კანაბისი (კანაფი/მარიხუანა) – რა ვიცით მის შესახებ?

ნარკოტიკული საშუალებებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებული კანაფის კულტივირება, ვაჭრობა და ბოროტად გამოყენებაა. მსოფლიო მოსახლეობის 2,5% (დაახლოებით 147 მილიონი ადამიანი) მოიხმარს კანაფს, მაშინ როდესაც კოკაინს ან ოპიატებს მოიხმარს მსოფლიოს მოსახლეობის 0,2%.

უკანასკნელ წლებში კანაფის მოხმარებამ საგრძნობლად მოიმატა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ზოგადად, მისი მოხმარების დაწყების ასაკი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით დაბალია.
მიუხედავად პოპულარობისა, ცოტა რამ არის ცნობილი მის შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ მოგვეწოდებინა ფაქტები კანაბისის შესახებ.
📌რა განსხვავებაა კანაფსა და მარიხუანას შორის?
კანაფი და მარიხუანა ერთი და იგივე მცენარეა – Cannabis sativa. ისევე როგორც ძაღლის სხვადასხვა ჯიში ყველა ძაღლია, ისინიც განსხვავებულია, მაგრამ კანაბისები არიან. კანაფი შედარებით უფრო მაღალი მცენარეა და ნაკლებ ყვავილს იძლევა. ის შეიცავს ძირითადად CBD-ს – კანაბიდიოლს (Cannabidiol – CBD) და მხოლოდ 0.3%-მდე THC-ს – ტეტრაჰიდროკანაბიდიოლს (tetrahydrocannabinol – THC). მარიხუანა როგორც აშშ-ში, ასევე ბრიტანეთში არალეგალურია, რადგან შეიცავს ნაკლებ THC-ს, კანაფი კი – ლეგალურია. კანაფზე დამზადებული ბევრი პროდუქტია სხვადასხვა ქვეყანაში ხელმისაწვდომია, თუმცა მათი ხარისხი არასანდოა.
📌რა არის და რით განსხვავდება CBD-ს და THC-ს?
კანაბიდიოლი (Cannabidiol – CBD) და ტეტრაჰიდროკანაბიდიოლი (tetrahydrocannabinol – THC) ყველაზე აქტიური კანაბინოიდებია, რომელსაც შეიცავს მცენარე კანაბისი, თუმცა ამ მცენარეში სხვა ბევრი აქტიური ნივთიერებაც შედის.
THC იწვევს „აწეულ“ განწყობას და სხვა არასასურველ გვერდით მოვლენას, თუმცა სწორედ მას უკავშირდება მისი სასარგებლო თვისებებიც. CBD არ იწვევს „აწეულ“ განწყობას, მაგრამ გავლენას ახდენს ჩვენს გონებასა და სხეულზე. სწორედ CBD გამოცადეს ბავშვთა ეპილეფსიის ზოგიერთი რეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ. CBD-ს შეიცავს ბევრი პროდუქტი, რომელიც გამოიყენება შფოთვის, კუნთების ტკივილის და დაჭიმულობის დროს. აღსანიშნავია, მისი სარგებლის დამადასტურებელი კვლევები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და საჭიროებს მეტ მტკიცებულებებს.
📌რა გავლენას ახდენს კანაბისის მოხმარება ჯანმრთელობაზე?
კანაბისის გავლენის შესახებ ბევრი ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია, რომელთა უმეტესობა უკანასკნელი კვლევებით დადასტურდა.
ერთჯერადი გამოყენება – უარყოფით გავლენას ახდენს კოგნიტიურ (დასწავლის) უნარებზე, გაძნელებულია დასწავლა და რთულდება ნასწავლის გახსენება (თუ გამოიყენება სწავლის დროს). უარესდება ფსიქო-მოტორულ ფუნქციონირება, მოტორული კოორდინაცია და ყურადღების კონცენტრირება, რთული ინფორმაციის აღქმა და გააზრება. ადამიანს უჭირს რთული მოწყობილობების გამოყენება ისეთი მცირე დოზის მოწევიდან 24 საათის განმავლობაში, როგორიც 20 მგ THC-ის შემცველი კანაბისია. კანაბისის ინტოქსიკაციის დროს განსაკუთრებით ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
ქრონიკული გამოყენება – იწვევს კოგნიტიური უნარების შერჩევით დარღვევას, კერძოდ, რთული ინფორმაციის იმ მიღება-გადამუშავების უნარის დარღვევას, რომელშიც გამოიყენება ყურადღების კონცენტრირება და მეხსიერება. რაც უფრო ხანგრძლივდება მოხმარება, მით უფრო ღრმავდება დარღვევა და მისი გავლენა აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. ასევე, რაც უფრო ხანგრძლივია მოხმარება, მით ნაკლებია დარღვეული ფუნქციების აღდგენის შანსი. გასათვალისწინებელია, რომ ქრონიკული გამოყენება იწვევს კანაბისზე დამოკიდებულებასაც, როცა რთულია კანაბისის გამოყენებაზე კონტროლი.
დიდი დოზით და ხშირად მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს დეზორიენტაცია და ხანდახან არასასიამოვნო აზრები ან შფოთვისა და პარანოიას შეგრძნებები. მარიხუანას მომხმარებლებში მაღალია ალბათობა იმისა რომ განვითარდეს დროებითი ფსიქოზი (დერეალიზაცია, ჰალუცინაციები და პარანოია) და გრძელვადიანი ფსიქიკური აშლილობები, მათ შორის შიზოფრენია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოხმარება ხშირია და ადრეულ ასაკში იწყება. მარიხუანას მოხმარებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია, სოციალური შფოთვა და სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები და სუიციდი.
კანაბისის ქრონიკული და ხშირი მოხმარება (მოწევა) იწვევს ტრაქეასა და ბრონქების ეპითელიუმის დაზიანებას, ფილტვის ქსოვილის ანთებას და ინფიცირებისადმი ფილტვის მედეგობის შემცირებას. ხშირია მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევები.
ორსულობის დროს კანაბისის მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე და ახალშობილის დაბადების წონა მცირდება. ასევე, აღწერილია ორსულებში იშვიათი ფორმის სიმსივნის განვითარების შემთხვევებიც.
📌რა შემთხვევებში გამოიყენება კანაბინოიდები თერაპიული მიზნით?
მარიხუანა ზოგჯერ გამოიყენება როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობების დროს. აშშ-ს ზოგიერთ შტატსა და დიდ ბრიტანეთში დაშვებულია მისი გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს და როცა არსებობს ექიმის დასკვნა, მისი საჭიროების შესახებ. ასეთი მდგომარეობებია: სიმსივნესთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილი ან სხვა სიმპტომები; გაფანტული სკლეროზი და მასთან დაკავშირებული კუნთოვანი სპაზმები; შიდსი; ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი; ძილის ობსტრუქციული აპნოე; ალცჰაიმერის დაავადება; რეზისტენტული გულყრებით მიმდინარე სპეციფიკური ეპილეფსიური სინდრომი; ტერმინალური მდგომარეობები და სხვ.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა კანაბიდოიდების თერაპიული ეფექტი გულისრევითა და ღებინებით მიმდინარე სიმსივნის ან შიდსის მქონე პაციენტებში. სხვა კვლევებმა აჩვენა კანაბინოიდების თერაპიული ეფექტი ასთმისა და გლაუკომას მკურნალობაში, ასევე მათი ანტიდეპრესანტული, მადის გამაძლიერებელი, ანტიკონვულსიური და ანტისპაზმური მოქმედება.
თერაპიული მიზნით კანაბისის გამოყენების შესახებ კვლევები დასრულებული არ არის. აქამდე ჩატარებულ კვლევებს შორის უდიდესი კვლევა დაიწყეს დიდ ბრიტანეთში. მას ატარებს ლონდონის სამეფო კოლეჯი და მისი მიზანია კანაბისის თავის ტვინზე გავლენის დაზუსტება. მასში მონაწილეობას მიიღებს 3 ათასი კანაბისის მომხმარებელი და 3 ათასი ის პირი, რომელიც არ მოიხმარს კანაბისს. ამ კვლევის ბიუჯეტისთვის Medical Research Council-ის მიერ გამოიყო 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი. იმედოვნებენ რომ ეს კვლევა წერტილს დაუსვამს პოლარიზებულ წარმოდგენებს კანაბისის გამოყენების ზეგავლენის შესახებ.

📖მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა სალომე ნადარაიამ.