„დასწავლილი უმწეობა“ ბავშვებში

ბავშვის განვითარება ახალი უნარების შეძენის და უწყვეტი დასწავლის პროცესია. წარმატებით გამოწვეული სიხარული და უფროსების მხრიდან წახალისება მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი უნარების დასწავლის პროცესში. ეს ეხმარება ბავშვს შეინარჩუნოს მოტივაცია და ეფექტურად გაართვას თავი გარემოში არსებულ გამოწვევებს. მხარდამჭერი გარემო ზრდის ბავშვის თავდაჯერებულობას და სიახლეებისაკენ სწრაფვას.
გარემოში, სადაც ადამიანს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი, შესაძლოა დაეუფლოს უმწეობის განცდა და შეწყვიტოს მოქმედება. საბოლოოდ კი ადამიანი იწყებს მსგავს სიტუაციებზე თავის არიდებას. ისე იქცევა, თითქოს სრულიად უმწეოა შეცვალოს არსებული მდგომარეობა. ამ უმოქმედობამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს იქამდე რომ ხელიდან გაუშვას მისთვის სასიკეთო ცვლილებები და სიახლეები. მაშინაც კი როდესაც გამოსავალი აშკარაა, ინიციატივის ნაკლებობის გამო ადამიანი არაფერს არ აკეთებს და უმწეოდ იქცევა.
ეს „დასწავლილი უმწეობა“ ხშირ შემთხვევაში იწყება ბავშვობის ასაკში. მის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს არასანდო აღმზრდელმა ან მზრუნველობის ნაკლებობამ უკვე ჩვილობის ასაკში. დასწავლილი უმწეობა ხშირად აქვთ იმ ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში ან ჰყავთ ნაკლებად მზრუნველი დედები. დასწავლილი უმწეობის განვითარებას ხელს უწყობს უფროსების მხრიდან მათ ქცევაზე რეაქციის არქონა, წახალისებისა და მხარდაჭერის ნაკლებობა. ასევე, იმ დედებმა რომლებიც თავს გრძნობენ უმწეოდ, შეუძლიათ გადასცენ ეს თვისება შვილებს.
თუ ბავშვს ესაჭიროება დახმარება, მაგრამ არავინ არ მოდის მის დასახმარებლად, უჩნდება განცდა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი შეცვლის მის მდგომარეობას. ასეთი სიტუაციების განმეორებამ შეიძლება ზრდასრულობის ასაკში მიიყვანოს იმ აზრამდე, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება მისი პრობლემების მოსაგვარებლად. ამავე დროს ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია. ბავშვს უჩნდება მოლოდინი, რომ მომავალი მოვლენებიც ისეთივე უმართავი იქნება, როგორც წარსულში მომხდარი ფაქტები. ამის გამო ის საერთოდ წყვეტს მათი გადაჭრისკენ მიმართულ მოქმედებას.
ბავშვობის ასაკში გამოვლენილი დასწავლილი უმწეობის დროს ბავშვი:
  • ვერ ახერხებს დახმარების თხოვნას;
  • ფრუსტრირებულია (იმედგაცრუებულია);
  • ადვილად ნებდება;
  • არ არის მონდომებული;
  • აქვს დაბალი თვითშეფასება;
  • პასიურია;
  • მოტივაცია დაქვეითებულია;
  • აქვს მნიშვნელოვანი საქმის შესრულების გადადების ჩვევა;
  • შესუსტებული აქვს სირთულეების გადაჭრის უნარი.
როდესაც ბავშვი გრძნობს რომ მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები მის კონტროლს არ ექვემდებარება, უჩნდება იმის მოლოდინი რომ მომავალშიც ვერ გააკონტროლებს მოვლენებს. სჯერა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი შეცვლის მოვლენათა მიმდინარეობას და რჩება იფიქროს რომ არც კი ღირს რაიმეს მცდელობა.
შეძენილი უმწეობის ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტურად ორგანიზებულმა სასწავლო გარემომაც. ბავშვს, რომელიც ცდილობს კარგად ისწავლოს, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოა, საბოლოოდ შეიძლება გაუჩნდეს განცდა რომ არ შეუძლია თავისი ნიშნებისა და შედეგების კონტროლი. ბავშვი „რწმუნდება“ რომ მის აქტივობას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და წყვეტს მცდელობას, რის გამოც მისი სასკოლო შეფასება კიდევ უფრო ზარალდება. ამ სირთულეებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი ცხოვრების სხვა სფეროებზეც. დაბალი აკადემიური მოსწრების გამო ბავშვი ფიქრობს, რომ რასაც არ უნდ აკეთებდეს არაფერია სწორი და სასარგებლო. ამის გამო კარგავს მოტივაციას, სცადოს ბედი სხვა სფეროებში.
დასწავლილი უმწეობის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:
ყველა ბავშვს არ უვითარდება დასწავლილი უმწეობა ან დეპრესია არაკონტროლირებად მოვლენებზე. მხოლოდ განსაზღვრული ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები ზრდიან დასწავლილი უმწეობის განვითარების რისკს ბავშვებში. თუ თვლით რომ თქვენი შვილი დეპრესიაშია ან ავლენს შეძენილი უმწეობის ნიშნებს ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, საჭიროა ის შეაფასოს სპეციალიტმა. კვლევებით დასტურდება რომ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საშუალებით შესაძლებელია დასწავლილი უმწეობის ცვლილება „დასწავლილი ოპტიმიზმით“. ხდება ბავშვისათვის ნეგატიურ ფიქრებთან შეწინააღმდეგების, სოციალური უნარების განვითარებისა და პრობლემის გადაწყვეტის გზების სწავლება.
გისურვებთ წარმატებას!
მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.
გამოყენებული ლიტერატურა: