ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა მოზარდებში

📌მოზარდობა მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ამ ასაკში მიმდინარე ფიზიოლოგიური თუ სოციალური ცვლილებები ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე აყენებს ბავშვს. მოზარდი იცვლება როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე მენტალურად, უჩნდება ახალი მისწრაფებები და იზრდება მისი დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. მოზარდობის ასაკში ბავშვი აღარ არის მშობლების ინსტრუქციის უსიტყვო შემსრულებელი, უჩნდება ახალი ინტერესები და უფრო აქტიურად ერთვება თანატოლებთან ურთიერთობაში. ეს ცვლილებები ხშირად მშობლებთან კონფლიქტის და უთანხმოების მიზეზი ხდება, რაც ამ ასაკობრივი განვითარების ეტაპისათვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მოზარდის ქცევა ხდება გამოკვეთილად გამომწვევი და ოპოზიციური უფროსებთან თუ ავტორიტეტულ ადამიანებთან მიმართებაში.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა არის განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც მოზარდი მუდმივად გამომწვევად იქცევა, არ უჯერებს მშობლებს, მასწავლებლებს და სხვა ავტორიტეტულ ადამიანებს. ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდის ქცევა ნეგატიური, მტრული და გამომწვევია. მოზარდი ხშირად უხასიათოდაა, კამათობს ოჯახის უფროს წევრებთან ან პედაგოგებთან, შეგნებულად აღიზიანებს გარშემომყოფებს, შურისმაძიებელია და უარს ამბობს წესების დაცვაზე.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდს რეგულარულად ეცვლება გუნება-განწყობა და ავლენს სიტყვიერ აგრესიას გარშემომყოფების მიმართ. უფროსებთან ურთიერთობაში თავდაუზოგავად იცავს თავს, როდესაც შენიშვნას აძლევენ. ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდები თვლიან რომ გარშემომყოფებს მათი არ ესმით და არ უყვართ ისინი. თვლიან რომ ცუდად ექცევიან და არ აფასებენ მათ. საკუთარი თავი მიაჩნიათ ოჯახური გარემოებების და უფროსებისგან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევაა რთული და არასასურველი.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორები. გარემო ფაქტორებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტაბილური ოჯახური გარემო, არათანმიმდევრული მოპყრობა და აღზრდის სტილი, ძალადობრივი მოპყრობის გამოცდილება ოჯახში ან ოჯახის გარეთ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ტიპის არასტაბილური სოციალური თუ ეკონომიკური ფაქტორები.
📌ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდებს პრობლემები ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილების გამო. ისინი ხშირად არიან თანატოლებისგან გარიყულნი და ამიტომაც უფრო იოლად ხვდებიან არასასურველ ან დევიანტურ ჯგუფებში. არასასურველ და დევიანტურ ჯგუფებში მოხვედრა თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს მოზარდების პრობლემურ და ოპოზიციურ-გამომწვევ ქცევას. იზრდება მოზარდის მხრიდან დანაშაულებრივი ქცევის გამოვლენის ალბათობაც. თანატოლთა დევიანტურ ჯგუფებთან კუთვნილება მოზარდებში ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია. ეს იწვევს სასწავლო გარემოსგან კიდევ უფრო მეტ დისტანცირებას და აკადემიური მოსწრების გაუარესებას.
📌მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვანია მშობლებისა და გარემოს მხრიდან ზომიერი, გააზრებული და ორგანიზებული რეაგირება ბავშვის ქცევაზე. იმ შემთხვევაში თუ მოზარდი ავლენს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის ნიშნებს, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართვა და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა მოზარდისათვის, რათა დროულად მოხდეს სირთულეების დაძლევა და დაიზოგოს მოზარდის ენერგია მისი განვითარებისათვის აუცილებელ სხვადასხვა საქმიანობაზე.
📖მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ფსიქოლოგმა, ბესო ჭიღვარიამ.