბავშვს “მელთდაუნი” გამიზნულად არ აქვს და ხშირად სინანულსაც გრძნობს მომხდარის გამო. უნდა გვახსოვდეს რომ, მიუხედავად მსგავსი რეაქციისა, ეს ორი მდგომარეობა განსხვავდება ერთმანეთისგან. სწორედ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე შეგვიძლია სწორი რეაგირება მოვახდინოთ და შესაბამისი დახმარება გავუწიოთ ბავშვს.

 

რა არის ტანტრუმი?

 

ტანტრუმი არის ემოციების “ამოხეთქვა” რაიმე სასურველის მიღების მიზნით და ეს ტიპური ქცევაა ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. როგორც წესი, მეტყველების და თვითგამოხატვის უნარების განვითარებასთან ერთად ტანტრუმის რაოდენობა კლებულობს, თუმცა ზოგიერთ ბავშვს მაინც აქვს მიდრეკილება ამ ქცევისადმი. დროთა განმავლობაში ის სწავლობს ემოციების (ტანტრუმის) მართვას. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, მაგალითად: ყურადღების ან სასურველი ნივთის მიღება, მაღაზიაში სათამაშოს შეძენა, ფეხბურთის თამაშისას ბურთის აცილება და სხვა.

 

ტანტრუმი შეიძლება შეწყდეს მაშინ, როდესაც ბავშვი მიიღებს სასურველს ან მიხვდება, რომ ამ ქცევით ვერაფერს მიაღწევს.

 

რა არის მელთდაუნი?

 

მელთდაუნი ტანტრუმისგან განსხვავებული ქცევაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ხშირად სხვადასხვა სენსორული გამღიზიანებელია: მისთვის უსიამოვნო ხმა, ფაქტურა, გემო და ა.შ. ამას სენსორული გადატვირთვა ეწოდება. ზოგისთვის მელთდაუნი შეიძლება გასართობ პარკში შექმნილმა ხმაურმა გამოიწვიოს, სხვისთვის წინასასკოლო საყიდლებზე სავაჭრო ცენტრში ყოფნამ და ერთდროულად რამდენიმე რამეზე ფიქრმა.

 

მელთდაუნი არის რეაქცია ჭარბად მიღებულ სენსორულ გამღიზიანებელზე. იგი არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც შეიძლება გამაღიზიანებელი და ამაღელვებელი აღმოჩნდეს.

 

განსხვავებულია მართვის სტრატეგიები ტანტრუმისა და მელთდაუნის შემთხვევაში.

 

როგორ გავუმკლავდეთ მათ?

 

როგორც მათი გამომწვევი მიზეზები, ასევე შეჩერების სტრატეგიები განსხვავებულია. ტანტრუმი როგორც წესი შედეგზე ორიენტირებული და მიზანმიმართულია, ხოლო მელთდაუნი რეაქციაა გამღიზიანებელზე და მისი მართვა ბავშვს არ შეუძლია. ეს უკანასკნელი შეიძლება დასრულდეს მაშინ, როდესაც სენსორული გამღიზიანებელი იკლებს (ქრება) ან ბავშვი გადაიღლება.

 

ტანტრუმის დროს, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა სურს ბავშვს და ვაჩვენოთ მართებული გზები სასურველის მისაღებად, მაგალითად: „როდესაც შენი ძმა დაასრულებს საუბარს, შემდეგ შენი ჯერი იქნება“.

 

მელთდაუნის შემთხვევაში ბავშვს თქვენი დახმარება სჭირდება:

  • შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
  • არ მიიღოთ ქცევა, როგორც „ცუდი საქციელი“.
  • დაიცავით უსაფრთხოება და საშიში ნივთებისგან გაათავისუფლეთ გარემო.
  • დააკვირდით გამომწვევ მიზეზს (გამღიზიანებელს).
  • მუდმივად თან იქონიეთ სენსორული სათამაშო, რომელიც ამშვიდებს.
  • გამოიყენეთ „მძიმე ლეიბი“.
  • მიეცით დრო დასამშვიდებლად.
  • საჭიროების შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტს.

 

ჩვენი მიზანია შევამციროთ არასასურველი სენსორული სტიმული, დავეხმაროთ ბავშვს, რომ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს.

 

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფიზიკურ-სენსორულმა თერაპევტმა ბექა გორგაძემ.