თავდაჯერებულობა – სტრესის შემცირების და უკეთესი კომუნიკაციის საშუალება

თავდაჯერებულობა – სტრესის შემცირების და უკეთესი კომუნიკაციის საშუალება
📚თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ აკონტროლოთ სტრესი და ბრაზი და უკეთ გაუმკლავდეთ პრობლემებს. გაიგეთ მეტი, ამ მასალიდან, რომელიც მომზადებულია მაიოს კლინიკის რეკომენდაციების საფუძველზე.
📌თავდაჯერებულობა კომუნიკაციის ერთ-ერთი საფუძველია. ის გეხმარებათ უკეთ გამოხატოთ და დაიცვათ თქვენი მოსაზრება ისე, რომ პატივი სცეთ სხვის აზრს და უფლებებს.
📌თავდაჯერებულობა ასევე გეხმარებათ აიმაღლოთ თვით-შეფასება და პატივისცემით მოეპყროთ სხვებს; ადვილად გაუმკლავდეთ სტრესს; თქვათ უარი და შეიმციროთ სტრესი, როცა თქვენი მოვალეობები გადაჭარბებულია და გიჭირთ უარის თქმა. ზოგი ადამიანი თითქოს თანდაყოლილად თავდაჯერებულია. თუ თქვენ ასეთი არ ხართ, შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ გახდეთ თავდაჯერებული.
📌რატომ არის მნიშვნელოვანი რომ იყოთ თავდაჯერებული?
📌თავდაჯერებულობა თავის თავში მოიცავს საკუთარი თავის და სხვის პატივისცემას და ის ეფექტური და დიპლომატიური სტილის კომუნიკაციის საშუალებაა. თავდაჯერებულობის გამოვლენა მოსაუბრეს მიანიშნებს, რომ თქვენ პატივს ცემთ საკუთარ თავს, რადგან იცავთ თქვენ ინტერესებს და გამოხატავთ თქვენ მოსაზრებას და განწყობას. ამავე დროს, ეს ნიშნავს რომ გესმით სხვების უფლებები და გინდათ მასთან ერთად იმუშაოთ კონფლიქტის გადაჭრაზე.
📌რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის, თუ რას ამბობთ. ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ ამბობთ. თავდაჯერებული კომუნიკაცია არის პირდაპირი და თავაზიანი. თავდაჯერებული კომუნიკაცია საშუალებას გაძლევთ წარმატებით მიიტანოთ თქვენი აზრი მოსაუბრემდე. თუ თქვენ კომუნიკაციისას ხართ ზედმეტად პასიური ან ზედმეტად აგრესიული, თქვენი საუბარი იკარგება, რადგან ადამიანებს უჭირთ ასეთი ინფორმაციის მიღება.
📌რომელი ჯობია, თავდაჯერებულობა თუ პასიურობა?
📌თუ თქვენი სტილია პასიური ან არათავდაჯერებული, თქვენ ჩანხართ მორცხვი ან ზედმეტად არხეინი. თქვენ შეიძლება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად თქვათ: „მეც იქ წამოვალ, სადაც ჩვენი ჯგუფი გადაწყვეტს წასვლას“. რატომ არის ეს პრობლემა? პრობლემაა, რადგან თქვენ ამით ამბობთ რომ თქვენი მოსაზრება და სურვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვების. ზედმეტი პასიურობით თქვენ სხვებს უბიძგებთ, რომ დააიგნორონ თქვენი საჭიროებები და მოსაზრებები.
📌განვიხილოთ ერთი მაგალითი: როცა თქვენ სამსახურში საკმაოდ დატვირთული ხართ და დამატებითი დავალების შესრულებას ეთანხმებით, ეს დამატებითი დავალება გაიძულებთ იმუშაოთ დასვენების პერიოდშიც და გამოტოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. თქვენი მიზანი შეიძლება კონფლიქტის თავიდან აცილებაა, მაგრამ ყოველთვის დათანხმება აზიანებს ურთიერთობებს ან კიდევ უარესი, იწვევს თქვენ შინაგან კონფლიქტს, რადგან საკუთარი საჭიროებებს ყოველთვის მეორე ადგილზე ანაცვლებთ.
📌თქვენი პასიურობით გამოწვეულმა შინაგანმა კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს:
• სტრესი
• წყენა
• გაბრაზება
• თავის მსხვერპლად მიჩნევა
• შურისძიების სურვილი
• საკუთარი თავის გაკიცხვა
📌რომელი ჯობია, თავდაჯერებულობა თუ აგრესიული ქცევა?
📌ახლა წარმოიდგინეთ მეორე უკიდურესობა. თუ თქვენ აგრესიული სტილი გაქვთ, თქვენ შეიძლება იყოთ მოძალადე, რომელიც უგულებელყოფს სხვების აზრს და სურვილებს, თავს წარმოიდგენს სხვებზე აღმატებულად. ზედმეტად აგრესიული ხალხი სახიფათო და საშიშია. ზოგჯერ ისინი ფიზიკურ საფრთხესაც წარმოადგენენ.
📌შეიძლება ფიქრობთ, რომ თუ იქნებით აგრესიული, თქვენ მიიღებთ იმას, რაც გინდათ, მაგრამ ამაში დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ. აგრესია ამცირებს ნდობას და პატივისცემას. სხვები ვერ აგიტანენ და შეეცდებიან მოერიდონ თქვენთან ურთიერთობას.
📌რომელი ჯობია, თავდაჯერებულობა თუ პასიურ-აგრესიული ქცევა?
📌ახლა განვიხილოთ პასიურ-აგრესიული ქცევა. თუ თქვენ კომუნიკაციისას პასიურ-აგრესიული ხართ, თქვენ შეიძლება უპასუხოთ „დიახ“, როცა გინდათ თქვათ „არა“. თქვენ შეიძლება იყოთ ირონიული ან იწუწუნოთ სხვებზე მის ზურგს უკან. პირდაპირი დაბლოკვის ნაცვლად თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ ან ქცევით გამოხატოთ უარყოფითი დამოკიდებულება. პასიურ-აგრესიული სტილის ჩამოყალიბება მაშინ ხდება, როცა თქვენთვის არაკომფორტულია საკუთარ საჭიროებებსა და შეგრძნებებზე პირდაპირ საუბარი.
📌რა მოჰყვება პასიურ-აგრესიული კომუნიკაციის სტილს? თანდათან უარესდება ურთიერთობა და სუსტდება პატივისცემა. ამით კი კიდევ უფრო კლებულობს თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილების შანსი.
📌თავდაჯერებულობის სარგებელი
📌თავდაჯერებულობა ითვლება ჯანსაღი კომუნიკაციის სტილად. მას აქვს ბევრი სარგებელი. ის თავიდან აგაცილებთ სხვების მიერ თქვენით სარგებლობას და „მსხვერპლად“ ყოფნას. თავდაჯერებული ქცევა დაგეხმარებათ:
• აიმაღლოთ თვით-შეფასება
• შეიძინოთ საკუთარი თავის რწმენა
• მიხვდეთ და აღიაროთ საკუთარი სურვილები
• მოიპოვოთ სხვების პატივისცემა
• გააუმჯობესოთ კომუნიკაცია
• შექმნათ ორივე მხარისთვის მომგებიანი სიტუაცია
• გაიუმჯობესოთ გადაწყვეტილების მიღების უნარები
• შექმნათ კეთილსინდისიერი ურთიერთობები
• მეტად კმაყოფილი იყოთ სამსახურით
თუ ისწავლით, გახდეთ თავდაჯერებული, ეს დაგეხმარებათ ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას უკეთ გამოხატოთ თქვენი სურვილები.
📌თავდაჯერებულობის სწავლა
📌ადამიანები გამოცდილების საფუძველზე კომუნიკაციის სხვადასხვა სტილს სწავლობენ. თქვენი სტილი შესაძლოა იმდენად გამჯდარი გაქვთ, რომ ვერც ხვდებით. ადამიანები თანდათან ეჩვევიან ერთი ტიპის სტილს. თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ კომუნიკაციის სტილი, უნდა ისწავლოთ კომუნიკაციის უფრო ჯანსაღი და ეფექტური სტილის გამოყენება. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მინიშნება ამ მიმართულებით:
• შეაფასეთ თქვენი სტილი. თქვენ აზრს ხმამაღლა ამბობთ თუ ჩუმდებით? დამატებითი სამუშაოს შეთავაზებას ეთანხმებით იმის მიუხედავად, რომ ისედაც დატვირთული გრაფიკი გაქვთ? ადვილად განსჯით ან ადანაშაულებთ? ადამიანები გერიდებიან ან ეშინიათ თქვენთან საუბარი? ჯერ კარგად გაერკვიეთ თქვენ სტილში და შემდეგ შეცვალეთ.
• გამოიყენეთ ცნება „მე“. ეს დაეხმარება სხვებს, რომ გაიგონ რა გინდათ. თქვით: „მე არ გეთანხმები“ ნაცვლად: „შენ არ ხარ მართალი“. თუ რაიმე გინდათ, თქვით: „მე მინდა შენ ამაში დაგეხმარო“ და არ უთხრათ: „შენ ეს უნდა გააკეთო“. გამოთქვით თქვენი სურვილი ან თხოვნა მკაფიოდ, მარტივად და გასაგებად.
• ივარჯიშეთ უარის თქმაზე. თუ ძალიან გიჭირთ უარის თქმა, უბრალოდ ასე თქვით: „არა, ახლა ამას ვერ ვიზამ“. დაიმახსოვრეთ, რომ „არა“ არის ერთსიტყვიანი წინადადება და არ საჭიროებს დამატებით განმარტებას.
• ნუ ყოყმანობთ, იყავით პირდაპირი. თუ საჭიროა განმარტება, გამოთქვით ის მოკლედ.
• გაიარეთ წინასწარი რეპეტიცია. თუ თქვენთვის რთულია იმის თქმა, რასაც ფიქრობთ, წინასწარ წარმოიდგინეთ ყველა სცენარი და გაიარეთ რეპეტიცია. წარმოთქვით თქვენი აზრი ხმამაღლა. თავიდან შეიძლება დაგჭირდეთ, რომ ჯერ დაწეროთ, რისი თქმაც გინდათ და შემდეგ, დაწერილი წაიკითხოთ. გაითამაშეთ მეგობართან ერთად და სთხოვეთ, გამოთქვას თავისი აზრი.
• გამოიყენეთ სხეულის ენა. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ვერბალური. მოიქეცით ისე, თითქოს საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, რომც ასე არ იყოს. წელში გასწორდით, მაგრამ ცოტა წინ წაიხარეთ. შეინარჩუნეთ თვალით თვალში კონტაქტი. სახეზე უნდა გქონდეთ ნეიტრალური ან პოზიტიური გამომეტყველება. არ გადააჯვარედინოთ ხელები ან ფეხები. უყურეთ მოსაუბრეს სახეში. იმეცადინეთ თავდაჯერებული სხეულის ენის გამოყენებაზე სარკის წინ ან მეგობართან. გარდა იმისა, რასაც ამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა და სახის გამომეტყველება.
• აკონტროლეთ ემოციები. კონფლიქტი ბევრი ადამიანისთვის რთულია. შესაძლოა გაბრაზდეთ ან იმედგაცრუებულად იგრძნოთ თავი ან ტირილი მოგინდეთ. ყველა ეს შეგრძნება ჩვეულებრივია. თუ ემოციები გჭარბობთ, შეძლებისდაგვარად ცოტა მოითმინეთ. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ისუნთქეთ მშვიდად. შეინარჩუნეთ მშვიდი და მტკიცე ხმა.
• დაიწყეთ მცირედით. ჯერ ივარჯიშეთ ნაკლებად სარისკო სიტუაციებზე, მაგალითად, იყავით თავდაჯერებული მეგობართან. შეაფასეთ თქვენი თავი და იფიქრეთ მიდგომის ცვლილებაზე, თუ ეს საჭიროა.
• თავდაჯერებულობის სწავლას სჭირდება დრო და პრაქტიკა. ერთ ღამეში ეს არ ხდება. თუ მაინც ძალიან ბრაზდებით, რის გამოც ხდებით აგრესიული, ისწავლეთ ბრაზის მართვის ტექნიკები.
📌თუ მონდომების მიუხედავად, პროგრესს ვერ ამჩნევთ, მიმართეთ და გაესაუბრეთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს. ის დაგეხმარებათ დაძლიოთ ბრაზი, შფოთვა, სტრესი ან შიში.
გამმას გუნდი გისურვებთ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას!