მშობიარობის შემდგომი დეპრესია – რა არის და რა დახმარებაა შესაძლებელი?

📌ორსულობასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედები ხშირად განიცდიან მნიშვნელოვან ბიოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ და ფინანსურ ცვლილებებს. ეს ცვლილებები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისათვის. იზრდება დეპრესიისა და შფოთვის განვითარების რისკი.
📌ხშირად დედები ბავშვის დაბადების შემდეგ გრძნობენ სტრესს, სევდას, შფოთვას, მარტოობას და დაღლილობას, თუმცა ეს სიმპტომები მალევე ქრება. ყოველი მეშვიდე ქალი განიცდის გუნება განწყობის უფრო სერიოზულ ფსიქოლოგიურ სირთულეებს – მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება დაიწყოს ორსულობის პერიოდში, მშობიარობიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ და გაგრძელდეს დიდი დროის განმავლობაში, თუ არ მოხდება მისი სათანადო მკურნალობა. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს დედის შესაძლებლობაზე, სათანადოდ იზრუნოს პატარაზე და საკუთარ თავზე. ასევე, ხელს უშლის გარემოსთან ადაპტაციას და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას.
📌მშობიარობის შემდგომი დეპრესიისათვის დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება, ძილის სირთულეები, სევდა და გახშირებული ტირილი, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები, მომატებული შფოთვა, სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა და ინტერესების დაქვეითება.
📌იმ შემთხვევაში თუ ეს ნიშნები 2 კვირაზე დიდხანს გრძელდება, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარების მიღება. სათანადო მკურნალობის გარეშე მშობიარობის შემდგომი დეპრესია სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ დედის, არამედ ბავშვის კეთილდღეობას: შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთან სათანადო მიჯაჭვულობის განვითარების, ძილისა და კვების სირთულეები. გრძელვადიან პერსპექტივაში, ბავშვებში რომელთა დედებსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდათ, მაღალია კოგნიტური, ემოციური, კომუნიკაციური და სოციალური უნარების დეფიციტის განვითარების რისკი.
📌მშობიარობის შემდგომი დეპრესია არის განკურნებადი მდგომარეობა. სათანადო მკურნალობით მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტური ან ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. ფსიქოთერაპია პაციენტს ეხმარება გამოსავლის პოვნაში, რეალისტური მიზნების დასახვასა და ნეგატიურ ემოციებისაგან განთავისუფლებაში.
📖მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.