ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა – რჩევები მშობლებისთვის

📌ვაგრძელებთ ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობაზე ინფორმაციის მოწოდებას. ამჯერად მის შესახებ მასალა მოგიმზადათ თეა ბაძაღუამ, ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის ადრეული ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს 2 წლის ასაკიდან (2-დან 3 წლამდე პერიოდში) ან მოგვიანებით, ადრეულ მოზარდობაში. მისთვის დამახასიათებელია დაუმორჩილებლობა და გამომწვევი ქცევა, მაგრამ ის არ არის კანონსაწინააღმდეგო, ასოციალური და აგრესიული.
📌ბავშვი გამოხატავს არათანამშრომლურ, გამომწვევ და ზოგჯერ მტრულ დამოკიდებულებას თანატოლების და ავტორიტეტის მქონე ადამიანების (მშობლის, მასწავლებლის) მიმართ. ეს ქცევა ხშირად არღვევს ბავშვის ნორმალურ, ყოველდღიურ ფუნქციონირებას, მათ შორის ურთიერთობებსა და საქმიანობას ოჯახსა და ბაღში/სკოლაში. ის ოპოზიციურად განწყობილია თანატოლების და ზრდასრულების მიმართ. ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვები წინააღმდეგობას გამოხატავენ დაუმორჩილებლობით ან ესაუბრებიან უფროსებს (მშობლებს, მასწავლებლებს) უხეშად. როდესაც მსგავსი ქცევა გრძელდება 6 თვეზე მეტხანს და შეუსაბამოა ბავშვის ასაკისთვის, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას აქვს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა.
📌ბავშვთა და მოზარდთა უმრავლესობას, რომლებსაც აქვთ ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, ასევე აქვთ სულ მცირე კიდევ ერთი სხვა ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა, მათ შორის: ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა, შფოთვითი აშლილობები, დასწავლის სირთულეები.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ბავშვის ოჯახურ გარემოში ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად არის მიჩნეული.
📌განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ოჯახური ფაქტორები, როგორიცაა:
• მშობლობის არასათანადო უნარები (არაადეკვატური მეთვალყურეობა, მკაცრი ან არათანმიმდევრული დისციპლინა, ბავშვის უარყოფა);
• ოჯახური კონფლიქტები;
• ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური და/ან ფიზიკური ძალადობა;
• უშუალოდ ბავშვისადმი მიმართული ფიზიკური ძალადობა;
• სექსუალური ძალადობა;
• ბავშვის უგულებელყოფა;
• სიღარიბე;
• მშობლების ან მზრუნველების მიერ ნარკოტიკების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
• ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა ოჯახის წევრებში (გენეტიკური განწყობა).
📌ქაოსურმა ოჯახურმა ცხოვრებამ, ბავშვისადმი არათანმიმდევრულმა მოპყრობამ (აღზრდის სტილმა) შეიძლება ხელი შეუწყოს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, თანატოლების მხრიდან უარყოფამ, დევიანტური თანატოლების ჯგუფში ყოფნამ, სიღარიბემ, ვიწრო სოციუმში არსებულმა ძალადობამ და სხვა არასტაბილურმა სოციალურმა ან ეკონომიკურმა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის განვითარება.
📌კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდი გამოითქვა, რომ აღზრდის სტილმა და გარემომ შეიძლება გაზარდოს პიროვნების მიდრეკილება ამ მდგომარეობის განვითარების მიმართ. ცუდი ურთიერთობა მშობლებთან, უგულებელყოფის განცდა და/ან მშობლის არარსებობა, ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების შეუძლებლობა, მხოლოდ რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის განვითარებას.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის სიმპტომების განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვის აღზრდაში ოჯახის წევრების ჩართულობის სტილს. არასწორი აღზრდის პრაქტიკა ხელს უწყობს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის სიმპტომების განვითარებას. არასწორ აღზრდაში მოიაზრება მშობლის ნაკლები ჩართულობა აღზრდის პროცესში, დისციპლინის არათანმიმდევრული გამოყენება (იგულისხმება დაწესებული აკრძალვების შეუსრულებლობა), პოზიტიური განმტკიცების გამოუყენებლობა (მაგ.: მხარდაჭერის არარსებობა), ფიზიკური დასჯის გადაჭარბებული გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებულად მკაცრი აღზრდა იწვევს ამ სიმპტომების არათუ მოგვარებას, არამედ გამწვავებას.
📌ბავშვის ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის სიმპტომების პროვოცირებაზე ზეგავლენას ახდენს მშობლის ფსიქოპათოლოგია, ემოციური რეგულირების დარღვევა ან სირთულეები კოგნიციაში, რის გამოც ხდება ბავშვის ქცევის არასათანადო შეფასება და მისი არაკორექტული მართვა. მშობლის დეპრესია, აგრესია, შფოთვა და ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება ასევე ითვლება ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობების ხელშემწყობ რისკ-ფაქტორებად.
📌ოპოზიციურ-გამომწვევ ქცევით აშლილობის სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სტრატეგიები:
• აუცილებლად გამოიყენეთ შექება კონკრეტული პოზიტიური ქცევის წახალისებისთვის, მაგალითად: „ძალიან დამეხმარე, შენი თეფში რომ ნიჟარაში ჩადე. დიდი მადლობა“;
• გამოიყენეთ დაჯილდოების სისტემა. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებთან;
• მიეცით მოკლე, პირდაპირი და კონკრეტული ინსტრუქციები, მაგალითად: „გთხოვ, ჩადე ჭურჭელი ნიჟარაში“;
• მიეცით არჩევანის საშუალება, თუ როდის გააკეთოს დავალებები და არა – შეასრულოს თუ არა დავალება. მაგალითად: „გსურს საშინაო დავალების შესრულება ახლა, თუ ჯერ ფილმს უყურებ და მერე“?
• თვალყური ადევნეთ მის ნეგატიურ ქცევას. მაგალითად, თუ თქვენი შვილი არ აკეთებს იმას, რაზეც შეთანხმდით, კვლავ შეახსენეთ და უთხარით: „კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გახსენებ …“ თუ თქვენი შვილი მაინც არ გიჯერებთ და არ თანამშრომლობს თქვენთან, აუცილებლად ჩამოართვით პრივილეგია;
• ერთი და იგივე ქცევისთვის, ყოველ ჯერზე შეზღუდვები ერთნაირად გამოიყენეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენმა შვილმა იცის, რას უნდა ელოდოს. მაგალითად: ფიზიკური აგრესიის გამოვლენისას თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაიმ-აუტი;
• გაიზიარეთ თქვენი შვილის ძლიერი ემოციები და უთხარით, რომ მზად ხართ მოსასმენად და დასახმარებლად. მაგალითად: „მესმის, რომ გაბრაზებული ხარ. გსურს ამაზე საუბარი?“
📌თუ გრძნობთ, რომ შვილთან ურთიერთობის მოგვარება თქვენთვის ადვილი არ არის, მაშინ ეს ის შემთხვევაა, როცა დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ და შეგასწავლით ბავშვის ქცევის კორექტულ მართვას.
📚მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ფსიქოლოგმა ეკა ბაძაღუამ.
📚დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ მასალის მომზადებისას გამოყენებული ბმულებით: