დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მეტყველების განვითარება

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს აქვთ ენისა და მეტყველების განვითარების სხვადასხვა სიძნელეები.

ენის განვითარება
კვლევებით დადგენდა, რომ ამ სინდრომის მქონე პირებს სამეტყველო ენის ნაწილებიდან (მორფოლოგია, სინტაქსი, სემანტიკა, პრაგმატიკა) შედარებით უკეთ აქვთ განვითარებული სემანტიკა (სიტყვების მარაგი) და პრაგმატიკა (ენის სოციალურ-ინტერაქციული გამოყენება). ისინი კომუნიკაციის დასამყარებლად ეფექტურად იყენებენ სოციალურ უნარებს, ჟესტებს, სახის ექსპრესიას.
მათ ძირითად სირთულეს მორფო-სინტაქსი (გრამატიკა) წარმოადგენს (დროების ფორმირება, სუფიქს-პრეფიქსები, მოკლე წინადადებები). ისინი უფრო მეტს აღიქვამენ, ვიდრე გადმოსცემენ.

როგორ დავეხმაროთ ენის განვითარებაში?
• რადგან მხედველობითი აღქმა მათი ძლიერი მხარეა, გამოიყენეთ ვიზუალური დახმარება, მაგ: სიტყვებთან და სურათებთან ერთად ასოების წაკითხვა.

მეტყველების განვითარება
დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია რთულად გასაგები მეტყველება და სამეტყველო კუნთების კოორდინაციის დარღვევა. რთულად გასაგები მეტყველება შეიძლება გამოწვეული იყოს ბგერების არტიკულაციის სირთულით, პირ-სახის კუნთების დაბალი ტონუსით, ფონოლოგიური პრობლემებით (მაგ: ბოლო ბგერების გამოტოვება) და მეტყველების მოტორული დაგეგმვის სირთულით. მეტყველების სწორ განვითარებას ხელს უშლის სმენის პრობლემები და დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები (ჰიპოტონია, პატარა ზომის პირის ღრუ, მაღალი სასა, სუნთქვის სირთულეები).

როგორ დავეხმაროთ მეტყველების განვითარებაში?
• ასწავლეთ ბგერების ერთმანეთისგან განსხვავება. ბგერების განსხვავებამდე უნდა შეძლოს არასამეტყველო (ტელევიზორის, ზარის, ცხოველების) ხმების სამეტყველოსგან გარჩევა. სანამ ბავშვი ბგერების და ბგერათა ჯგუფის გამოთქმას დაიწყებს, მას ეს ბგერები კარგად უნდა ჰქონდეს აღქმული, რაც მოითხოვს წინასწარ გავარჯიშებას „ბგერების მოსმენაზე“.
• შეეცადეთ წაახალისოთ ღუღუნი.
• განამტკიცეთ ორი ბგერის კავშირი (ხმოვანი და თანხმოვაბი, მაგ: „ბა“)
• მოუსმინეთ თუ რომელ ბგერებს წარმოთქვამს ბავშვი და განატკიცეთ ისინი.
• გამოიყენეთ ვიზუალური დახმარება ბგერების და სიტყვების დასწავლის დროს.

რა თამაშები შეიძლება გამოვიყენოთ ახალი უნარების სწავლებისთვის?
• ყველა თანხმოვანი ბგერის შესაბამისად უნდა გქონდეთ ამ ბგერით დაწყებული არსებითი სახელის სურათიანი ბარათი. ეს თამაში კარგია ბგერების გასარჩევად. თქვენ აჩვენებთ ბარათს, ამბობთ სიტყვის პირველ ბგერას და ელოდებით. თუ ბავშვი დაასახელებს ბგერას, აუცილებლად წაახალისეთ.
• ეთამაშეთ ბავშვს იმ სამეტყველო ბგერებით, რომლებსაც ის ამბობს, თუ მაგალითად ის ამბობს „მმმმ“-ს, თქვენც გაიმეორეთ „მმმმ“. დაუკავშირეთ ბგერები ყოველდღიურ სიტყვებს ან ცხოველების ხმებს, მ-მუუ, ბ-ბუ, დ-დედა, მ-მამა.
• მეტყველებისთვის აუცილებელი ისეთი ორალურ-მოტორული უნარები, როგორიცაა ტუჩების დახურვა, ტუჩების გაწევა და ტუჩების მომრგვალება, შეიძლება განვავითაროთ შემდეგი სავარჯიშოებით:
o ბუშტების გაბერვა, სასულე ინსტრუმენტებში ჩაბერვა;
o სანთლის ჩაქრობა;
o სხვადასხვა დიამეტრის სითხის საწრუპით ჰაერის შესუნთქვა;
o სხვადასხვა სიმკვრივის საკვების ღეჭვა;
o დამხმარე საღეჭი მილით ვარჯიში.

 

მასალა მოამზადეს ენისა და მეტყველების თერაპევტებმა: ანკა შამათავამ და თიკო ანთიძემ