კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანებში

 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბევრ ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, რაც ამ პირებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში. ეს პრობლემები მოიცავს კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევებს, ეგზემას, ალერგიას, ასთმას, ყურისა და სასუნთქი სისტემის ინფექციებს, თავის ტკივილს და გულყრებს.

არსებობს სარწმუნო მოსაზრება, რომ ე.წ. ,,აუტისტური ქცევები’’ შეიძლება არ იყოს პათოფიზიოლოგიურად დაკავშირებული აუტიზმის სპექტრის დარღვევასთან ანუ შეცვლილი ქცევა არ იყოს აუტიზმის მიმდინარეობის გამოვლინება. ამასთან დაკავშირებით ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ დაადგინა, რომ ,,ამ ადამიანებზე მზრუნველმა პერსონალმა უნდა გააცნობიეროს რომ აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტებში პრობლემური ქცევა შეიძლება იყოს თანმხლები სამედიცინო მდგომარეობის პირველადი ან ერთადერთი გამოვლინება’’.

აუტიზმის მქონე პირებში ქცევის გაუარესებას ხშირად იწვევს სომატური და არა ფსიქიკური დარღვევები, რომელთა დადგენა და მკურნალობაც შესაძლებელია სათანადო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის დახმარებით.

ამერიკის პედიატრთა აკადემია ექიმებს მოუწოდებს ყურადღებით მოუსმინონ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მშობლებს, რადგან ისინი ხშირად იძლევიან  დიაგნოზის დასმისათვის ღირებულ ინფორმაციას. თუმცა, ამ შემთხვევაში ექიმიც და მშობელიც შეიძლება წააწყდეს კომუნიკაციურ ბარიერს და ვერ მიიღოს სათანადო ინფორმაცია პაციენტისგან და შესაბამისად, შვილისგან.

ამჟამად კარგადაა შესწავლილი, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის დროს სპეციფიკური სამედიცინო პრობლემები დაკავშირებულია მდგომარეობის სიმძიმესთან და ამ თანმხლები პრობლემების მოგვარება იწვევს ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

სხვადასხვა კვლევებით კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები გვხვდება აუტიზმის მქონე ბავშვთა 70-80%-ში, მაშინ როცა ტიპური განვითარების ბავშვებში სიხშირე მხოლოდ 20-30%-ია. ის შეიძლება დაუკავშირდეს პრობლემურ ქცევას, სენსორულ ჰიპერმგრძნობელობას, არეულ ძილს, შფოთვას და გაღიზიანებულობას. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით აუტიზმის მქონე ბავშვებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ჩივილები აღინიშნებათ 7-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე იმავე ასაკის დანარჩენ ბავშვებში.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევებიდან, რომლებიც ხშირად თან ახლავს აუტიზმს, აღსანიშნავია ფაღარათი, შეკრულობა, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (კუჭის შიგთავსის უკუდენა საყლაპავ მილში), საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტი და დისბაქტერიოზი.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ჩივილების მჭიდრო კავშირი აუტიზმის სიმძიმესთან მიუთითებს რომ მძიმე შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებიც უფრო მძიმეა. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალი ფხიზლად უნდა იყოს აუტიზმის მქონე პაციენტებში კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევათა ქცევით გამოვლინებებზე, რადგან ეს დარვევები შეიძლება ატიპურად მიმდინარეობდეს და მჟღავნდებოდეს  მხოლოდ ქცევის ცვლილების სახით.

აუტიზმის მქონე ადამიანებში გავრცელებული კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემათა ატიპური პრეზენტაცია შეიძლება მოიცავდეს გარეგნულად ,,აუტისტურთან’’ კავშირში არმყოფი ქცევების გაჩენას ან არსებულის გაუარესებას, როგორებიცაა თვითდაზიანება, გაღიზიანებადობა, აგრესია, უცნაური პოზა ან მოძრაობები. ამ შემთხვევაში, მიუთითებენ შესაბამისი გამოკვლევების საჭიროებაზე, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი.

აუტიზმის მქონე ბავშვებში ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ანალიზი ხშირად ავლენს დისბაქტერიოზს და იმ ბაქტერიების არსებობას კუჭ-ნაწლავის სისტემაში, სადაც ისინი არ უნდა სახლობდნენ. აღმოჩენილია, რომ აუტიზმის მქონე პაციენტების სისხლში ბაქტერიული ტოქსინების დონე კორელირებს აუტიზმის სიმპტომების სიმძიმესთან. ეს გარემოება შეიძლება აიხსნას ერთის მხრივ, პათოგენური ბაქტერიის სიჭარბით ნაწლავის სანათურში, ხოლო მეორეს მხრივ, ნაწლავის მომატებული გამავლობით, რაც დამახასიათებელია აუტიზმისთვის.

კუჭ-ნაწლავის სისტემის ქრონიკული ანთება და ინფექციები დაკავშირებულია სისხლში მოცირკულირე გარკვეული ნივთიერებების — პროანთებითი ციტოკინების მომატებულ დონესთან, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ქცევაზე.

ყოველივე ზემოთქმული უკეთესად გასაგები იქნება თუ განვიხილავთ ერთ ასეთ მაგალითს:

მარიამი არის 4 წლის გოგონა, რომელსაც აქვს მძიმე აუტიზმი. პედიატრს მიმართა ჩივილით ძილის პრობლემებსა და ქცევის გაუარესებაზე. გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ბავშვის განავალს აქვს მეტად მყრალი სუნი და ხშირად სხვადასხვა კონსისტენციისაა. მარიამის განვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეფერხდა, რაზეც დედა ეჭვობს, რომ შეიძლება ეს იყოს გარკვეული სახის ტკივილთან და არასრულყოფილ ძილთან დაკავშირებული.
გასინჯვით ბავშვს აქვს შეწუხებული გამომეტყველება, ფერმკრთალია, კანი მშრალია, მუცლის მარჯვენა ქვედა მესამედში აღინიშნება მტკივნეულობა. ლაბორატორიული კვლევებით გამოვლინდა ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება (45მმ/სთ-ში) და რკინადეფიციტური ანემია. დაინიშნა გლუტენის, კაზეინის და სოიოს გარეშე კვება. ჩივილები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბავშვს მოუწესრიგდა ძილი, აღდგა ნაწლავთა ნორმალური მოქმედება. გაუმჯობესდა მეტყველება. ერითროციტების დალექვის სიჩქარე 2 თვეში გახდა 25მმ/სთ-ში, 4 თვეში -19მმ/სთ-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ -  9მმ/სთ-ში. 

 ამ ერთი შემთხევით იმის განზოგადება, რომ საკვებიდან გლუტენისა და კაზეინის ამოღება ყველა შემთხვევაში გამართლებულია, არ შეიძლება. ეს მხოლოდ საილუსტრაციო მაგალითად მოვიყვანეთ. ყველა კონკრეტული შემთხვევა განსაკუთრებულია და ინდივიდულურ მიდგომას საჭიროებს.

დასასრულ უნდა ითქვას, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანებში თანაარსებული სამედიცინო პრობლემები უფრო ხშირი და რთული ამოსაცნობია, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში. ეს გარემოება გამოწვეულია ნაწილობრივ კომუნიკაციის უნარის შეზღუდვით და ბუნდოვანი სიმპტომატოლოგიით (პაციენტის ჩივილით), მაგრამ ფართოდ გავრცელებული მცდარი დიაგნოსტირება შედეგია ასევე იმ საყოველთაო მოსაზრებისა, რომ ქცევის დარღვევა ეს ,,სწორედ აუტიზმის ნაწილია’’ და სხვა არაფერი. აუტიზმის თანმხლებ ყველა ზემოაღნიშნულ სამედიცინო პრობლემას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს აუტიზმის მქონე ადამიანთა ქცევაზე, სოციალიზაციაზე, კომუნიკაბელურობაზე, შემეცნებით ფუნქციასა და შეგრძნებით პროცესებზე. ასევე თანდათან აშკარა ხდება, რომ სამედიცინო დარღვევები, რომლებიც საფუძვლად უდევს აუტიზმს, არაა უძრავი ან გარდამავალი, არამედ უმრავლეს შემთხვევაში ქრონიკული ხასიათისაა. თუ მისი დროული ამოცნობა და მკურნალობა არ მოხდა, პრობლემები პროგრესირებს.

იმის გაცნობიერება, რომ ქცევის დარღვევა შეიძლება მიუთითებდეს თანმხლებ სამედიცინო მდგომარეობაზე ხელს შეუწყობს დიაგნოსტირებასა და მკურნალობას და შედეგად, გააუმჯობესებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბევრი ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. იმავდროულად, აუტიზმის თანმხლები სამედიცინო პრობლემების ზუსტად დადგენა და მოგვარება დაეხმარება ოჯახებს უზარმაზარი ემოციური, ფიზიკური და ფინანსური ტვირთის შემცირებაში.

 

მომზადებულია მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრის ცოტნე ბესელიას მიერ.