ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება კოვიდ-19-ის დროს

კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემია იწვევს შფოთვას როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში. მშობლების შფოთვის ერთ-ერთი მიზეზია ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული ყოველდღიური დროის ზრდა.
დიდები და ბავშვები ერთნაირად იყენებენ ტექნოლოგიებს სწავლის, სამუშაოს, გართობისა და სოციალური კავშირებისათვის. სოციალური ქსელების გამოყენება – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რამდენად არიან ბავშვები გატაცებულნი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
რას ნიშნავს დიდი დროის გატარება ელექტრონულ მოწყობილობასთან?
რა გარანტია გვაქვს რომ ჩვენი შვილი უსაფრთხოდ იყენებს სოციალურ ქსელებს?
შეიცვალა თუ არა ტექნოლოგიების გამოყენების წესები ახალ დროებაში?
უკანასკნელ წლებში ელექტრონული მოწყობილობების/გაჯეტების და შესაბამისად სოციალური ქსელების გამოყენება გაიზარდა. ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. შესაბამისად ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც სოციალური კავშირები, ინფორმაცია და გართობა სოციალური ქსელების საშუალებით მარტივად ხელმისაწვდომია ყველასათვის.
არსებობს ბევრი დადებითი მხარე, რომლებსაც სოციალური ქსელები სთავაზობენ ბავშვებს, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობის სიმარტივე, ახალი ინფორმაციის გაცნობა, ცოდნის გაღრმავება და თვალსაწიერის/ჰორიზონტის გაფართოება. მაგრამ სხვა საქმიანობების მსგავსად, სოციალურ ქსელებთან წვდომასაც აქვს უარყოფითი მხარეები, მით უფრო თუ მათი გამოყენება გადაჭარბებულად ხდება.
პანდემიის გამო სოციალური ქსელების გამოყენება გახდა ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბავშვები სოციალურ ქსელს იყენებენ როგორც მეგობრებთან დაკავშირების ან გართობის ერთადერთ საშუალებას კარანტინის დროს. სარგებლის მიუხედავად სოციალური ქსელების ჭარბმა გამოყენებმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და სირთულეები.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
სოციალური ქსელის ჯანსაღი გამოყენება – ბავშვის მიერ სოციალური ქსელების გამოყენების მონიტორინგი მშობლებისთვის რთულია, თუმცა საბედნიეროდ სოციალური ქსელების პასუხისმგებლობით გამოყენების სწავლება ბავშვებისათვის შესაძლებელია ისევე, როგორც სხვა რთულ სიტუაციებთან გამკლავების ჩვევების გამომუშავება.
სოციალური ქსელის დაბალანსებული გამოყენება – ყურადღებით გაიაზრეთ რა როლს თამშობს სოციალური ქსელების გამოყენება თქვენი შვილის და თქვენი ოჯახის ცხოვრებაში. გადაანაწილეთ დრო რომელსაც თქვენ და თქვენი შვილები უთმობთ ელექტრონულ მოწყობილობას და სხვა ყოველდღიურ საქმიანობას (ეს შეიძლება განსხვავდებოდეს იმ წესებისაგან, რაც პანდემიამდე პერიოდში დააწესეთ). ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ სოციალურ ქსელებში გატარებულმა დრომ არ შეუშალოს ხელი ძილის ნორმალურ რეჟიმს, ფიზიკურ ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელ სხვა აქტივობებს. შეზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო როგორც თქვენ, ასევე თქვენი ოჯახის წევრებმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნათ ელექტრონული მოწყობილობისგან თავისუფალი ზონები. ელექტრონული მოწყობილობისაგან თავისუფალი სივრცე შეიძლება იყოს საძინებელი ან სამზარეულო. დრო, როდესაც არ მოხდება ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება შეიძლება იყოს სადილამდე, სადილის შემდეგ ან ძილის წინ. ელექტრონული მოწყობილობის გამოყენების შემცირებისთვის სასარგებლოა ოჯახის ყველა წევრმა თავისი მოწყობილობა ღამის განმავლობში დასამუხტად გაიტანოს სამზარეულოში და არ შეინახოს საძინებელში. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ოჯახი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას სოციალური ქსელების გამოყენების შემცირების მიზნით, გამორთეთ Wi-Fi წინასწარ შერჩეულ დროს (მაგ.: 21.00 საათზე).
იყავით მისაბაძი მაგალითი – თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბავშვებისთვის სოციალური ქსელების ეფექტური და ბალანსირებული გამოყენების კარგი მოდელი. აუცილებლად დაიცავით ის წესები, რაც დააწესეთ თქვენი შვილისთვის იმასთან დაკავშირებით თუ როდის და როგორ არის შესაძლებელი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება. მაქსიმალურად შეეცადეთ ეკრანისგან თავისუფალი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად. კრიზისის დროს ეკრანთან გატარებული დრო შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვეულებრივ პერიოდებში მისთვის დათმობილი დროისაგან, მაგრამ ეს ნორმალურია. მნიშვნელოვანია რომ თქვენ ინფორმაციის მოხმარების პროცესში გააკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი და არ ჩაერთოთ სოციალური ქსელების არაფრისმომცემ გამოყენებაში. თუ თქვენ (როგორც ბევრ სხვას) გიჭირთ უარი თქვათ თქვენი სოციალური ქსელის სიახლეების გვერდის გაცნობისაგან, განიხილეთ ეს თქვენ შვილებთან ერთად. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალურ ქსელებზე საოჯახო საუბრების დასაწყებად. განიხილეთ, რა სტრატეგიები არსებობს სოციალური ქსელებისგან დისტანცირებისათვის მოცემულ მომენტში.
ასწავლეთ თქვენ შვილს, როგორ იყოს კარგი მეგობარი და ამასთან ერთად დარჩეს უსაფრთხოდ. განიხილეთ, როგორ უნდა გამოიყენოს სოციალური ქსელები პასუხისმგებლობით. აუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ზრდილობიანი საუბარი და კეთილგანწყობა სხვა მომხმარებლების მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ისინი ფიზიკურად ახლოს არ არიან.
დაეხმარეთ თქვენს შვილს გაიაზროს და გააცნობიეროს, რომ რასაც ის აკეთებს და ამბობს საკუთარ თავზე სოციალურ ქსელებში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვს და მოზარდს მივაწოდოთ ინფორმაცია კიბერდაშინებაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელს მიმართოს დახმარებისათვის თუ მსგავსი რამ მოხდა.
ესაუბრეთ თქვენს შვილებს იმაზეც, რომ რასაც ხედავენ სოციალურ ქსელებში, ყოველთვის არ ასახავს სიმართლეს. სოციალური ქსელები გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად, მაგრამ შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს დეზინფორმაციისათვის, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება კრიზისის დროს. ასწავლეთ ბავშვებს რამდენად მნიშვნელოვანია დაეყრდნოთ პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის სანდო წყაროებს. ერთად დაათვალიერეთ მათი სოციალური ქსელები, რათა შეძლონ დაფიქრება და იმ ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, რასაც ისინი ეცნობიან პანდემიის შესახებ, ასევე, რამდენად მოქმედებს მათ ემოციებზე და ქცევებზე სენსაციური პოსტები. დაეხმარეთ გახდნენ სოციალური ქსელებში არსებული ინფორმაციის კრიტიკული მომხმარებელი.
როდის მიმვმართოთ დახმარებას – დაფიქრდით იმაზე თუ როდის არის საჭირო მივმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. სპეციალისტთან მიმართვა მნიშვნელოვანია, თუ სოციალური ქსელების გამოყენება უარყოფითად აისახება თქვენი შვილის ფუნქციონირებაზე ან იწვევს კონფლიქტებს თქვენ ოჯახში. თუ თქვენ ხედავთ რომ, თქვენი შვილი გადაჭარბებულად მოიხმარს თავის ტელეფონს, ვერ ახერხებს შეჩერებას და სოციალური ქსელების ან ეკრანის გამოყენება დამანგრევლად მოქმედებს მასზე. თუ არის კიბერდაშინება ან დამცირება ან სოციალური ქსელების გამოყენება ხელს უშლის ძილის რეჟიმს, განიხილეთ დახმარების შესაძლებლობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ერთად შესაძლებელია შემუშავდეს „დროის კონტროლის გეგმა“ თქვენი ოჯახისათვის. მსგავსი გეგმები ხშირად ეფექტურია, როდესაც მათი შედგენა ხდება მშობლებთან, ბავშვთან ან მოზარდთან შეთანხმებით.
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.